1. ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის დადგენილება №51-ით დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ზონირების ნაწილის ზოგადი ზონირების რუკაში გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი გეგმარებითი დოკუმენტების დებულებები და რეკომენდაციები:

- თვითმმართველი ქალაქ ბათუმის სტრატეგიული გეგმა;

- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სივრცითი მოწყობის სქემა.

ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავებისას გამოყენებული უნდა იყოს საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების მოთხოვნები და ანალოგიური გეგმარებითი სამუშაოების გამოცდილება.

2. ქალაქ ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა უნდა მოიცავდეს ბათუმის მთელ ტერიტორიას „ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრების პროექტის განხილვის შესახებ” საქართველოს პარლამენტის დადგენილება თვითმმართველი ბათუმის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ 2008 წლის 16 დეკემბრის №743-რს და 2009 წლის 26 ივნისის №1363 დადგენილებით დამტკიცებულ საზღვრებში.

3. ქალაქ ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, როგორც ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, განსაზღვრავს ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, სივრცითი კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს, აგრეთვე განსახლების ტერიტორიულ საკითხებს და მოქმედებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

4. ქალაქ ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა სტრატეგიულ დონეზე ეყრდნობა, წარმოაჩენს და ორიენტირებულია ქალაქის განვითარების შემდეგ ძირითად ბუნებრივ, გეოპოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ, გეგმარებით და სივრცით-მოცულობით პრინციპებს.

5. ქალაქ ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, ქალაქთმშენებლობითი პოლიტიკის გატარებისას ეყრდნობა შემდეგ ძირითად პრიორიტეტებს:

ა) ბათუმის მუნიციპალიტეტის ქალაქგეგმარებითი კვლევის საფუძველზე გამოვლენილ მემკვიდრეობითობას და შემოქმედებით განვითარებას;

ბ) ისტორიული ტერიტორიის მკაცრი დაცვის ზონაში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ნაწილის ისტორიული თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და აღდგენას;

გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ურბანული ტერიტორიის თანაბარუფლებიან განვითარებას ტერიტორიის და ინფრასტრუქტურის რეორგანიზაციის, მისი ფუნქციის, ხარისხის და, შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გაზრდილი ტერიტორიის განვითარებას;

დ) საცხოვრებელ რაიონებში სრულფასოვანი საქალაქო გარემოს შექმნას, ვინაიდან, ახალი შემოერთებული ტერიტორიები არ აკმაყოფილებს ქალაქის ძირითად ფუნქციებს;

ე) ლანდშაფტურ-ეკოლოგიური ღირებულებების გამოვლენასა და გაძლიერებას;

ვ) ტრანზიტული სატრანსპორტო სისტემის განვითარებას;

ზ) ურბანული კულტურულ-საზოგადოებრივი და საქმიანი სივრცის განვითარებას;

თ) თავისუფალი ტერიტორიების ათვისების სანაცვლოდ, ტერიტორიის სტრუქტურული, ფუნქციური და სივრცითი რეორგანიზაციის განხორციელებას ამავე საზღვრებში არსებული ტერიტორიული რესურსების გამოვლენას და მათი სავარაუდო ფუნქციების განსაზღვრას (ვინაიდან ბათუმის ცენტრალურ უბნებში ბოლო 10 წლის მანძილზე მოხდა ქაოტური განაშენიანება, რამაც გამოიწვია სიმჭიდროვის გაზრდა და მიმდებარე აუთვისებელი ან არსებული განაშენიანებული მიწის ნაკვეთების რესურსის მთლიანად ათვისება, განისაზღვროს პრიორიტეტად ასეთი ტერიტორიების ჩარჩო-გეგმის ან განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით განვითარება);

ი) დასავლეთის მიმართულებით მახინჯაურის ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიულ განვითარებასთან ერთად, აღმოსავლეთის მიმართულებით ხელვაჩაურისა და გონიოს სივრცით-ტერიტორიული განვითარების გაძლიერების ტენდენციის ხელშეწყობას;

კ) მუნიციპალური არეალის, ურბანული ტერიტორიის და საზოგადოებრივ-საქმიანი სივრცის საზღვრების დადგენას, ამ სივრცეების ძირითადი სივრცითი კავშირების და ტერიტორიული რეზერვების გამოვლენას, რაც ხელს შეუწყობს ცენტრალური ნაწილის განტვირთვას.

6. ქალაქ ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა უნდა წარმოადგენდეს ქალაქგანვითარების მართვის ძირითად ინსტრუმენტს, რომელიც აგებული იქნება თანამედროვე ინფორმაციულ და ტექნოლოგიურ სისტემებზე.

7. ქალაქ ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა უნდა აღწერდეს და ეყრდნობოდეს ტერიტორიების არსებულ ფუნქციურ, გეგმარებით-სტრუქტურულ და სივრცით-მოცულობით მდგომარეობას.

8. ქალაქ ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა უნდა წარმოაჩენდეს და ადგენდეს სამშენებლო ტერიტორიების განვითარების ზოგად და ცალკეულ შემთხვევებში კონკრეტულ პირობებს, ხოლო სამშენებლო განვითარება განხორციელდება მხოლოდ ზოგადი და კონკრეტული პირობების შესაბამისი შემდეგი ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის დამუშავების მეშვეობით:

ა) „ჩარჩოგეგმა” – ფუნქციურად და გეგმარებითად ერთიანი დიდი ქალაქთმშენებლობითი ერთეულის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის სქემის სახით დამუშავებული ქალაქთმშენებლობითი არასამართლებლივი დოკუმენტი, რომელიც დადგენილი პროცედურისა და პირობების ფარგლებში განაშენიანების რეგულირების გეგმისათვის განსაზღვრავს გეგმარებით მიმართულებებსა და პრიორიტეტებს;

ბ) განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ) – ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც დასახლებათა ტერიტორიებისთვის ადგენს მიწათსარგებლობის ქვეზონებს (რიგ შემთხვევებში, ზონებსაც) ან/და აზუსტებს ცალკეული გეგმარებითი ერთეულების, განაშენიანების არქიტექტურულ-გეგმარებით და სივრცით-მოცულობით მახასიათებლებს, შენობების განთავსებას, მათ გეგმარებით პარამეტრებს, აზუსტებს უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების ქალაქთმშენებლობით მახასიათებლებს, რელიეფის ორგანიზებას, ტერიტორიების კეთილმოწყობასა და გამწვანებას, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფას.

9. ქ. „ბათუმის მუნიციპალიტეტის მიწათსარგებლობის ზოგადი ზონირების რუკა” განსაზღვრავს მხოლოდ ზონის (რიგ შემთხვევებში ქვეზონების) სახეობასა და საზღვრებს და მოიცავს უძრავი ობიექტების სამშენებლო განვითარების შემდეგ ძირითად პარამეტრებს:

ა) მიწის ნაკვეთების მაქსიმალური განაშენიანების კოეფიციენტს;

ბ) მიწის ნაკვეთების მაქსიმალური განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტ