1. მწარმოებელი ვალდებულია, სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია შეადგინოს ამ რეგლამენტის მე-4 და მე-6 მუხლების შესაბამისად, ხოლო პროდუქტზე ნიშანდება დაიტანოს ამ რეგლამენტის მე-8 და მე-9 მუხლების შესაბამისად. მწარმოებელმა, სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციას საფუძველად უნდა დაურთოს ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც მოიცავს სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის შეფასებისა და ვერიფიკაციისათვის გამოყენებული სისტემის ყველა შესაბამისი ელემენტის შესახებ ინფორმაციას.

2. მწარმოებელი ვალდებულია, შეინახოს ტექნიკური დოკუმენტაცია და სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია სამშენებლო პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში.

3. მწარმოებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ სერიული წარმოებისას სამშენებლო პროდუქტი ინარჩუნებდეს დეკლარირებულ სამშენებლო პროდუქტის თვისებებს. მწარმოებელმა ასევე უნდა გაითვალისწინოს პროდუქტის ტიპსა და მასთან დაკავშირებულ ჰარმონიზებულ ტექნიკურ სპეციფიკაციებში განხორციელებული ცვლილებები. მწარმოებელი ვალდებულია, შესაბამის შემთხვევაში, დეკლარირებული სამშენებლო პროდუქტის თვისებების სიზუსტის, სტაბილურობისა და საიმედოობის შენარჩუნების მიზნით, განახორციელოს ბაზარზე განთავსებული ან ხელმისაწვდომი სამშენებლო პროდუქტის ნიმუშის გამოცდა, ასევე, გამოიკვლიოს და საჭიროების შემთხვევაში, შეინახოს: საჩივრები, პროდუქტის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობების შემთხვევებისა და პროდუქტის გამოთხოვის შემთხვევების შესახებ ინფორმაცია. მწარმოებელი ვალდებულია, ამგვარი მონიტორინგის შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს დისტრიბუტორებს.

4. მწარმოებელი ვალდებულია, რომ სამშენებლო პროდუქტზე დაიტანოს ტიპის, პარტიის ან სერიის ნომერი ან სხვა ნებისმიერი ნიშანი, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქტის იდენტიფიცირებას. იმ შემთხვევებში, თუ აღნიშნული ვერ ხერხდება სამშენებლო პროდუქტის ზომის, ფორმის ან სხვა ფიზიკური მახასიათებლის გამო, ინფორმაცია დაიტანება სამშენებლო პროდუქტის შეფუთვაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ან თანდართულ დოკუმენტაციაზე.

5. მწარმოებელი ვალდებულია, სამშენებლო პროდუქტზე დაიტანოს საკუთარი დასახელება, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია. თუ აღნიშნული ვერ ხერხდება სამშენებლო პროდუქტის ზომის, ფორმის ან/და სხვა ფიზიკური მახასიათებლის გამო, მითითებული ინფორმაცია დატანილი უნდა იქნეს პროდუქტის შეფუთვაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ან თანდართულ დოკუმენტაციაზე.

6. მწარმოებელმა ბაზარზე განთავსებისას სამშენებლო პროდუქტს უნდა დაურთოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისთვის გათვალისწინებულ ენაზე შედგენილი შესაბამისი ინსტრუქციები და პროდუქტის უსაფრთხო მოხმარებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

7. მწარმოებელი, რომელიც ფლობს ინფორმაციას ან აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტი არ შეესაბამება სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციაში მითითებულ ინფორმაციას, ან არ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის სხვა შესაბამის მოთხოვნებს, ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი მაკორექტირებელი ზომები, რათა სამშენებლო პროდუქტი მოიყვანოს შესაბამისობაში აღნიშნულ მოთხოვნებთან ან აუცილებლობის შემთხვევაში, მოახდინოს სამშენებლო პროდუქტის ბაზრიდან ამოღება ან გამოთხოვა. იმ შემთხვევაში, თუ ბაზარზე განთავსებული სამშენებლო პროდუქტი შეიცავს საფრთხეს, მწარმოებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს, მათ შორის, შეუსაბამობისა და განხორციელებული მაკორექტირებელი ღონისძიებების შესახებ.

8. მწარმოებელი ვალდებულია, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე წარუდგინოს ყველა შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციასთან და ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებთან შესაბამისობას პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისათვის გათვალისწინებულ ენაზე. მწარმოებელი ვალდებულია, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან ყველა იმ ღონისძიებების ფარგლებში, რომელიც მიმართულია ბაზარზე განთავსებული პროდუქტის მიერ გამოწვეული საფრთხეების აღმოსაფხვრელა