საქართველოს კანონის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ მოთხოვნათა შესაბამისად საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით 2007 წელს „გის და დზ საკონსულტაციო ცენტრ გეოგრაფიკმა“ და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდმა შეიმუშავეს „ქ. ბათუმის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა“
ამ ნაშრომში აქცენტი გაკეთებულია ქ. ბათუმის ისტორიული ნაწილის ანუ ე.წ. „ძველი ბათუმის“ ურბანული მემკვიდრეობის დაცვა-განვითარების პირობების შემუშავებაზე; ჩამოყალიბებულია ქალაქის ისტორიული ნაწილის დაცვა. რეაბილიტაციის ძირითადი პრინციპები გაანალიზებულია XIX საუკუნის ბოლო მეოთხედისა და XX საუკუნის ბათუმის ურბანული განვითარების საკანონმდებლო ნორმატიული ბაზა; ქალაქის არქიტექტურულ-მხატრული სახე, სივრცითი წყობა და ა.შ.
ქ. ბათუმის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დებულებები მოიცავს ისეთ ნაწილებს, როგორიცაა:
• დებულება რეაბილიტაციისა და განვითარების შესახებ;
• დაცვითი ზონების საზღვრების აღწერა;
• დაცვითი ზონების რეჟიმი;
• მითითებები ახალმშენებლობების გეგმარებითი პარამეტრების დასადგენად;
• ისტორიული ნაწილის სრული ინვენტარიზაცია და მხატვრული მნიშვნელობის ობიექტების სია.
ზემოაღნიშნული ბათუმის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა დაცვისა და რეგულირების საზღვრებით დაფიქსირებულია ქ. ბათუმის ბოლო თაობის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტაციაში, რომელიც დამტკიცებულია 2009 წელს.
მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საზღვრები დამუშავებულია კოორდინატებში და საჭიროებს მხოლოდ ექსპერტიზას და ოფიციალურ დამტკიცებას, დღემდე ქალაქის ურბანული განვითარებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი ეს საკითხი არ არის ბოლომდე მიყვანილი და საჭიროებს გადაუდებელ ყურადღებას.
1. ქალაქ ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შედგენისას, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული, კულტურული და ისტორიული ღირებულებები განხილული უნდა იქნეს, როგორც მუდმივი და აუცილებელი ბარიერი ყველა იმ ძალისხმევის მიმართ, რომელიც მაქსიმალური ეკონომიკური ეფექტის მიღების მცდელობისას უგულვებელყოფენ ქალაქის კონტექსტს.
2. ქალაქ ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ისტორიულ-კულტურულ მემკვირეობას მიიჩნევს, როგორც ქალაქის და მისი იერსახის განვითარების ყველა ასპექტზე აქტიური გავლენის მქონე უმნიშვნელოვანეს ქალაქმაფორმირებელ ფაქტორს და ამდენად, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, აღდგენა და განსაკუთრებულ შემთხვევებში ხელახლა შექმნა მის პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს. ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და რეგენერაციაში, შესაბამისი მნიშვნელობის ამოცანის ფართო წრის გადაჭრის დროს იგულისხმება არა მხოლოდ ცალკეული კომპონენტების, არამედ მათ კომპოზიციური, სივრცობრივი, ხედვითი ურთიერთკავშირების დაცვა. ამ თვალსაზრისით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ქალაქგეგმარებითი განვითარება ეყრდნობა:
ა) ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის კომპლექსურ რეაბილიტაციას;
ბ) ქალაქის ყველა ისტორიული, გეგმარებითი, ლანდშაფტური, კომპოზიციური, არქეოლოგიური და გარემოს შემქმნელი საფუძვლების, მათ შორის, რელიეფის, საქალაქო თუ ბუნებრივი ლანდშაფტების ისტორიული მახასიათებლების, ქუჩების ისტორიული ქსელის, მოედნების, ქალაქთმშენებლობითი ანსამბლების, დომინანტების, აქტიური ხედვის წერტილების, კულტურის უძრავი ძეგლების და ისტორიული განაშენიანების გამოვლენას, აქცენტირებასა და შენარჩუნებას;
გ) საქალაქო სივრცის ისტორიული მორფოტიპების, ტერიტორიის გეგმარებითი სტრუქტურის, ისტორიული ლანდშაფტის ელემენტების შენარჩუნებას;
დ) იმ ტერიტორიებზე, რომლებმაც შეინარჩუნეს ერთანი ისტორიული ხასიათი ან ისტორიული ლანდშაფტის, გეგმარებისა და განაშენიანების ტიპური ნიშნები, დაკარგული ან დარღვეული ისტორიული იერსახის აღდგენა