1. საქონლის წარმოშობა განისაზღვრება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების გატარების მიზნით.
2. საქონლის წარმოშობა შეიძლება იყოს არაპრეფერენციული ან პრეფერენციული.
3. საქონლის არაპრეფერენციული წარმოშობა გამოიყენება:
ა) იმპორტის გადასახადის მიზნისათვის, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობისათვის;
ბ) საგარეო ვაჭრობის მარეგულირებელი არასატარიფო ღონისძიების გატარებისათვის, რომელიც დადგენილია სხვა სამართლებრივი აქტებით.
4. საქონელს მიენიჭება არაპრეფერენციული წარმოშობა და ჩაითვლება იმ ქვეყანაში წარმოშობილად:
ა) სადაც მთლიანად მიღებულია ეს საქონელი;
ბ) სადაც განიცადა ბოლო მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია, როდესაც მის წარმოებაში ჩართული იყო ერთზე მეტი ქვეყანა.
5. საქონლის პრეფერენციული წარმოშობის განსაზღვრის კრიტერიუმები და წესი, ასევე პრეფერენციული წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმა და მისი შევსების წესი განისაზღვრება შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით. საქონლის პრეფერენციული წარმოშობის წესებით დგინდება საქონლის წარმოშობის განსაზღვრის ის პირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს საქონელი, რათა მის მიმართ გამოყენებულ იქნეს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შეღავათები.
6. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პრეფერენციებით სარგებლობისათვის საბაჟო ორგანოს წარედგინება საქონლის წარმოშობის პრეფერენციული სერტიფიკატი ან შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით/შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტი.
7. თუ საბაჟო ორგანო ეჭვს შეიტანს საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის ან შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით/შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტის ნამდვილობაში ან მასში აღნიშნული მონაცემების სისწორეში, მას შეუძლია თხოვნით მიმართოს სერტიფიკატის/დოკუმენტის გამცემ ორგანოს ან სერტიფიკატის/დოკუმენტის გამცემი ქვეყნის სხვა კომპეტენტურ უწყებას დამატებითი ან დაზუსტებული მონაცემების მისაღებად.
8. საქართველოში წარმოშობის სტატუსის მქონე საქონელზე წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის პროცედურები და წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.