1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა (შემდგომში – სისტემა) – სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალური პორტალი https://tenders.procurement.gov.ge, რომელიც უზრუნველყოფს ელექტრონული ტენდერის ჩატარებასთან, ასევე მისი ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებას ღია, გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში;

ბ) რეგისტრირებული მომხმარებელი – შემსყიდველი ორგანიზაცია ან შესყიდვებში მონაწილეობის მსურველი/პრეტენდენტი/მიმწოდებელი, რომელიც, დადგენილი წესით, დარეგისტრირდა სისტემაში;

გ) უფლებამოსილი წარმომადგენელი – რეგისტრირებული მომხმარებლის სახელით სისტემაში დადგენილი წესით დარეგისტრირებული (დამატებული) და მოქმედი ფიზიკური პირი;

დ) რეგისტრირებული მომხმარებლის პროფილი (შემდგომში – მომხმარებლის პროფილი) – სისტემაში არსებული რეგისტრირებული მომხმარებლის პროფილი, რომელშიც აისახება მონაცემები რეგისტრირებული მომხმარებლისა და მისი უფლებამოსილი წარმომადგენლების შესახებ;

ე) ელექტრონული ტენდერის ჩატარება – ელექტრონული ტენდერის მეშვეობით გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენისა და მასთან ხელშეკრულების დადების მიზნით შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებათა და ქმედებათა ერთობლიობა;

ვ) სატენდერო პირობები – სატენდერო განცხადებითა და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ინფორმაცია შესყიდვის შესახებ, აგრეთვე შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის მიმართ სატენდერო კომისიის მიერ დადგენილი პირობების/მოთხოვნების ერთობლიობა;

ზ) სატენდერო განცხადება – ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემაში განთავსებული განცხადება, რომელიც შეიცავს ამ წესით განსაზღვრულ ინფორმაციას და არის სატენდერო პირობების ნაწილი;

თ) სატენდერო დოკუმენტაცია – სატენდერო განცხადებას თანდართული დოკუმენტაცია, რომელიც შეიცავს კანონითა და ამ წესით განსაზღვრულ ინფორმაციას და არის სატენდერო პირობების ნაწილი;

ი) სატენდერო წინადადება – ამ წესის მოთხოვნათა დაცვითა და სატენდერო პირობების შესაბამისად, ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების მიზნით, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და სატენდერო წინადადების ფასი, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, შესყიდვის ობიექტის ნიმუში, ექსპერტიზის დასკვნა, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი;

კ) ტექნიკური დოკუმენტაცია – დოკუმენტაცია, რომელიც შეიცავს სატენდერო პირობებით მოთხოვნილ ინფორმაციას პრეტენდენტისა და შესყიდვის ობიექტის შესახებ. ტექნიკურ დოკუმენტაციას პრეტენდენტი ტვირთავს სისტემის შესაბამის ველში;

ლ) სატენდერო წინადადების ფასი (შემდგომში – წინადადების ფასი) – ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული სატენდერო წინადადების ფასი, რომელსაც პრეტენდენტი უთითებს სისტემის შესაბამის ველში;

მ) შესყიდვის ობიექტის ნიმუში (შემდგომში – ნიმუში) – ნიმუში, რომელიც სატენდერო კომისიას, ამ წესის მოთხოვნათა დაცვითა და სატენდერო პირობების შესაბამისად, წარედგინება მატერიალური სახით, ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებული შესყიდვის ობიექტის ან მისი კომპონენტის აღწერის, ასევე მისაწოდებელი საქონლის ან მისი კომპონენტის (მათ შორის, მომსახურებისა და სამუშაოს შემადგენელი საქონლის) სატენდერო პირობებთან და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;

ნ) ექსპერტიზის დასკვნა – ექსპერტის ან საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული დასკვნა, რომლითაც ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობის ეტაპზე უნდა დადასტურდეს ტექნიკურ დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის შესახებ მითითებული ინფორმაციის, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ნიმუშის შესაბამისობას სატენდერო პირობებთან და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან. ექსპერტიზის დასკვნას პრეტენდენტი ტვირთავს სისტემის შესაბამის ველში;

ო) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი – ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული დოკუმენტი, რომლითაც უნდა დადასტურდეს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ წინადადების ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ს პრეტენდენტი ტვირთავს სისტემის შესაბამის ველში;

პ) სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტი – ადმინისტრაციული ორგანოდან წარმოსადგენი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სატენდერო პირობებით მოთხოვნილ ინფორმაციას პრეტენდენტის მდგომარეობის/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები, არსებული ფინანსური და სხვა სახის ვალდებულებები და სხვ.). სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს პრეტენდენტი ტვირთავს სისტემის შესაბამის ველში;

ჟ) ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობის სტატუსი (შემდგომში – ტენდერის სტატუსი) –შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის ქმედების შედეგად ან სისტემის მეშვეობით ელექტრონული ტენდერისთვის მინიჭებული ამ პუნქტის „რ“–„ჩ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სტატუსი, რომელიც ასახავს ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობის კონკრეტულ ეტაპს. ელექტრონულ ტენდერს ტენდერის სტატუსი ენიჭება ქრონოლოგიურად, ამ პუნქტის „რ“–„ჩ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მხოლოდ ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობის წინა ეტაპის სრულყოფილად გავლის შემდგომ;

რ) გამოცხადებულია – ტენდერის სტატუსი, რომელიც მოიცავს სატენდერო პირობების გამოქვეყნებიდან ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღების დაწყებამდე ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობის ეტაპს, რა დროსაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, გაეცნოს სატენდერო პირობებს, ხოლო სატენდერო კომისიას – ამ წესის შესაბამისად, შეიტანოს ცვლილება სატენდერო პირობებში (გარდა ელექტრონული ტენდერის ჩატარების მეთოდისა და შესყიდვის ობიექტისა). ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტენდერის სტატუსი ელექტრონულ ტენდერს ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით;

ს) წინადადებების მიღება დაწყებულია – ტენდერის სტატუსი, რომელიც მოიცავს ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობის ეტაპს, რა დროსაც შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს/პრეტენდენტს უფლება აქვს, წარადგინოს სატენდერო წინადადება და მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ ვაჭრობაში. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტენდერის სტატუსი ელექტრონულ ტენდერს ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით;

ტ) წინადადებების მიღება დასრულებულია – ტენდერის სტატუსი, რომელიც მოიცავს ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობის ეტაპს ელექტრონული ვაჭრობის ძირითადი დროის ან, არსებობის შემთხვევაში, დამატებითი რაუნდების დასრულებიდან ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „შერჩევა-შეფასება“ მინიჭებამდე. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტენდერის სტატუსი ელექტრონულ ტენდერს ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით;

უ) შერჩევა-შეფასება – ტენდერის სტატუსი, რომელიც მოიცავს ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობის ეტაპს, რა დროსაც ფასდება პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ნიმუშის, ექსპერტიზის დასკვნის ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა, გარდა ამ წესის მე-40 მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტენდერის სტატუსი ელექტრონულ ტენდერს ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით, მას შემდეგ, რაც შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი სისტემაში ატვირთავს სატენდერო კომისიის შესაბამის სხდომის ოქმს;

ფ) გამარჯვებული გამოვლენილია – ტენდერის სტატუსი, რომელიც ელექტრონულ ტენდერს ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც იგი სისტემაში ატვირთავს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმს, რომლითაც დასტურდება, რომ ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაცია, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ნიმუში, ექსპერტიზის დასკვნა ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი შეესაბამება სატენდერო პირობებს, გარდა ამ წესის მე-40 მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისისა;

ქ) მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება – ტენდერის სტატუსი, რომელიც ელექტრონულ ტენდერს ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც იგი სისტემაში ატვირთავს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმს, რომლითაც დასტურდება, რომ გამარჯვებული პრეტენდენტის სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში) შეესაბამება სატენდერო პირობებს და სატენდერო კომისია მიიწვევს მას ხელშეკრულების დასადებად, გარდა ამ წესის მე-40 მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისისა;

ღ) ხელშეკრულება დადებულია – ტენდერის სტატუსი, რომელიც ელექტრონულ ტენდერს ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც იგი სისტემაში ატვირთავს მიმწოდებელთან დადებულ ხელშეკრულებას, აგრეთვე სისტემის შესაბამის ველში მიეთითება მიმწოდებლის სახელწოდება და ხელშეკრულების რეკვიზიტები;

ყ) შეწყვეტილია – ტენდერის სტატუსი, რომელიც ელექტრონულ ტენდერს ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც იგი სისტემაში ატვირთავს ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის შესახებ სატენდერო კომისიის დასაბუთებულ სხდომის ოქმს, რომელშიც მითითებული იქნება ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის მიზეზი და საფუძველი. ელექტრონული ტენდერისთვის ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტენდერის სტატუსის მინიჭება დასაშვებია ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ელექტრონულ ტენდერს მინიჭებული აქვს ტენდერის სტატუსი „ხელშეკრულება დადებულია“, „არ შედგა“ ან „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“;

შ) არ შედგა – ტენდერის სტატუსი, რომელიც ელექტრონულ ტენდერს ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით, მას შემდეგ, რაც ელექტრონულ ტენდერს მიენიჭა ტენდერის სტატუსი „წინადადებების მიღება დასრულებულია“ და ამ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა არც ერთ პრეტენდენტს არ მიუღია;

ჩ) დასრულებულია უარყოფითი შედეგით – ტენდერის სტატუსი, რომელიც ელექტრონულ ტენდერს ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით, მას შემდეგ, რაც ელექტრონულ ტენდერში მონაწილე ყველა პრეტენდენტი ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებამდე უარს იტყვის სატენდერო წინადადებაზე ან ელექტრონულ ტენდერში მონაწილე ყველა პრეტენდენტი მიიღებს დისკვალიფიკაციას;

ც) ტენდერის საბოლოო სტატუსი – ტენდერის სტატუსი „ხელშეკრულება დადებულია“, „შეწყვეტილია“, „არ შედგა“ ან „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“;

ძ) ხელშეკრულების მიმდინარეობის სტატუსი (შემდგომში – ხელშეკრულების სტატუსი) – შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის ქმედების შედეგად ან სისტემის მეშვეობით ხელშეკრულებისთვის მინიჭებული ამ პუნქტის „წ“–„ხ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სტატუსი, რომელიც ასახავს ხელშეკრულების მიმდინარეობის კონკრეტულ ეტაპს;

წ) მიმდინარე ხელშეკრულება – ხელშეკრულების სტატუსი, რომელიც ასახავს ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობას. ეს სტატუსი ხელშეკრულებას ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით, მას შემდეგ, რაც ელექტრონულ ტენდერს მიენიჭება ტენდერის სტატუსი „ხელშეკრულება დადებულია“;

ჭ) შესრულებული ხელშეკრულება – ხელშეკრულების სტატუსი, რომელიც ხელშეკრულებას ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც სისტემაში აიტვირთება ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და აისახება საბოლოო ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია;

ხ) შეუსრულებელი ხელშეკრულება – ხელშეკრულების სტატუსი, რომელიც ხელშეკრულებას ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც სისტემაში აიტვირთება ხელშეკრულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და აისახება საბოლოო ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში);

ჯ) ელექტრონული ვაჭრობა – ელექტრონული ტენდერის შემადგენელი პროცედურა, რომლის დროსაც პრეტენდენტს შეუძლია შეამციროს წინადადების ფასი ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების მოპოვების მიზნით. ელექტრონული ვაჭრობა მოიცავს ძირითად დროსა და დამატებით რაუნდებს. ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში ელექტრონული ტენდერი შესაძლებელია არ მოიცავდეს ელექტრონული ვაჭრობის დამატებით რაუნდებს;

ჰ) ელექტრონული ვაჭრობის ძირითადი დრო (შემდგომში – ძირითადი დრო) – ელექტრონული ვაჭრობის შემადგენელი პერიოდი, რომელიც იწყება ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებისთანავე და გრძელდება სატენდერო განცხადებაში მითითებული სატენდერო წინადადებების მიღებისთვის განკუთვნილი ვადის დასრულებამდე;

ჰ1) ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდები (შემდგომში – დამატებითი რაუნდები) – ელექტრონული ვაჭრობის შემადგენელი პერიოდი – სამი დამატებითი რაუნდი, რომელიც იწყება ძირითადი დროის დასრულებიდან ხუთი წუთის გასვლისთანავე და სრულდება ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებამდე. დამატებით რაუნდებს შორის იმართება ორწუთიანი შესვენება. თითოეულ დამატებით რაუნდში პრეტენდენტს უფლება აქვს, მხოლოდ ერთხელ შეამციროს წინადადების ფასი, რისთვისაც თითოეულ პრეტენდენტს განესაზღვრება ორი წუთი;

ჰ2) სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის ელექტრონული გარანტია (შემდგომში – ელექტრონული გარანტია) – სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, პრეტენდენტის მიერ სააგენტოსთვის სისტემის მეშვეობით წარდგენილი გარანტირების მექანიზმი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 1%-ის ოდენობით;

ჰ3) ელექტრონული გარანტიების რეესტრი – საბანკო დაწესებულების ან/და სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ გაცემული ელექტრონული გარანტიების მონაცემთა ბაზა;

ჰ4) წინადადების ფასის კლების ბიჯი (შემდგომში – ბიჯი) – სატენდერო განცხადებაში მითითებული თანხა შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 0,4%-დან 2%-ის ოდენობით;

ჰ5) CPV კოდი – „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით გათვალისწინებული კლასიფიკატორის 8-ნიშნა კოდი;

ჰ6) პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება – დანართი №2-ით განსაზღვრული მომსახურებისა და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, საცხებ-საპოხი მასალის ერთეულის ღირებულება/ერთეულების სავარაუდო ჯამური ღირებულება;

ჰ7) პრეისკურანტის საბოლოო ღირებულება – გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული დანართი №2-ით განსაზღვრული მომსახურებისა და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, საცხებ-საპოხი მასალის ერთეულის ღირებულება/ერთეულების საბოლოო ჯამური ღირებულება;

ჰ8) შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება – ელექტრონული ტენდერის პრეისკურანტის საფუძველზე ჩატარების შემთხვევაში, გამარჯვებულ პრეტენდენტთან დასადები ხელშეკრულების ღირებულება, რომელიც მითითებულია სატენდერო განცხადების შესაბამის ველში;

ჰ9) სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო;

ჰ10) საბჭო – კანონის 23-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო.

2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში, ასევე, ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, კანონის საფუძველზე გამოცემულ სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ სხვა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებშ