ცენტრის დებულებასა და წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ერთობლივი საზღვაო ოპერაციები – საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, მიმდებარე ზონაში, ტერიტორიულ ზღვაზე, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ნავსადგურებსა და ტერმინალებში, მათ საჰაერო სივრცეში, კონტინენტურ შელფზე, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების, საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განხორციელებული ერთობლივი ღონისძიებები, რომელთა მიზანია საქართველოს საზღვაო სივრცეში არსებული სიტუაციის შესახებ ერთიანი ოპერაციული სურათის შექმნა, მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენცია, გამოვლენა და აღმოფხვრა, ასევე ძებნა-გადარჩენის ოპერაციების ხელშეწყობა, ზღვის გარემოს დაცვა, ბუნებრივ და სტიქიურ უბედურებასთან ბრძოლა და სხვა;
ბ) საზღვაო ინციდენტი – გემის ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ან ექსპლუატაციასთან დაკავშირებული არასასურველი საზღვაო მოვლენა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი გემზე, გემის აფეთქება, მეჩეჩზე დაჯდომა, შეჯახება, გემის კორპუსის გაბზარვა, გემის კონსტრუქციული დაზიანება (ნახვრეტი გემის კორპუსის წყალქვეშა ნაწილში, მთავარი ძრავის მწყობრიდან გამოსვლა, გემზე არსებული საცხოვრებელი სადგომების მნიშვნელოვანი დაზიანება), გარემოს დაბინძურება, საზღვაო ინფრასტრუქტურის დაზიანება, გემის მართვის დაკარგვა, გემზე მყოფ ადამიანთა სიცოცხლის ხელყოფა, ჯანმრთელობის დაზიანება ან გემიდან გაუჩინარება, გემის დაღუპვა, უგზო-უკვლოდ დაკარგვა და სხვა;
გ) საზღვაო ვითარების გაცნობიერებულობა – საქართველოს საზღვაო სივრცეში, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში საზღვაო საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის შესახებ ინფორმირებულობა, რამაც შესაძლებელია ზეგავლენა იქონიოს ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ეკონომიკაზე ან ბუნებრივ გარემოზე;
დ) ერთიანი ოპერაციული სურათი – ზღვაზე არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციის ინტეგრირებული გამოსახულება;
ე) მონაწილე უწყებები – ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უწყებები;
ვ) ინფორმაცია – მონაცემი, მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ნებისმიერი ცნობა, განცხადება, ანგარიში, ფოტომასალა, რუკა, აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, ნებისმიერი მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალებით გავრცელებული მასალა, რომელიც გადმოიცემა სიტყვიერად, წერილობით ან სხვა საშუალებით (პირობითი სიგნალი, ტექნიკური საშუალებები), საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ნებისმიერი სახის ღია ან დახურული ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია;
ზ) ღია ინფორმაცია – საჯარო ინფორმაცია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო, საგადასახადო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა;
თ) დახურული ინფორმაცია – ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო, საგადასახადო ან კომერციულ საიდუმლოებას;
ი) კრიზისული სიტუაცია – ბუნებრივი ან/და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული (ტექნოგენული) საფრთხე, ასევე შემთხვევა, რომელიც იწვევს ადამიანის გარდაცვალებას, მნიშვნელოვან ზიანს საქართველოს საზღვაო სივრცეში, საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში, ასევე ხელყოფს ეროვნულ უსაფრთხოებასა და სამართლებრივ რეჟიმს;
კ) ინფორმაციის მართვა – ინფორმაციის მიღება, მოძიება, დამუშავება, გაცვლა, შენახვა და დაარქივება;
ლ) მესამე პირი – ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი, ასევე ადმინისტრაციული ორგანო, გარდა ცენტრის, მონაწილე უწყებებისა და მათი წარმომადგენლების/ექსპერტებისა;
მ) საქართველოს საზღვაო სივრცე – შავ ზღვაში საქართველოს შიდა საზღვაო წყლები, ტერიტორიული ზღვა (წყლები), მიმდებარე ზონა, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა და კონტინენტური შელფი;
ნ) ანალიტიკური პროდუქტი – ცენტრის მიერ მიღებული ან მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, გარკვეული პერიოდულობით შემუშავებული საინფორმაციო-ანალიტიკური დოკუმენტი (კრებსითი ინფორმაცია, საინფორმაციო ცნობა, ანალიტიკური ბარათი, ანგარიში და ა.შ.);
ო) უკუგება – მონაწილე უწყებების შეფასება ცენტრიდან მიღებული ინფორმაციის თაობაზე ან/და მიღებულ ანალიტიკურ პროდუქტზე დაყრდნობით;
პ) ინფორმაციის რეგულარული შეგროვება – ცენტრისა და მონაწილე უწყებების მიერ ინფორმაციის სისტემატური შეგროვება მათი სტანდარტული სამუშაო რეჟიმის მიხედვით;
ჟ) ინფორმაციის მიზნობრივი შეგროვება – ინფორმაციის შეგროვება კონკრეტული ფაქტის, ოპერაციის საინფორმაციო მხარდაჭერის ან/და სტრატეგიული დონის ანალიტიკური დოკუმენტის შემუშავების მიზნით;
რ) ტერმინალი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული საბაჟო ტერმინალი და საბაჟო საწყობი;
ს) MMSI – საზღვაო მობილური მომსახურების იდენტიფიკატორი;
ტ) IMO – საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცი