1. სანათი ითვლება გაუმართავად, თუ მისი ძირითადი სხივის ინტენსივობა ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართის პირველი ტომის მე-2 დამატებაში მოცემულ შესაბამის ნახაზზე მითითებული მნიშვნელობის 50%-ზე ნაკლებია. სანათი, რომლის მთავარი სხივის საშუალო გაანგარიშებული ინტენსივობა აღემატება ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართის პირველი ტომის მე-2 დამატების მითითებულ სიდიდეს, მისი 50%-ის შესაბამისი სიდიდე უნდა განისაზღვროს ამ გაანგარიშებულ მნიშვნელობასთან მიმართებით.
2. შუქსასიგნალო და მარკირების სისტემების საიმედო მუშაობის უზრუნველყოფა ხორციელდება ვიზუალური საშუალებების პროფილაქტიკური ტექნიკური მომსახურების სისტემით.
3. პროფილაქტიკური ტექნიკური მომსახურების სისტემა, რომელიც განკუთვნილია დასაფრენად ზუსტი შესვლის II ან III კატეგორიის მიხედვით აღჭურვილი ადზ-სთვის, მინიმუმ, უნდა ითვალისწინებდეს შემდეგი სახის შემოწმებას:
ა) მისადგომის და ადზ-ს შუქ-სასიგნალო სისტემის სანათების ვიზუალური შემოწმება და სანათების ინტენსივობის, სხივის გავრცელების კუთხის და მიმართულების გაზომვა;
ბ) მიახლოების და ადზ-ს სანათების სისტემის ყოველი სქემის ელექტრომახასიათებლების გაზომვა და კონტროლი;
გ) საჰაერო მოძრაობის მართვის ორგანოების მიერ გამოსაყენებლად განკუთვნილი სანათების ინტენსივობის რეგულირების სისტემის სწორი ფუნქციონირების კონტროლი.
4. II ან III კატეგორიით დასაფრენად ზუსტი შესვლისათვის აღჭურვილი ადზ-ს და მიახლოების სანათების სისტემის ნათურების ინტენსივობის, სხივების გავრცელების კუთხის და მიმართულების პარამეტრების საექსპლუატაციო გაზომვა უნდა განხორციელდეს ყოველი სანათის პარამეტრების გაზომვით, ჩიკაგოს კონვენციის მე-14 პირველი დანართის მე-2 დამატების შესაბამისი ტექნიკური მოთხოვნების უზრუნვეყოფის მიზნით.
5. II ან III კატეგორიით დასაფრენად ზუსტი შესვლისათვის აღჭურვილი ადზ-ს და მიახლოების სანათების სისტემის ნათურების ინტენსივობის, სხივების გავრცელების კუთხის და მიმართულების პარამეტრების გაზომვა უნდა განხორციელდეს მოძრავი საზომი მოწყობილობით, რომელიც საკმარისი სიზუსტით უზრუნველყოფს ცალკეული სანათის მახასიათებლების ანალიზს.
6. II ან III კატეგორიით დასაფრენად ზუსტი შესვლისათვის აღჭურვილი ადზ-ს სანათების პარამეტრების გაზომვის პერიოდულობა განისაზღვრება მოძრაობის ინტენსივობის, დაბინძურების ადგილობრივი დონის, დამონტაჟებული შუქსასიგნალო მოწყობილობების საიმედოობის და საექსპლუატაციო გაზომვების შედეგების უწყვეტი შეფასებით, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში გაზომვები ჩაღრმავებული ტიპის სანათებისთვის უნდა განხორციელდეს წელიწადში არანაკლებ ორჯერ, ხოლო სხვა სანათების შემთხვევაში – არანაკლებ ერთხელ.
7. II ან III კატეგორიით დასაფრენად ზუსტი შესვლისათვის აღჭურვილი ადზ-ს პროფილაქტიკური ტექნიკური მომსახურების სისტემის მიზანია, რომ II ან III კატეგორიით ფრენების შესრულებისას ნებისმიერ დროს გამართული იყოს მიახლოების და ადზ-ს ყველა სანათი და გამართული იყოს და ფუნქციონირებდეს:
ა) სანათების 95%, შემდეგი განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ყოველი ელემენტისა:
ა.ა) II და III კატეგორიით დასაფრენად ზუსტი შესვლის შუქსასიგნალო სისტემის, ადზ-ს უახლოესი 450 მ-იანი მონაკვეთი;
ა.ბ) ადზ-ს ღერძულა ხაზის სანათები;
ა.გ) ადზ-ს ზღურბლის სანათები; და
ა.დ) ადზ-ს გვერდითი სანათები;
ბ) დაფრენის არის სანათების 90 %;
გ) დასაფრენად შესვლის შუქსასიგნალო სისტემის სანათების 85%, ადზ-თან უახლოესი 450 მ-იანი მონაკვეთის მიღმა;
დ) ადზ-ს შემზღუდავი სანათების 75 %.
8. უწყვეტი დამიზნების უზრუნველსაყოფად დაუშვებელია გაუმართავი სანათების დასაშვები პროცენტი ცვლიდეს შუქსასიგნალო სისტემის ძირითად სქემას. გარდა ამისა, დაუშვებელია გაუმართავი სანათის არსებობა სხვა გაუმართავი სანათის გვერდით, გარდა სახაზო სანათებისა ან შუქ-ჰორიზონტებისა, სადაც დასაშვებია ერთმანეთის გვერდით ორი გაუმართავი სანათის არსებობა.
9. ადზ-ზე 350 მ-ზე ნაკლები ხილვადობის სიშორის პირობებში გამოსაყენებლად განკუთვნილი ადზ-თან მოსაცდელ ადგილზე „სდექ“ ხაზის სანათების პროფილაქტიკური ტექნიკური მომსახურების მიზანია:
ა) არ იყოს ორზე მეტი გაუმართავი სანათი; და
ბ) ერთმანეთის გვერდიგვერდ არ იყოს ორი გაუმართავი სანათი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სანათებს შორის ინტერვალი დადგენილ მნიშვნელობაზე ნაკლებია.
10. ადზ-ზე 350 მ-ზე ნაკლები ხილვადობის სიშორის პირობებში გამოსაყენებლად განკუთვნილი სბ-ს პროფილაქტიკური ტექნიკური მომსახურების მიზანია, გამოირიცხოს სბ-ს ღერძულა ხაზის ორი გაუმართავი სანათის არსებობა ერთმანეთის მიმდევრობით.
11. I კატეგორიით დასაფრენად ზუსტი შესვლისათვის აღჭურვილი ადზ-ს პროფილაქტიკური-ტექნიკური მომსახურების მიზანია, რომ I კატეგორიით ფრენების შესრულების ნებისმიერ დროს, მიახლოების და ადზ-ს ყველა სანათი იყოს გამართული, ხოლო ნებისმიერ შემთხვევაში, გამართული იყოს შემდეგი სისტემების სანათების, სულ მცირე, 85%:
ა) I კატეგორიით დასაფრენად ზუსტი შესვლის შუქსასიგნალო სისტემა;
ბ) ადზ-ს ზღურბლის სანათები;
გ) ადზ-ს გვერდითა სანათები;
დ) ადზ-ს შემზღუდავი სანათები.
უწყვეტი დამიზნების უზრუნველსაყოფად დაუშვებელია გაუმართავი სანათების არსებობა ერთიმეორეს მიმდევრობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სანათებს შორის ინტერვალი დადგენილ მნიშვნელობაზე ნაკლებია.
12. ასაფრენად განკუთვნილ ადზ-ზე 550 მ-ზე ნაკლები ხილვადობის სიშორის პირობებში პროფილაქტიკური ტექნიკური მომსახურების მიზანია, ფრენების შესრულების ნებისმიერ დროს ფუნქციონირებდეს ადზ-ს ყველა სანათი და ნებისმიერ შემთხვევაში:
ა) სულ მცირე, ადზ-ს ღერძულა ხაზის (სადაც გათვალისწინებულია) და გვერდითა სანათების 95%; და
ბ) ფუნქციონირებდეს ადზ-ს შემზღუდავი სანათების, სულ მცირე, 75 %.
უწყვეტი დამიზნების უზრუნველსაყოფად დაუშვებელია ორი გაუმართავი სანათის არსებობა ერთმანეთის გვერდიგვერდ.
13. ასაფრენად განკუთვნილ ადზ-ზე, 550 მ და მეტი ხილვადობის სიშორის პირობებში, პროფილაქტიკური ტექნიკური მომსახურების მიზანია ფრენების შესრულების ნებისმიერ დროს ფუნქციონირებდეს ადზ-ს ყველა სანათი და, ნებისმიერ შემთხვევაში, ფუნქციონირებდეს ადზ-ს გვერდითა და შემზღუდავი სანათების, სულ მცირე, 85%. უწყვეტი დამიზნების უზრუნველსაყოფად დაუშვებელია ორი გაუმართავი სანათის არსებობა ერთმანეთის გვერდიგვერდ.
14. შეზღუდული ხილვადობის პირობებში ფრენების წარმოებისას, დაუშვებელია აეროდრომის ელექტრო-სისტემების სიახლოვეს ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის სამშენებლო სამუშაოების წარმოება.
კარი III. ვერტოდრომები