ამ დადგენილების მიზნებისთვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ადამიანის ფაქტორი – ადამიანის უნარი და შესაძლებლობების ზღვარი, რომელიც გავლენას ახდენს საავიაციო საქმიანობის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე;
ბ) ადამიანური ფაქტორის ასპექტები – პრინციპები, რომლებიც გამოიყენება დაპროექტების, სერტიფიცირების, კადრების მომზადებისა და საექსპლუატაციო საქმიანობის პროცესების მიმართ ავიაციაში და გამიზნულია ადამიანსა და სხვა კომპონენტებს შორის უსაფრთხო ურთიერთქმედების უზრუნველსაყოფად, ადამიანის შესაძლებლობების სათანადო გათვალისწინებით;
გ) ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე (ადზ) არასანქცირებული შეღწევის აღკვეთის ავტონომიური სისტემა (ARIWS) – სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ადზ-ზე შესაძლო არასანქცირებული შეღწევის ან მოქმედი ადზ-ს დაკავების შემთხვევების დამოუკიდებლად ამოცნობას და საფრენოსნო ეკიპაჟის ან სატრანსპორტო საშუალების მძღოლის უშუალო გაფრთხილებას;
დ) ადზ-ზე მოსაბრუნებელი მოედანი – სახმელეთო აეროდრომზე განსაზღვრული მონაკვეთი, რომელიც ესაზღვრება ადზ-ს და განკუთვნილია საჰაერო ხომალდების 1800-ით მოსაბრუნებლად ადზ-ზე, სამიმოსვლო ბილიკის (სბ) არარსებობის შემთხვევაში;
ე) ადზ-ზე ხილვადობის სიშორე (RVR) – მანძილი, რომლის ფარგლებშიც ადზ-ს ღერძულა ხაზზე მდებარე საჰაერო ხომალდის პილოტს შეუძლია შეამჩნიოს ადზ-ს ზედაპირზე განლაგებული მარკირების ნიშნები ან ადზ-ს შემომსაზღვრელი ან მისი ღერძულა ხაზის სანათები;
ვ) ადზ-ს დამცავი სანათები – შუქსასიგნალო სისტემა, რომელიც განკუთვნილია მფრინავების ან სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების გასაფრთხილებლად, მოქმედ ადზ-ზე შესაძლო შეჭრის შესახებ;
ზ) ადზ-ს ზღურბლი – ადზ-ს იმ მონაკვეთის დასაწყისი, რომელიც გამოიყენება დასაფრენად;
თ) ადზ-ს ტიპის FATO – FATO-ს არე, რომელსაც გააჩნია ადზ-ს ანალოგიური გეომეტრიული მახასიათებლები;
ი) ადზ-ს უსაფრთხოების ბოლო არე (RESA) – ადზ-ს ღერძულა ხაზის გაგრძელების გასწვრივ, ორივე მხარეს სიმეტრიულად განლაგებული და საფრენი ზოლის ბოლოს მოსაზღვრე არე, რომელიც უპირველეს ყოვლისა, განკუთვნილია საჰაერო ხომალდების დაზიანების რისკის შესამცირებლად, ადზ-მდე ნაადრევი დაფრენის ან ადზ-ს საზღვრებიდან გადაცდომისას;
კ) ადზ-ს წანაცვლებული ზღურბლი – ზღურბლი, რომელიც განთავსებული არ არის ადზ-ს კიდესთან;
ლ) აეროდრომზე მოძრაობის სიმჭიდროვე:
ლ.ა) უმნიშვნელო – როდესაც ყველაზე დატვირთული საათის დროს ოპერაციების რაოდენობა ადზ-ზე არ აღემატება 15-ს, ხოლო აეროდრომზე, საერთო ჯამში – 20-ზე ნაკლებია;
ლ.ბ) საშუალო – როდესაც ყველაზე დატვირთული საათის დროს ოპერაციების რაოდენობა ადზ-ზე შეადგენს 16-25-ს, ხოლო აეროდრომზე, საერთო ჯამში – 20- 35-ს;
ლ.გ) მნიშვნელოვანი – როდესაც ყველაზე დატვირთული საათის დროს ოპერაციების რაოდენობა ადზ-ზე შეადგენს 26-ს ან მეტს, ხოლო აეროდრომზე, საერთო ჯამში – 35-ზე მეტია;
მ) აეროდრომი – მიწის ან წყლის ზედაპირის განსაზღვრული ფართობი (მასზე განლაგებული შენობებით, ნაგებობებითა და მოწყობილობებით), რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ განკუთვნილია საჰაერო ხომალდების მიღების, მოძრაობისა და გაშვებისათვის;
ნ) აეროდრომის ამოსაცნობი ნიშანი – ჰაერიდან აეროდრომის ამოსაცნობად აეროდრომზე განთავსებული ნიშანი;
ო) აეროდრომის საკონტროლო წერტილი – აეროდრომის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი წერტილი;
პ) აეროდრომის სერტიფიკატი – სააგენტოს მიერ, დადგენილი წესის საფუძველზე გაცემული აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატი;
ჟ) აეროდრომის შემაღლება – დასაფრენი მოედნის ყველაზე მაღალი წერტილის შემაღლება;
რ) ავარიული დამუხრუჭების სისტემა – სისტემა, რომელიც განკუთვნილია საჰაერო ხომალდის მოძრაობის შესანელებლად, ადზ-ს საზღვრებიდან გადაცდენის შემთხვევაში;
ს) ამოსაცნობი შუქურა – კოდური გამოსხივების მქონე სააერნაოსნო შუქურა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია გარკვეული ორიენტირის ამოცნობა;
ტ) ასაფრენ-დასაფრენი ზოლი – სახმელეთო აეროდრომზე გამოყოფილი საჰაერო ხომალდების ასაფრენ-დასაფრენად განკუთვნილი მართკუთხა ფართი;
უ) ასაფრენი ადზ – ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ასაფრენად;
ფ) აღუჭურველი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი – საჰაერო ხომალდების დასაფრენად ვიზუალური შესვლისათვის განკუთვნილი ადზ;
ქ) აღჭურვილი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი – საჰაერო ხომალდების დასაფრენად სახელსაწყო შესვლის განსახორციელებლად განკუთვნილი ადზ-ს ერთ-ერთი ქვემოთ მოყვანილი ტიპი:
ქ.ა) დასაფრენად არაზუსტი შესვლისათვის აღჭურვილი ადზ – ადზ, რომელიც აღჭურვილია ვიზუალური საშუალებებით და რომელიმე არავიზუალური საშუალებით, რომელიც, სულ მცირე, უზრუნველყოფს საჰაერო ხომალდის მიმართვას დასაფრენად პირდაპირი შესვლისთვის;
ქ.ბ) 1-ლი კატეგორიით დასაფრენად ზუსტი შესვლისთვის აღჭურვილი ადზ (CAT I) – ადზ, აღჭურვილი ILS-ის ან/და MLS-ის სისტემებით და ვიზუალური საშუალებებით, რომლებიც უზრუნველყოფენ საჰაერო ხომალდის დასაფრენად შესვლას, გადაწყვეტილების მიღების არანაკლებ 60 მ (200 ფტ) სიმაღლიდან და არანაკლებ 800 მ ხილვადობის პირობებში ან ადზ-ზე არანაკლებ 550 მ ხილვადობის სიშორის პირობებში;
ქ.გ) მე-2 კატეგორიით დასაფრენად ზუსტი შესვლისათვის აღჭურვილი ადზ (CAT II) – ადზ, აღჭურვილი ILS-ის ან/და MLS-ის სისტემებით და ვიზუალური საშუალებებით, რომლებიც უზრუნველყოფენ საჰაერო ხომალდის დასაფრენად შესვლას, გადაწყვეტილების მიღების 60 მ-ზე (200 ფტ) ნაკლები სიმაღლიდან, მაგრამ არანაკლებ 30 მ-სა და ადზ-ზე არანაკლებ 300 მ ხილვადობის სიშორის პირობებში;
ქ.დ) მე-3 კატეგორიით დასაფრენად ზუსტი შესვლისათვის აღჭურვილი ადზ (CAT III) -ადზ, აღჭურვილი ILS-ის და/ან MLS-ის სისტემებით, რომლებიც მოქმედებენ ადზ-მდე, ასევე ადზ-ს მთელი ზედაპირის გასწვრივ და:
ქ.დ.ა) A ტიპისთვის უზრუნველყოფენ სხ-ის დასაფრენად შესვლასა და დაფრენას, გადაწყვეტილების მიღების 30 მ-ზე (100 ფუტი) ნაკლები სიმაღლიდან ან გადაწყვეტილების მიღების სიმაღლის შეუზღუდავად და ადზ-ზე არანაკლებ 175 მ ხილვადობის სიშორის პირობებში;
ქ.დ.ბ) B ტიპისთვის უზრუნველყოფენ საჰაერო ხომალდის დასაფრენად შესვლასა და დაფრენას, გადაწყვეტილების მიღების 15 მ-ზე (50 ფუტი) ნაკლები სიმაღლლიდან ან გადაწყვეტილების მიღების სიმაღლის შეუზღუდავად და ადზ-ზე 175 მ-ზე ნაკლები, მაგრამ არანაკლებ 50 მ ხილვადობის სიშორის პირობებში;
ქ.დ.გ) C ტიპისთვის უზრუნველყოფენ საჰაერო ხომალდის დასაფრენად შესვლასა და დაფრენას, გადაწყვეტილების მიღების სიმაღლისა და ადზ-ზე ხილვადობის სიშორის შეუზღუდავად;
ღ) ბაქანზე საქმიანობის მართვის სამსახური – მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს ბაქანზე საქმიანობის, საჰაერო ხომალდების და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მოწესრიგებას;
ყ) ბაქანი – სახმელეთო აეროდრომის განსაზღვრული ფართობი სხ-ების განსალაგებლად, მასში მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხდომის, ტვირთისა და ფოსტის ჩატვირთვა- გადმოტვირთვის, საწვავით გამართვის, დგომის ან ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით;
შ) გადამღობი შუქურა – სააერნაოსნო შუქურა, რომელიც განკუთვნილია აერნაოსნობისთვის საფრთხის შემცველი დაბრკოლების მოსანიშნად;
ჩ) გადართვის დრო (სანათი) – დრო, რომელიც საჭიროა მოცემული მიმართულებით გაზომილი სანათის ინტენსივობის 50%-მდე აღსადგენად, მას შემდეგ, რაც ელექტროკვების წყაროს გადართვით, 25%-იანი ან მეტი ინტენსივობით მომუშავე სანათის ინტენსივობა დაეცა 50%-ზე ქვემოთ;
ც) გამოცხადებული მანძილები:
ც.ა) გასაქანად არსებული მანძილი (TORA) – ადზ-ს სიგრძე, რომელიც გამოცხადებულია როგორც გამოსადეგი და შესაფერისი საჰაერო ხომალდის გასაქანად აფრენისას;
ც.ბ) ასაფრენად არსებული მანძილი (TODA) – გასაქანად არსებულ მანძილს დამატებული დაბრკოლებებისაგან თავისუფალი ზოლის სიგრძე, თუ ის გათვალისწინებულია;
ც.გ) შეწყვეტილი აფრენისათვის არსებული მანძილი (ASDA) – გასაქანად არსებულ მანძილს დამატებული დამუხრუჭების ბოლო ზოლის სიგრძე, თუ ის გათვალისწინებულია;
ც.დ) დასაფრენად არსებული მანძილი (LDA) – ადზ-ს სიგრძე, რომელიც გამოცხადებულია როგორც გამოსადეგი და შესაფერისი საჰაერო ხომალდის დაფრენის შემდგომ გარბენისთვის;
ძ) გამოყენების კოეფიციენტი – დროის გარკვეული პერიოდი, გამოსახული პროცენტებში, როდესაც ადზ-ს ან ადზ-ს სისტემების გამოყენება არ იზღუდება ქარის გვერდითა მდგენელით, რომელიც ადზ-ის ღერძულა ხაზთან ქმნის მართ კუთხეს;
წ) გემბანის ვერტოდრომი – გემზე განთავსებული ვერტოდრომი, რომელიც შეიძლება იყოს საგანგებოდ აღჭურვილი ან აღუჭურველი. საგანგებოდ აღჭურვილი გემბანის ვერტოდრომი განკუთვნილია სპეციალურად შვეულმფრენების ფრენებისთვის. საგანგებოდ აღუჭურველი გემბანის ვერტოდრომი წარმოადგენს ვერტოდრომს, რომელიც გამოიყენებს გემის მოედანს, რომელიც ხელსაყრელია შვეულმფრენისთვის, მაგრამ განკუთვნილი არ არის საგანგებოდ ამ მიზნებისთვის;
ჭ) გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემა – პარამეტრების მინიმალური ნაკრები, რომელიც აუცილებელია ათვლის ადგილობრივი სისტემის მდებარეობის და ორიენტირების განსასაზღვრავად, კოორდინატთა/ათვლის გლობალური სისტემის მიმართ;
ხ) გეოიდი – ეკვიპოტენციური ზედაპირი, დედამიწოს გრავიტაციულ ველში, რომელიც ემთხვევა წყნარი ზღვის საშუალო დონეს (MSL) და მის გაგრძელებას კონტინენტებზე;
ჯ) გეოიდის ტალღა – მანძილი (დადებითი ან უარყოფითი მნიშვნელობა) გეოიდის ზედაპირსა და მათემატიკურად განსაზღვრულ რეფერენს-ელიფსოიდის ზედაპირს შორის;
ჰ) გზა – სახმელეთო მარშრუტი სამუშაო მოედანზე, რომელიც დადგენილია მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ გამოსაყენებლად;
ჰ1) გრიგორიანული კალენდარი – საყოველთაოდ მიღებული კალენდარი, რომელიც შემოღებულია 1582 წელს წლის განსაზღვრისათვის და უფრო ზუსტია ტროპიკულ წელთან იულიანურ კალენდართან შედარებით (ISO 19108***);
ჰ2) დაბრკოლებებისგან თავისუფალი არე (ОFZ) – საჰაერო სივრცე, შემოსაზღვრული დასაფრენად შესვლის შიდა ზედაპირით, შიდა გარდამავალი და შეწყვეტილი დაფრენისას მეორე წრეზე წასვლის ზედაპირებით, ასევე საფრენი ზოლის ნაწილით, სადაც არ არის უძრავი დაბრკოლება, გარდა სააერნაოსნო მიზნებისთვის განკუთვნილი, მსუბუქი მასის და მსხვრევადი საფუძვლის მქონე ობიექტებისა;
ჰ3) დაბრკოლებებისგან თავისუფალი ზოლი (CWY) – აეროდრომის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის (შემდგომში – ექსპლუატანტი) კონტროლის ქვეშ არსებული მიწის ან წყლის ზედაპირის განსაზღვრული მართკუთხა მონაკვეთი, რომელიც შერჩეული და მომზადებულია როგორც შესაფერისი, რომელზეც საჰაერო ხომალდს შეუძლია განახორციელოს საწყისი სიმაღლის აღება დადგენილ სიმაღლემდე;
ჰ4) დაბრკოლებებისგან თავისუფალი ზოლი შვეულმფრენისთვის – დადგენილი მონაკვეთი ხმელეთზე ან წყალზე, რომელიც შერჩეული და/ან მომზადებულია როგორც ხელსაყრელი, რომლის თავზეც 1-ლი კლასის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად მფრენ შვეულმფრენს შეუძლია განახორციელოს გაქანება და მიაღწიოს განსაზღვრულ სიმაღლეს;
ჰ5) დამუხრუჭების ბოლო ზოლი – სხ-ის შეწყვეტილი აფრენისას, მის შესაჩერებლად გამოსადეგი, გასაქანად არსებული მანძილის ბოლოს განთავსებული მიწის მართკუთხა მონაკვეთი;
ჰ6) დამცავი არე – არე, სამიმოსვლო მარშრუტის ფარგლებში და შვეულმფრენის სადგომის ირგვლივ, რომელიც უზრუნველყოფს დაშორებას FATO-ს არეში მდებარე ობიექტებიდან, სხვა სამიმოსვლო მარშრუტებისა და შვეულმფრენის სადგომებიდან, შვეულმფრენების უსაფრთხო მანევრირების მიზნით;
ჰ7) დასაფრენად ზუსტი შესვლისათვის აღჭურვილი ადზ – იხილეთ აღჭურვილი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის განმარტება;
ჰ8) დასაფრენად ურთიერთდამოკიდებული პარალელური შესვლა – დასაფრენად ერთდროული შესვლა პარალელურ ან თითქმის პარალელურ აღჭურვილ ადზ-ებზე, როდესაც დადგენილია მოსაზღვრე ადზ-ების ღერძულა ხაზების გაგრძელებაზე მყოფი საჰაერო ხომალდებს შორის სარადიოლოკაციო ეშელონირების მინიმუმები;
ჰ9) დასაფრენად ურთიერთდამოუკიდებული პარალელური შესვლა – დასაფრენად ერთდროული შესვლა პარალელურ ან თითქმის პარალელურ აღჭურვილ ადზ-ებზე, როდესაც არ არის დადგენილი მოსაზღვრე ადზ-ების ღერძულა ხაზების გაგრძელებაზე მყოფი საჰაერო ხომალდებს შორის სარადიოლოკაციო ეშელონირების მინიმუმები;
ჰ10) დასაფრენად შესვლის დასკვნითი საფეხურის და აფრენის არე (FATO) – დადგენილი არე, რომლის თავზეც სრულდება დასაფრენად შესვლის მანევრის დასკვნითი ეტაპი კიდურა რეჟიმამდე ან დაფრენამდე და საიდანაც იწყება აფრენის მანევრი. თუ FATO გამოიყენება იმ შვეულმფრენების მიერ, რომლებიც ფრენას ახორციელებენ 1-ლი კლასის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, მაშინ ეს დადგენილი არე მოიცავს შეწყვეტილი აფრენისთვის არსებულ არეს;
ჰ11) დასაფრენი მოედანი – სამუშაო მოედნის ნაწილი, რომელიც განკუთვნილია სხ-ების აფრენისა და დაფრენისათვის;
ჰ12) დაფრენის ადგილი შვეულმფენისათვის – მონიშნული ან მოუნიშნავი მოედანი, რომელსაც გააჩნია იგივე ფიზიკური მახასიათებლები, რაც დასაფრენად შესვლის დასკვნითი საფეხურის და აფრენის ვიზუალური არის (FATO) მქონე ვერტოდრომს;
ჰ13) დაფრენის და მოწყვეტის არე (TLOF) – მოედანი, სადაც შვეულმფრენს შეუძლია განახორციელოს დაფრენა ან ზედაპირიდან აწევა;
ჰ14) დაფრენის მიმართულების მაჩვენებელი – დროის აღებული მომენტისთვის, აფრენის და დაფრენის დადგენილი მიმართულების მაჩვენებელი ვიზუალური მოწყობილობა;
ჰ15) დედამიწის ზედაპირიდან შემაღლებული ვერტოდრომი – ვერტოდრომი, განთავსებული ხმელეთიდან შემაღლებულ კონსტრუქციაზე;
ჰ16) დინამიკური დატვირთვის მქონე ზედაპირი – ზედაპირი, რომელიც უძლებს შვეულმფრენის ავარიული დაშვებით წარმოქმნილ დატვირთვას;
ჰ17) ეფექტური ინტენსიურობა – ციმციმა სანათის ეფექტური ინტენსიურობა ტოლია, იგივე ფერის, მუდმივი ნათების სანათის ინტენსიურობის, რომელიც უზრუნველყოფს იგივე ხილვადობის სიშორეს დაკვირვების მსგავს პირობებში;
ჰ18) ვერტობანი – ვერტოდრომი, განთავსებული ღია ზღვაში მცურავ ან უძრავ ნაგებობაზე, როგორიცაა ნავთობის ან გაზის მოპოვების და/ან წარმოების ობიექტი;
ჰ19) ვერტოდრომი – აეროდრომი ან დადგენილი ფართი ნაგებობის ზედაპირზე, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ განკუთვნილია შვეულმფრენების ასაფრენ-დასაფრენად და მიმოსვლისთვის;
ჰ20) ვერტოდრომი ზედაპირის დონეზე – ვერტდრომი, განთავსებული ხმელეთზე ან წყლის ზედაპირზე არსებულ ნაგებობაზე;
ჰ21) ვერტოდრომის გამოცხადებული მანძილები:
ჰ21ა) ასაფრენად არსებული მანძილი (TODAH) – დასაფრენად შესვლის დასკვნითი საფეხურის და აფრენის არის (FATO) სიგრძეს დამატებული დაბრკოლებებისაგან თავისუფალი ზოლი (თუ გათვალისწინებულია), რომელიც გამოცხადებულია როგორც გამოსადეგი და შესაფერისი შვეულმფრენის მიერ აფრენის დასასრულებლად;
ჰ21ბ) შეწყვეტილი აფრენისთვის არსებული მანძილი (RTODAH) – დასაფრენად შესვლის დასკვნითი საფეხურის და აფრენის არის (FATO) სიგრძე, რომელიც გამოცხადებულია როგორც გამოსადეგი და შესაფერისი იმ შვეულმფრენის შეწყვეტილი ფრენის დასასრულებლად, რომელიც ფრენას ახორციელებს 1-ლი კლასის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად;
ჰ21გ) დასაფრენად არსებული მანძილი (LDAH) – დასაფრენად შესვლის დასკვნითი საფეხურის და აფრენის არის (FATO) სიგრძეს დამატებული ნებისმიერი დამატებითი არე, რომელიც გამოცხადებულია როგორც გამოსადეგი და შესაფერისი შვეულმფრენების მიერ დაფრენის მანევრის დასასრულებლად, დადგენილი სიმაღლიდან;
ჰ22) ვერტოდრომის საკონტროლო წერტილი (HRP) – ვერტოდრომის ან დაფრენის ადგილის დადგენილი ადგილმდებარეობა;
ჰ23) ვერტოდრომის შემაღლება – დასაფრენად შესვლის დასკვნითი საფეხურის და აფრენის არის (FATO-ს) ყველაზე მაღალი წერტილის შემაღლება;
ჰ24) თვითმფრინავის ტიპისთვის გაანგარიშებული საფრენი ზოლის სიგრძე – საფრენი ზოლის მინიმალური სიგრძე, რომელიც აუცილებელია საჰაერო ხომალდის მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასით ზღვის დონიდან, სტანდარტულ ატმოსფერულ პირობებში, უქარო ამინდის პირობებში და ადზ-ს ნულოვანი ქანობისას საჰაერო ხომალდის ასაფრენად, რომელიც მითითებულია საჰაერო ხომალდის შესაბამის საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელოში, რომელიც დადგენილია სერტიფიცირების უფლებამოსილი ორგანოს მიერ ან საჰაერო ხომალდის მწარმოებლისგან მიღებული ანალოგიური დოკუმენტით. საფრენი ზოლის სიგრძე, შესაბამის შემთხვევებში, ნიშნავს საფრენი ზოლის შეწონასწორებულ სიგრძეს ან სხვა შემთხვევებში – ასაფრენ მანძილს;
ჰ25) თითქმის პარალელური ადზ-ები – გადაუკვეთელი ადზ-ები, რომელთა ღერძულა ხაზების გაგრძელების თანხვედრის/გაშლის კუთხე შეადგენს 150-ს და ნაკლებს;
ჰ26) თოვლჭყაპი – 0,5-დან 0,8-მდე ხვედრითი წონის მქონე წყლით გაჟღენთილი თოვლი, რომელიც, მასზე ფეხის დარტყმისას, გაიშხეფება სხვადასხვა მხარეს;
ჰ27) თოვლი (მიწის ზედაპირზე):
ჰ27ა) მშრალი თოვლი – თოვლი, რომელიც ფხვიერ მდგომარეობაში შეიძლება გაფანტოს ქარმა ან ხელის მოჭერისას იფხვნება; ხვედრითი წონა – 0,35-ზე ნაკლები;
ჰ27ბ) სველი თოვლი – თოვლი, რომელიც ხელის მოჭერისას არ იფხვნება და წარმოიქმნება გუნდა; ხვედრითი წონა 0,35-დან 0,5-მდე, მაგრამ არა 0,5;
ჰ27გ) დატკეპნილი თოვლი – თოვლი რომელიც დატკეპნილია მყარ მასად, მეტად არ იტკეპნება, მიწიდან აღებისას არ იფხვნება, არამედ იმტვრევა დიდ ლოდებად; ხვედრითი წონა 0,5 და მეტი;
ჰ28) იმპულსური სანათი კონდენსატორული განმუხტვით – სანათი, რომელიც გამოსცემს მაღალი ინტენსივობის და საკმაოდ ხანმოკლე გაკრთომას, რომელიც წარმოიქმნება მილაკში არსებული აირის გავლით მაღალი ძაბვის ელექტროგანმუხტვის შედეგად;
ჰ29) კალენდარი – დროის დისკრეტული ათვლის სისტემა, რომელიც წარმოადგენს დროის ერთდღიანი განსაზღვრის საფუძველს (ISO 19108*);
ჰ30) ლაზერული სხივის ზემოქმედების თვალსაზრისით, ფრენებისთვის კრიტიკული არე (LCFZ) – საჰაერო სივრცე აეროდრომის სიახლოვეს, მაგრამ LFFZ არის მიღმა, სადაც ლაზერული გამოსხივება შეზღუდულია თვალისმომჭრელი ეფექტის ნაკლებად შესაძლებელი დონით;
ჰ31) ლაზერული სხივის ზემოქმედების მიმართ მგრძნობიარე საფრენოსნო არე (LSFZ) – საჰაერო სივრცე, რომელიც მდებარეობს LFFZ და LCFZ არეების მიღმა და შესაძლებელია არ მდებარეობდეს მათ უშუალო სიახლოვეს, სადაც ლაზერული გამოსხივება შეზღუდულია იმ დონემდე, როდესაც ნაკლებად შესაძლებელია გაელვებით თვალისმომჭრელი ან ნარჩენი გამოსახულების ეფექტი;
ჰ32) ლაზერული სხივის ზემოქმედებისგან თავისუფალი საფრენოსნო არე (LFFZ) – საჰაერო სივრცე აეროდრომის უშუალო სიახლოვეს, სადაც ლაზერული გამოსხივება შეზღუდულია იმ დონემდე, როდესაც ნაკლებად შესაძლებელია ვიზუალური აღთქმის დარღვევა;
ჰ33) მარკირება – სიმბოლო ან სიმბოლოთა ჯგუფი, რომელიც განთავსებულია სამუშაო მოედნის ზედაპირზე, სააერნაოსნო ინფორმაციის გადასაცემად;
ჰ34) მომნიშვნელი – დედამიწის ზედაპირზე განთავსებული ობიექტი, დაბრკოლებების ან საზღვრების მოსანიშნად;
ჰ35) მონაცემი – ნებისმიერი სიდიდე ან სიდიდეთა ერთობლიობა, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს სხვა სიდიდეების საწყისად ან ათვლის საფუძველს (ISO 19104*);
ჰ36) მოსაცდელი ადგილი ადზ-თან – განსაზღვრული ადგილი, რომელიც განკუთვნილია ადზ-ს დაბრკოლებათა შეზღუდვის ზედაპირის ან ILS/MLS-ის კრიტიკული/მგრძნობიარე არის დასაცავად, სადაც ჩერდებიან და იცდიან მოძრავი სხ-ები და სატრანსპორტო საშუალებები, სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტიდან მორიგი მითითების მიღებამდე;
ჰ37) მოსაცდელი ადგილი მოძრაობის მარშრუტზე – განსაზღვრული ადგილი, სადაც სატრანსპორტო საშუალებას შეიძლება ეთხოვოს გაჩერება;
ჰ38) მოსაცდელი მოედანი – განსაზღვული მოედანი, რომელიც განკუთვნილია საჰაერო ხომალდების დროებით გასაჩერებლად ან მათი შემოსავლელად, საჰაერო ხომალდების სახმელეთო მოძრაობის მოწესრიგების მიზნით;
ჰ39) მუდმივი გამოსხივების სანათი – სანათი, რომელსაც გააჩნია გამოსხივების უცვლელი ინტენსივობა უძრავი წერტილიდან დაკვირვებისას;
ჰ40) მსხვრევადი ობიექტი – მცირე მასის მქონე ობიექტი, რომლის კონსტრუქცია დარტყმითი ზემოქმედებით იმსხვრევა, დეფორმირდება ან იღუნება, რათა მინიმუმამდე დაყვანილი იყოს საჰაერო ხომალდების დაზიანების საფრთხე;
ჰ41) ნიშანი:
ჰ41ა) უცვლელი ინფორმაციის შემცველი ნიშანი, რომელიც იძლევა მხოლოდ ერთ ინფორმაციას;
ჰ41ბ) ცვლილებადი ინფორმაციის შემცველი ნიშანი, რომელიც უზრუნველყოფს წინასწარ განსაზღვრული რამდენიმე ინფორმაციის გადმომცემის შესაძლებლობას ან, აუცილებლობისას, რომელიმე ინფორმაციის გადაცემის შეწყვეტის შესაძლებლობას;
ჰ42) ორთომეტრული სიმაღლე – გეოიდის ზედაპირზე წერტილის სიმაღლე, რომელიც, როგორც წესი, წარმოადგენს შემაღლებას ზღვის საშუალო დონიდან;
ჰ43) სააერნაოსნო შუქურა – ყველა მიმართულებიდან შესამჩნევი, მუდმივი ან ციმციმა ნათების მქონე სახმელეთო სააერნაოსნო სანათი, რომელიც გამოიყენება დედამიწის ზედაპირზე გარკვეული წერტილის მოსანიშნად;
ჰ44) სააეროდრომო შუქურა – ჰაერიდან აეროდრომის მდებარეობის დასადგენი სააერნაოსნო შუქურა;
ჰ45) სადგურის დახრილობა – VOR-ის (ულტრამოკლე ტალღოვანი წრიული რადიოშუქურა) სადგურის დაკალიბრებისას, VOR-ის სადგურის ნულოვანი რადიალის ჭეშმარიტი ჩრდილოეთიდან გადახრის განსაზღვრა;
ჰ46) სამანევრო არე – აეროდრომის ნაწილი, ბაქნების გამოკლებით, რომელიც განკუთვნილია სხ-ების დაფრენის, აფრენისა და მიმოსვლისათვის;
ჰ47) სამიმოსვლო ბილიკების გადაკვეთა – ორი ან რამდენიმე სამიმოსვლო ბილიკის გადაკვეთა;
ჰ48) სამიმოსვლო ბილიკი – სახმელეთო აეროდრომზე საჰაერო ხომალდების მიმოსვლისთვის და აეროდრომის ერთი ნაწილის მეორესთან დასაკავშირებლად განკუთვნილი ბილიკი, მათ შორის:
ჰ48ა) სხ-ის სადგომზე სამიმოსვლო ზოლი – ბაქნის ნაწილი, რომელიც აღნიშნულია, როგორც ბილიკი და გამოიყენება მხოლოდ სხ-ის სადგომამდე მისასვლელად;
ჰ48ბ) ბაქნის სამიმოსვლო ბილიკი – ბაქანზე განლაგებული სამიმოსვლო ბილიკების სისტემის ნაწილი, რომელიც განკუთვნილია ბაქნის გავლით საჰაერო ხომალდის მარშრუტის უზრუნველსაყოფად;
ჰ48გ) ჩქაროსნული გამყვანი სამიმოსვლო ბილიკი – ადზ-თან მახვილი კუთხით მიერთებული სბ, რომელიც დაფრენილ საჰაერო ხომალდს ადზ-დან იმაზე უფრო მეტი სიჩქარით გასვლის საშუალებას აძლევს, ვიდრე ეს სხვა სბ-ზეა შესაძლებელი, რითაც მცირდება ადზ-ს დაკავების დრო;
ჰ49) სამიმოსვლო ბილიკის ზოლი – მონაკვეთი, რომელიც მოიცავს სამიმოსვლო ბილიკს და განკუთვნილია სამიმოსვლო ბილიკზე მოძრავი საჰაერო ხომალდის დასაცავად და მისი დაზიანების რისკის შესამცირებლად, სამიმოსვლო ბილიკის საზღვრებიდან შემთხვევით გადაცდენის შემთხვევაში;
ჰ50) სანათების სისტემის საიმედოობა – ალბათობა იმისა, რომ მოწყობილობები იფუნქციონირებს დასაშვები ნორმის ფარგლებში და სისტემა ვარგისია საექსპლუატაციოდ.
ჰ51) სამუშაო მოედანი – აეროდრომის ნაწილი, რომელიც განკუთვნილია სხ-ების აფრენა-დაფრენისა და მიმოსვლისათვის, მოიცავს სამანევრო არის და ბაქანს (ბაქნებს);
ჰ52) სასიგნალო მოედანი – მოედანი აეროდრომზე, რომელიც განკუთვნილია სახმელეთო ნიშნების განსათავსებლად;
ჰ53) საფარის საკლასიფიკაციო რიცხვი (PCN) – რიცხვი, რომელიც გამოხატავს ხელოვნური საფარის მზიდუნარიანობას, მისი შეუზღუდავი ექსპლუატაციის პირობებში;
ჰ54) საფრენი ზოლი – დადგენილი მონაკვეთი, რომელიც მოიცავს ადზ-ს და დამუხრუჭების ბოლო ზოლს, თუ არსებობს, და განკუთვნილია:
ჰ54ა) ადზ-დან გადაცდომის შემთხვევაში, საჰაერო ხომალდების დაზიანების რისკის შესამცირებლად;
ჰ54ბ) აფრენის ან დაფრენისას, მასზე გადამფრენი საჰაერო ხომალდების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
ჰ55) სახიფათო მონაკვეთი – მონაკვეთი, აეროდრომის სამუშაო ფართობზე, სადაც არსებობს შეჯახების ან/და ადზ-ზე არასანქცირებული შესვლის პოტენციური საფრთხე და საჭიროა მფრინავის/მძღოლის მომატებული ყურადღება;
ჰ56) სახმელეთო სააერნაოსნო სანათები – ნებისნიერი სანათი, გარდა საჰაერო ხომალდზე დამონტაჟებულისა, რომელიც საგანგებოდ განკუთვნილია, როგორც სააერნაოსნო საშუალება;
ჰ57) საჰაერო ხომალდის სადგომი – ბაქანზე საჰაერო ხომალდის სადგომად გამოყოფილი ადგილი;
ჰ58) საჰაერო ხომალდის საკლასიფიკაციო რიცხვი (ACN) – რიცხვი, რომელიც გამოხატავს საჰაერო ხომალდის ფარდობით ზემოქმედებას ხელოვნურ საფარზე, დადგენილი სტანდარტული კატეგორიის გრუნტის სიმტკიცისთვის;
ჰ59) სერტიფიცირებული აეროდრომი – აეროდრომი, რომლის ექსპლუატანტზე გაცემულია აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატი;
ჰ60) სიზუსტე – გაანგარიშებული ან აზომილი მნიშვნელობის ფაქტიურთან შესაბამისობის ხარისხი;
ჰ61) სიმაღლე ელიფსოიდის მიმართ (გეოდეზიური სიმაღლე) – სიმაღლე რეფერენს-ელიფსოიდის ზედაპირის მიმართ, გაზომილი ელიფსოიდის ნორმალის გასწვრივ, განსახილველ წერტილზე გავლით;
ჰ62) სტატიკური დატვირთვის მქონე ზედაპირი – ზედაპირი, რომელიც უძლებს მასზე მდგომი შვეულმფრენის მასას;
ჰ63) ურთიერთდამოუკიდებული პარალელური გაფრენა – პარალელური ან თითქმის პარალელური აღჭურვილი ადზ-ებიდან ერთდროული აფრენა;
ჰ64) უცხო სხეულების ნარჩენები (FOD) – სამუშაო ფართობზე არსებული ნებისმიერი უძრავი ობიექტი, რომელსაც არ გააჩნია არც საექსპლუატაციო და არც სააერნაოსნო ფუნქცია და შეიძლება საფრთხე შეუქმნას საჰაერო ხომალდების ფრენებს;
ჰ65) უსაფრთხოების არე – დადგენილი არე ვერტოდრომზე დასაფრენად შესვლის დასკვნითი საფეხურის და აფრენის არის (FATO) ირგვლივ, რომელიც თავისუფალია დაბრკოლებებისგან, გარდა იმ დაბრკოლებებისა, რომელიც აუცილებელია სააერნაოსნო მიზნებისთვის და განკუთვნილია შვეულმფრენების დაზიანების საფრთხის შესამცირებლად, FATO-ს საზღვრებიდან მისი გაუთვალისწინებელი გადასვლის შემთხვევაში;
ჰ66) უსაფრთხოების გვერდითა ზოლი – ხელოვნური საფარის კიდის მომიჯნავედ განთავსებული და სათანადოდ მოწყობილი მონაკვეთი, რათა უზრუნველყოფილი იყოს ხელოვნური საფარიდან მასზე გადასვლა;
ჰ67) ფრენების დაცული არეები – ლაზერული გამოსხივების სახიფათო ზემოქმედების შემცირების მიზნით, კონკრეტული დადგენილი საჰაერო სივრცე;
ჰ68) შემოყინვის საწინააღმდეგო დამუშავების არე – არე, სადაც ხორციელდება საჰაერო ხომალდის ზედაპირიდან თოვლის, ყინულის ნადების მოცილება და/ან საჰაერო ხომალდის სუფთა ზედაპირის დამუშავება შემოყინვის საწინააღმდეგო სითხით, რომელიც დროის გარკვეულ პერიოდში საჰაერო ხომალდს იცავს ყინულის ნადების, თოვლის ან ჭყაპისაგან;
ჰ69) შემოყინვის საწინააღმდეგო დამუშავების მოედანი – მოედანი, რომელიც მოიცავს საჰაერო ხომალდის სადგომის შიდა არეს, საჰაერო ხომალდის შემოყინვის საწინააღმდეგო დამუშავებისთვის და გარე არეს, ორი ან რამდენიმე შემოყინვის საწინააღმდეგო დამუშავების მოძრავი საშუალებების მანევრირებისთვის;
ჰ70) შემოყინვისგან დაცვის ეფექტური დრო – სავარაუდო დრო, რომლის განმავლობაშიც საჰაერო ხომალდის შემოყინვის საწინააღმდეგო სითხით დამუშავებულ ზედაპირზე არ წარმოიქმნება ყინული და ჭირხლი, ასევე, არ ხდება თოვლის დაგროვება;
ჰ71) შემოწმება ციკლური ზედმეტობის კოდით (CRC) – მონაცემთა ციფრული გამოსახვის მათემატიკური ალგორითმი, მონაცემთა დაკარგვის ან ცვლილებისგან დაცვის განსაზღვრული დონის უზრუნველსაყოფად;
ჰ72) შეტყობინება ადზ-ს მდგომარეობის შესახებ – დეტალური სტანდარტიზებული შეტყობინება ადზ-ს ზედაპირის მდგომარეობის და საჰაერო ხომალდის ასაფრენ-დასაფრენ მახასიათებლებზე მისი გავლენის შესახებ;
ჰ73) შეწყვეტილი აფრენის არე – დადგენილი არე ვერტოდრომზე, რომელიც გამოსადეგია შვეულმფრენის შეწყვეტილი აფრენის დასასრულებლად, რომელიც ფრენას ახორციელებს 1-ლი კლასის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად;
ჰ74) შეწყვეტილი დაფრენა – დაფრენა, რომელიც მოულოდნელად წყდება, დაბრკოლებების გადაფრენის აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლის (ОСА/Н) ნებისმიერი წერტილის ქვევით;
ჰ75) შეხების არე – მონაკვეთი ადზ-ს ზღურბლის შემდეგ, რომელიც საჰაერო ხომალდის დაფრენის დროს განკუთვნილია პირველი შეხებისთვის;
ჰ76) შვეულმფრენის სადგომი – საჰაერო ხომალდის სადგომი, რომელიც განკუთვნილია შვეულმფრენის სადგომად და სადაც მთავრდება ხმელეთზე მიმოსვლა, ან სადაც შვეულმფრენი ახორციელებს ხმელეთზე დაშვებას და აწევას, ჰაერში მიმოსვლისთვის;
ჰ77) შვეულმფრენის სამიმოსვლო მარშრუტი – დადგენილი ტრაექტორია, რომელიც დაწესებულია შვეულმფრენის გადასაადგილებლად ვერტოდრომის ერთი ნაწილიდან მეორეში. სამიმოსვლო მარშრუტი მოიცავს შვეულმფრენის საჰაერო ან სახმელეთო სამიმოსვლო ბილიკს, რომელიც გადის სამიმოსვლო მარშრუტის ღერძულა ხაზზე;
ჰ78) შვეულმფრენის სახმელეთო სამიმოსვლო ბილიკი (სბ) – სახმელეთო სამიმოსვლო ბილიკი, რომელიც განკუთვნილია ბორბლიანი შასის მქონე შვეულმფრენების სახმელეთო მიმოსვლისთვის;
ჰ79) შვეულმფრენის საჰაერო სამიმოსვლო ბილიკი (სბ) – დადგენილი ბილიკი ზედაპირზე, რომელიც განკუთვნილია შვეულმფრენების საჰაერო მიმოსვლისთვის;
ჰ80) შუალედური მოსაცდელი ადგილი – განსაზღვრული ადგილი, რომელიც განკუთვნილია მოძრაობის მართვის მიზნებისთვის, სადაც ჩერდებიან და იცდიან მოძრავი საჰაერო ხომალდები და სატრანსპორტო საშუალებები, მოძრაობის გასაგრძელებად შემდგომი ნებართვის მისაღებად, როდესაც ასეთი სახის მითითებებს იღებენ სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტიდან;
ჰ81) ჩვეული ფრენების არე (NFZ) – საჰაერო სივრცე, რომელიც არ არის განსაზღვრული როგორც LFFZ (ლაზერული სხივის ზემოქმედებისგან თავისუფალი საფრენოსნო არე), LCFZ (ლაზერული სხივის ზემოქმედების თვალსაზრისით, ფრენებისთვის კრიტიკული არე) და LSFZ (ლაზერული სხივის ზემოქმედების მიმართ მგრძნობიარე საფრენოსნო არე), მაგრამ დაცულია თვალის ბიოლოგიური დაზიანების გამომწვევი ლაზერული გამოსხივებისგან;
ჰ82) ცალკეული პარალელური ოპერაციები – პარალელური ან თითქმის პარალელური აღჭურვილი ადზ-ების ერთდროული გამოყენება, როდესაც ერთი ადზ გამოიყენება მხოლოდ დასაფრენად შესვლისთვის, ხოლო მეორე – ასაფრენებისთვის;
ჰ83) ძირითადი ადზ – ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომელიც ხელსაყრელი პირობეში, სხვა ასაფრენ-დასაფრენ ზოლებთან მიმართებაში გამოიყენება უპირატესად;
ჰ84) ხაზოვანი სანათი – სამი ან მეტი სახმელეთო საერნაოსნო სანათი, რომელიც განთავსებულია განივ ხაზზე, მცირე ინტერვალებით ისე, რომ შორი მანძილიდან ჩანს, როგორც მოკლე სინათლის ზოლი;
ჰ85) ჯალამბარის მოედანი – მოედანი, განკუთვნილი შვეულმფრენით პირების ან ტვირთის გადასაზიდად ხომალდზე ან ხომალდიდან;
ჰ86) D – შვეულმფრენის უდიდესი გაბარიტული ზომა ხრახნ(ებ)ის ბრუნვისას, გაზომილი მზიდი ხრახნის ფრთის ბრუნვის სიბრტყის წინა კიდურა წერტილიდან ბოლოხრახნის ბრუნვის სიბრტყის უკანა კიდურა წერტილამდე ან შვეულმფრენის კონსტრუქციის ბოლოს კიდურა წერტილამდე.
ჰ87) ამ რეგლამენტში გამოყენებული სხვა ტერმინები განმარტებული უნდა იქნეს შესაბამის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, თუ ის არ ეწინააღმდეგება ამ რეგლამენტის მიზნებსა და ამოცანებ