1. ამ მუხლის გათვალისწინებით იმპორტის გადასახადისაგან თავისუფლდება პირის კუთვნილი მზითევი და საყოფაცხოვრებო ნივთის შემოტანა, (განურჩევლად იმისა, არის თუ არა ეს საქონელი ახალი), თუ ეს პირი ქორწინების გამო უცხო ქვეყნიდან საცხოვრებლად გადმოდის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის პირობების შესაბამისად, უცხო ქვეყანაში მცხოვრები პირისაგან მიღებული საქორწინო საჩუქარი, რომელსაც იღებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ქორწინების გამო საცხოვრებლად გადმოსული პირი, თავისუფლდება იმპორტის გადასახადისაგან. ამასთანვე, ერთი საჩუქრის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება პირზე, რომელიც ასრულებს შემდეგ პირობებს:

ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ცხოვრობდა სულ მცირე უწყვეტი 12 თვის განმავლობაში. ამასთანავე, აღნიშნული მოთხოვნა არ მიიღება მხედველობაში, თუ დგინდება, რომ პირს განზრახული ჰქონდა ეცხოვრა საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ სულ მცირე უწყვეტი 12 თვის განმავლობაში;

ბ) წარმოადგენს ქორწინებაში ყოფნის ფაქტის დამადასტურებელ დოკუმენტს.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება ალკოჰოლიან ნაწარმზე, თამბაქოზე და თამბაქოს ნაწარმზე.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება საქონელზე, რომელიც თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად შემოტანილ იქნა:

ა) არაუადრეს ორი თვისა ქორწინების თარიღამდე (ამ შემთხვევაში სავალდებულოა გარანტიის წარმოდგენა, რომლის ფორმა და ოდენობა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ);

ბ) არაუგვიანეს ოთხი თვისა ქორწინების თარიღიდან.

6. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქონელი თავისუფალ მიმოქცევაში შეიძლება გაიშვას რამდენიმე სასაქონლო პარტიად, ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ ვადებში.

7. დაუშვებელია ამ მუხლის შესაბამისად შეღავათით შემოტანილი საქონლის თხოვება, უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება ან სხვა პირისათვის ნებისმიერი სახით გადაცემა სასყიდლით ან უსასყიდლოდ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისათვის შემოტანის თარიღიდან 12 თვის განმავლობაში საბაჟო ორგანოსათვის წინასწარ შეტყობინების გარეშე.

8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში, შეღავათით შემოტანილი საქონლის თხოვება, უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება ან სხვა პირისათვის ნებისმიერი სახით გადაცემა იწვევს ამ საქონელზე შესაბამისი იმპორტის გადასახადის გადახდის ვალდებულებას იმ განაკვეთით, რომელიც მოქმედებს ასეთი თხოვების, უზრუნველყოფის საგნად გამოყენების, გაქირავების ან სხვა პირისათვის ნებისმიერი სახით გადაცემის მომენტში, გამომდინარე საქონლის სახეობიდან და ამავე მომენტისათვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდა