„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1586
2017 წლის 27 ივლისი
ქ. თბილისი
„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული:
1. „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ (დანართი №1):
ა) მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სააგენტო განახორციელებს მხოლოდ „რქაწითელისა“ და „კახური მწვანის“ ჯიშების ყურძნის შესაძენად აღებული კრედიტის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას. სააგენტო არ განახორციელებს საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას აღებული კრედიტის იმ ნაწილზე, რომელსაც ბენეფიციარი ვერ ან არ მოახმარს შესაბამისი ყურძნის ჯიშის შეძენას და/ან შეძენილი ყურძნით ვერ ან არ მოხდება სპირტის წარმოება. ინფორმაციას შეძენილი და/ან გადამუშავებული ყურძნის მოცულობისა და ღირებულების შესახებ სააგენტოს აწვდის სსიპ − ღვინის ეროვნული სააგენტო.“;
ბ) მე-6 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. სესხის დაფარვა ხდება ანუიტეტით ან არასტანდარტული გრაფიკით. საფინანსო ინსტიტუტის მიერ ბენეფიციარს უნდა მიეცეს საშეღავათო პერიოდი არანაკლებ ყოველი მომდევნო წლის 15 მაისამდე როგორც ძირითადი თანხის, ასევე საპროცენტო სარგებლის გადახდაზე.“.
2. „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ (დანართი №2):
ა) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღებას ახორციელებს სააგენტო 2017 წლის 7 აგვისტომდე, ელექტრონული ფორმით, საკუთარი ვებგვერდის – www.apma.ge-ის საშუალებით;
ბ) განაცხადის მიერ შესაბამისობის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში პოტენციური ბენეფიციარი ადგენს გადამამუშავებელი საწარმოს შექმნის პროექტს, რასაც წარუდგენს სააგენტოს კრიტერიუმების დაკმაყოფილების თაობაზე შესაბამისი ელექტრონული შეტყობინების მიღებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში. პროექტის შედგენისას პოტენციური ბენეფიციარი ხელმძღვანელობს სააგენტოს მიერ შემუშავებული სტანდარტული კითხვარით („თანადაფინანსების პროექტის“ სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტის იმ პოტენციურ ბენეფიციარებს, რომელთა განაცხადებმა დააკმაყოფილეს შესაბამისობის კრიტერიუმები, თუმცა მათ მიერ სააგენტოში არ იქნა წარდგენილი გადამამუშავებელი საწარმოს შექმნის პროექტი, ელექტრონული შეტყობინების მიღებიდან განესაზღვროთ 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღე აღნიშნული პროექტის სააგენტოში წარსადგენად);“;
ბ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ბანკის მიერ სესხის დამტკიცების სტანდარტულ წერილს ან შესაბამისი ფინანსური რესურსის არსებობის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბიზნესგეგმის საკუთარი რესურსით სრულად თანადაფინანსების შემთხვევაში) „თანადაფინანსების პროექტის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სააგენტოს წერილის მიღებიდან 2 (ორი) თვის ვადაში („თანადაფინანსების პროექტის“ სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტის იმ პოტენციურ ბენეფიციარებს, რომელთაც სააგენტომ გაუგზავნა ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრული წერილი, თუმცა მათ მიერ სააგენტოში არ იქნა წარდგენილი ბანკის მიერ სესხის დამტკიცების სტანდარტული წერილი ან შესაბამისი ფინანსური რესურსის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ბიზნესგეგმის საკუთარი რესურსით სრულად თანადაფინანსების შემთხვევაში), ელექტრონული ან წერილობითი შეტყობინების მიღებიდან განესაზღვროთ ორთვიანი ვადა აღნიშნული დოკუმენტაციის სააგენტოში წარსადგენად);“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი