1. სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია:
ა) დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც აფერხებს სამინისტროს მუშაობას და ლახავს სამინისტროს ავტორიტეტს;
ბ) გაუფრთხილდეს სამსახურებრივ მოწმობას და გამოიყენოს კეთილსინდისიერად, მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის და არა რაიმე უპირატესობის მოსაპოვებლად;
გ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის დაკარგვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის საიარაღო განყოფილებასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოს;
დ) წესრიგში ჰქონდეს სამუშაო ადგილი, დაიცვას სისუფთავე სამინისტროს შენობაში და მის ტერიტორიაზე.
2. სამინისტროს მოსამსახურეები ვალდებულნი არიან მოუფრთხილდნენ სამსახურებრივ მოწმობას და არ დაუშვან მისი დაკარგვა, რაც შეიძლება გახდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი. სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია სამსახურებრივი მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოს და სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში მოხსენებით ბარათთან ერთად წარმოადგინოს ცნობა მოწმობის დაკარგვის შესახებ.
3. დაუშვებელია სამინისტროს მოსამსახურის მიერ სამუშაო საათებში კომპიუტერული თამაში და ინტერნეტის რესურსების არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენება.
4. სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია სამუშაო დროის დასრულების შემდეგ გასაღებით დაკეტოს სამუშაო ოთახის კარი.
5. სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს მობილურ სატელეფონო კავშირზე.
6. სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლის შემთხვევაში წინასწარ, მაგრამ გასვლამდე არანაკლებ 10 დღისა, წერილობით აცნობოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა. გადაუდებელ შემთხვევაში სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლის შესახებ, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით, დაუყოვნებლივ შეატყობინოს წერილობით სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, ხოლო ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლის შესახებ, სატელეფონო ზარის ან მოკლეტექსტური შეტყობინების გზით აცნობოს უშუალო უფროსს, რომელიც აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.
7. გადაუდებელია შემთხვევა, რომელიც დაკავშირებულია:
ა) სამსახურებრივ მივლინებასთან;
ბ) ახლო ნათესავის გარდაცვალებასთან;
გ) მკურნალობასთან/ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევასთან;
დ) სხვა გარემოებებთან, როდესაც ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდება ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დაცვა.
8. სამინისტროს მოსამსახურე, რომელიც გადაუდებელი შემთხვევის საფუძველზე იმყოფებოდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ ვალდებულია, დაბრუნების შემდგომ მოხსენებითი ბარათით აცნობოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლის მიზეზი და იქ ყოფნის ვადა.
9. სამინისტროს მოსამსახურეს ეკრძალება სამსახურში ალკოჰოლური სასმელის მიღება ან ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადება.
10. სამინისტროს მოსამსახურეს ეკრძალება სამორინეში, აზარტულ კლუბში და სათამაშო აპარატების სალონში სათამაშოდ შესვლა.
11. სამინისტროს მოსამსახურეს ეკრძალება სამსახურებრივი ავტომანქანის მართვა ნარკოტიკული ან/და ალკოჰოლური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. ასეთი ქმედება ჩაითვლება დისციპლინურ გადაცდომად (ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტიციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ).
12. სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგანგებო მდგომარეობის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდეს შესაბამის ადგილას, ხოლო ასეთი შეტყობინების მიღების დროს, მოსამსახურის ძირითად საცხოვრებელ ადგილას არყოფნის შემთხვევაში, ქვეყნის საზღვრებს შიგნით ნებისმიერი ადგილიდან – შეტყობინების მიღებიდან შეძლებისდაგვრად უმოკლეს ვადაში.
13. სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, სამინისტროს გენერალურ ინსპექციას აცნობოს:
ა) მის მიერ იმ სამართალდარღვევათა ჩადენის შესახებ, რაც დაკავშირებულია საზოგადოებრივი წესრიგის უხეშ ხელყოფასთან, ცეცხლსასროლი იარაღის დადგენილი წესის გარეშე გამოყენებასთან;
ბ) დარღვევა, რომელიც ჩადენილია ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში;
გ) დარღვევა, რომელსაც ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების გზით მოჰყვა სპეციალური უფლების ჩამორთმევა.
14. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის ხელმძღვანელი ვალდებულია, მის დაქვემდებარებაში მყოფი სამინისტროს მოსამსახურის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომისა თუ კანონდარღვევის ფაქტების შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.
15. სამინისტროს მოსამსახურეს ეკრძალება სამსახურში გამოცხადდეს დახეული ან/და ღია ფერის შარვლით, ზომაზე მეტად მოკლე (მინიმალური სიგრძე 3-4 სანტიმეტრი მუხლის თავიდან) ქვედაბოლოთი ან/და კაბით, მკვეთრი ფერის სამოსით, ღრმა დეკოლტირებული ან/და გამჭვირვალე პერანგით, ღია ფერის სპორტული ფეხსაცმლითა და წვრილი ზონარის მქონე მკლავის კოფთით.
16. სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასა და სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების განთავსების შენობებში, გარდა სპეციალურად გამოყოფილი მოსაწევი ადგილისა/ადგილებისა, თამბაქოს მოწევა აკრძალულია.
17. სამინისტროს მოსამსახურეს ეკრძალება სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ან წინასწარი შეცნობით პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პირებთან ისეთი ურთიერთობების დამყარება (ოჯახის შექმნა, გარიგების დადება და სხვა), რომელიც არ შედის სამსახურებრივ უფლება-მოვალეობებში, ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ისეთი საგნის ან/და ნივთიერების გადაცემა, ან მისგან ისეთი საგნის ან/და ნივთიერების მიღება (მათ შორის შესანახად), რაც არ უკავშირდება სამსახურებრივ საქმიანობას.
18. სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია თანამდებობიდან გათავისუფლებამდე სამსახურთან დაკავშირებით მისთვის მინდობილი ქონების დასაბრუნებლად მიმართოს ამისათვის დანიშნულ პირს, რომელიც ვალდებულია ჩაიბაროს საქმისწარმოება და ქონება. მოსამსახურის მოვალეობა და პასუხისმგებლობა ამ ქონების დაბრუნებასთან და ჩაბარებასთან დაკავშირებით განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობი