ამ კონვენციაში:

1) „საკონსულო დაწესებულება“ ნიშნავს ნებისმიერ გენერალურ საკონსულოს, საკონსულოს, ვიცე-საკონსულოს ან საკონსულო სააგენტოს;

2) „საკონსულო ოლქი“ ნიშნავს რაიონს, რომელიც საკონსულო ფუნქციების შესასრულებლად გამოეყოფა საკონსულო დაწესებულებას;

3) „საკონსულო დაწესებულების მეთაური“ ნიშნავს პირს, რომელსაც დავალებული აქვს იმოქმედოს ამ სახით;

4) „საკონსულო თანამდებობის პირი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, მათ შორის საკონსულო დაწესებულების მეთაურს, რომელსაც ევალება საკონსულო ფუნქციები ამ სახით შეასრულოს;

5) „საკონსულო მოსამსახურე“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელსაც ევალება საკონსულო დაწესებულების ადმინისტრაციული და ტექნიკური მომსახურება;

6) „მომსახურე პერსონალის მუშაკი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც საკონსულო დაწესებულების მომსახურების მოვალეობას ასრულებს;

7) „საკონსულო დაწესებულების მუშაკები“ ნიშნავს საკონსულო თანამდებობის პირებს, საკონსულოს მოსამსახურეებსა და მომსახურე პერსონალის მუშაკებს;

8) „საკონსულო პერსონალის მუშაკები“ ნიშნავს საკონსულო თანამდებობის პირებს (საკონსულო დაწესებულების მეთაურის გარდა), აგრეთვე საკონსულოს მოსამსახურეებსა და მომსახურე პერსონალის მუშაკებს;

9) „კერძო შინამუშაკი“ ნიშნავს პირს, რომელიც მხოლოდ საკონსულო დაწესებულების მუშაკის კერძო სამსახურშია;

10) „ოჯახის წევრი“ ნიშნავს საკონსულო დაწესებულების მუშაკის მეუღლეს, მის შვილებსა და მშობლებს, ასევე მისი მეუღლის მშობლებს, რომლებიც ცხოვრობენ მათთან ერთად და იმყოფებიან მათ კმაყოფაზე;

11) „საკონსულოს კარ-მიდამო“ ნიშნავს მხოლოდ საკონსულო დაწესებულების მიზნებისათვის გამოყენებულ შენობებს ან შენობათა ნაწილებს და ამ შენობათა ან შენობათა ნაწილების მომსახურე მიწის ნაკვეთს, იმის მიუხედავად, ვისი საკუთრებაა იგი;

12) „საკონსულო არქივები“ ნიშნავს ყველა ქაღალდს, დოკუმენტს, კორესპონდენციას, წიგნს, ფილმს, ვიდეო და აუდიოჩანაწერს, დისკეტსა და საკონსულო დაწესებულების რეესტრებს შიფრებისა და კოდების, კარტოთეკებისა და მათი დაცვისა თუ შენახვისათვის განკუთვნილი ნებისმიერი საავეჯო საგნების ჩათვლით;

13) „წარმდგენი სახელმწიფოს გემი“ ნიშნავს ნებისმიერ გემს, სამხედრო ხომალდების გარდა, რომელსაც აქვს წარმდგენი სახელმწიფოს დროშით ნაოსნობის უფლება და რეგისტრირებულია ამ სახელმწიფოში;

14) „წარმდგენი სახელმწიფოს საჰაერო ხომალდი“ ნიშნავს ნებისმიერ საფრენ აპარატს, სამხედრო საფრენი აპარატების გარდა, რომელიც რეგისტრირებულია წარმდგენ სახელმწიფოში და აქვს უფლება ჰქონდეს ამ სახელმწიფოს ამოსაცნობი ნიშან