1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილი), შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში უზრუნველყოფს სახელმწიფო მმართველობისა და სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას.
2. სამინისტრო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
3. სამინისტროს მმართველობის სფერო განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით. სამინისტრო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს ცენტრალური აპარატისა და მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მეშვეობით.
4. თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.
5. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და ასრულებს საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ან საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
6. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
7. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს.
8. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიშები ხაზინაში, ხარჯთაღრიცხვა, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომლის ფორმასა და გამოყენების წესს განსაზღვრავს მინისტრი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
9. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზირი №144, საფოსტო ინდექსი: 011