1. საბაზო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვება პირი, რომელმაც დაძლია სულ მცირე საბაზო ზოგადი განათლების პროგრამა.

2. პირი, რომელმაც დაძლია სულ მცირე:

ა) საბაზო ზოგადი განათლების პროგრამა, დაიშვება იმ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები;

ბ) სრული ზოგადი განათლების პროგრამა, დაიშვება საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

3. უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვება პირი, რომელმაც დაძლია სრული ზოგადი განათლების პროგრამა.

4. პირი ვალდებულია ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ერთ-ერთ პროგრამაზე ჩარიცხვიდან 3 თვის ვადაში შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას წარუდგინოს საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი/სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, მასთან გათანაბრებული დოკუმენტი ან განათლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, რომელიც აღნიშნულ პირს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საბაზო ზოგადი განათლების/სრული ზოგადი განათლების მიღების საფუძველზე გადაეცა. ეს პირი თავისუფლდება აღნიშნული დოკუმენტების წარდგენის ვალდებულებისგან იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის დაძლევა დასტურდება პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

5. პროფესიული მომზადების პროგრამაზე ან პროფესიული გადამზადების პროგრამაზე დაიშვება პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი პროგრამით დადგენილ პირობებს.

საქართველოს 2024 წლის 15 მაისის კანონი №4162 – ვებგვერდი, 21.05.2024წ.

საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №692 – ვებგვერდი, 26.06.2025