1. მხარეები ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს წარუდგენენ, „გრევიოს“ მიერ მომზადებული კითხვარის საფუძველზე, ანგარიშს იმ საკანონმდებლო და სხვა ზომების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ კონვენციის დებულებების ამოქმედებას, „გრევიოს“ მიერ განსახილველად.

2. „გრევიო“ პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილ ანგარიშს განიხილავს შესაბამისი მხარის წარმომადგენლებთან ერთად.

3. შეფასების შემდგომი პროცედურები დაყოფილია ეტაპებად, რომელთა ხანგრძლივობას განსაზღვრავს „გრევიო“. ყოველი ეტაპის დასაწყისში „გრევიო“ არჩევს კონკრეტულ დებულებებს, რომელთა საფუძველზეც უნდა ჩატარდეს შეფასების პროცედურა და აგზავნის კითხვარს.

4. „გრევიო“ განსაზღვრავს შესაბამის საშუალებებს მონიტორინგის ამ პროცედურის ჩასატარებლად. კერძოდ, შეფასების ყოველი ეტაპისთვის მას შეუძლია დაამტკიცოს კითხვარი, რომელიც გახდება მხარეთა მიერ კონვენციის განხორციელების შეფასების პროცედურის საფუძველი. ეს კითხვარი ეგზავნება ყველა მხარეს. მხარეები პასუხობენ ამ კითხვარს, ასევე, ინფორმაციის თაობაზე „გრევიოს“ მხრიდან შემოსულ ნებისმიერ მოთხოვნას.

5. „გრევიომ“ ამ კონვენციის განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაცია შეიძლება მიიღოს არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და სამოქალაქო საზოგადოებიდან, ასევე ადამიანთა უფლებათა დამცველი ეროვნული ორგანოებიდან.

6. „გრევიო“ ყურადღებით განიხილავს სხვა რეგიონალური და საერთაშორისო ინსტრუმენტებიდან და ორგანოებიდან მიღებულ ამ კონვენციის მოქმედების სფეროებთან დაკავშირებულ არსებულ ინფორმაციას.

7. შეფასების ყოველი ეტაპისთვის კითხვარის დამტკიცების დროს, „გრევიო“ ყურადღებით განიხილავს მხარეებში მონაცემთა შეგროვებისა და კვლევის არსებულ პროცესებს, როგორც აღნიშნულია ამ კონვენციის მე-11 მუხლში.

8. „გრევიომ“ ამ კონვენციის განხორციელების შესახებ ინფორმაცია შეიძლება მიიღოს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრისგან, საპარლამენტო ასამბლეიდან და ევროპის საბჭოს შესაბამისი სპეციალიზებული ორგანოებიდან, ასევე, სხვა საერთაშორისო ინსტრუმენტების საფუძველზე შექმნილი ორგანოებიდან. ამ ორგანოებში წარდგენილი საჩივრები და მათი განხილვის შედეგები მიეწოდება „გრევიოს“.

9. „გრევიოს“ შეუძლია სუბსიდიარულ საფუძველზე ორგანიზება გაუკეთოს, ეროვნულ ორგანოებთან თანამშრომლობით და დამოუკიდებელი ეროვნული ექსპერტების მხარდაჭერით, ქვეყნებში ვიზიტებს, თუ მოპოვებული ინფორმაცია არასაკმარისია ან მე-14 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამ ვიზიტებისას „გრევიოს“ შეიძლება დახმარება გაუწიონ კონკრეტული დარგების სპეციალისტებმა.

10. „გრევიო“ ამზადებს ანგარიშის პროექტს, რომელიც მოიცავს იმ დებულებების შესრულების ანალიზს, რომლებსაც ეფუძნება შეფასება, ასევე, მის მოსაზრებებს და წინადადებებს იმის თაობაზე, თუ რა გზით შეუძლია შესაბამის მხარეს გამოვლენილი პრობლემების მოგვარება. ანგარიშის პროექტი კომენტარებისთვის ეგზავნება იმ მხარეს, რომელსაც უტარდება შეფასება. ამ კომენტარებს „გრევიო“ ითვალისწინებს თავისი ანგარიშის მომზადების დროს.

11. ყველა მიღებული ინფორმაციისა და მხარეთა კომენტარების საფუძველზე, „გრევიო“ ამზადებს თავის ანგარიშს და დასკვნებს იმის თაობაზე, თუ რა ზომები მიიღო შესაბამისმა მხარემ ამ კონვენციის დებულებების შესასრულებლად. ეს ანგარიში და დასკვნები ეგზავნება შესაბამის მხარეს და მხარეთა კომიტეტს. „გრევიოს“ ანგარიში და დასკვნები, შესაბამისი მხარის საბოლოო კომენტარებთან ერთად, ქვეყნდება მათი დამტკიცებისთანავე.

12. 1-8 პუნქტებში განხილული პროცედურის დარღვევის გარეშე, მხარეთა კომიტეტმა შეიძლება მიიღოს, „გრევიოს“ ანგარიშისა და დასკვნების საფუძველზე, ამ მხარისათვის გამიზნული რეკომენდაციები ა) იმ ზომებთან დაკავშირებით, რომლებიც მიღებული უნდა იქნეს „გრევიოს“ დასკვნების განსახორციელებლად, აუცილებლობის შემთხვევაში, მათი განხორციელების შესახებ ინფორმაციის მიწოდების თარიღის დასადგენად, და ბ) რომელთა მიზანია ამ მხარესთან თანამშრომლობის ხელშეწყობა ამ კონვენციის სათანადო განხორციელებისთვის.

13. თუ „გრევიო“ იღებს სარწმუნო ინფორმაციას, რომელიც მიანიშნებს ისეთ სიტუაციაზე, როდესაც პრობლემები დაუყოვნებელ ყურადღებას მოითხოვს კონვენციის სერიოზული დარღვევის ფაქტების პრევენციისა ან მათი მასშტაბების ან რაოდენობის შეზღუდვის მიზნით, მაშინ მან შეიძლება მოითხოვოს, რომ სასწრაფოდ წარუდგინონ სპეციალური ანგარიში, რომელიც ეხება ქალთა მიმართ ძალადობის სერიოზული, მასობრივი ან განმეორებადი შემთხვევების პრევენციის მიზნით მიღებულ ზომებს.

14. ითვალისწინებს რა შესაბამისი მხარის მიერ წარდგენილ ინფორმაციას, ასევე მის ხელთ არსებულ ნებისმიერ სხვა სარწმუნო ინფორმაციას, „გრევიოს“ შეუძლია დანიშნოს თავისი ერთი ან მეტი წევრი გამოკვლევის ჩასატარებლად და „გრევიოსთვის’’ სასწრაფო ანგარიშის წარსადგენად. მოთხოვნის შემთხვევაში და კონკრეტული მხარის თანხმობით, გამოკვლევა შეიძლება მოიცავდეს მის ტერიტორიაზე ვიზიტს.

15. მე-14 პუნქტში აღნიშნული გამოკვლევის შედეგად მიღებული მონაცემების შესწავლის შემდეგ, „გრევიო“ ამ მონაცემებს გადასცემს შესაბამის მხარეს და, როცა მიზანშეწონილია, მხარეთა კომიტეტსა და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს ნებისმიერ კომენტართან და რეკომენდაციასთან ერთა