1. „მწვანე ქალაქი“ არის თბილისის გარემოსდაცვითი და სარეკრეაციო პირობების გაუმჯობესების ერთიანი კონცეფცია. მის ფარგლებში თბილისის ბუნებრივი და ხელქმნილი გარემო განიხილება ერთიან სისტემად და ხაზი ესმება მათ შორის ურთიერთდამოკიდებულებას.
2. თბილისის მწვანე სივრცეები განხილულ უნდა იქნეს როგორც ერთიანი სისტემა. ამდენად, ხელი უნდა შეეწყოს ყველა განვითარებას, რომელიც გულისხმობს მწვანე სივრცეების ურთიერთდაკავშირებას, მათი ერთმანეთისაგან სამშენებლო ობიექტებით გამიჯვნის სანაცვლოდ.
3. მიდგომის მიზანია გაზარდოს ქალაქის კომფორტულობა და უსაფრთხოება მისი ლანდშაფტების გათვალისწინებით.
4. მოცემული კონცეფცია გამოყოფს თბილისის ქალაქწარმომქმნელ სამ ძირითად ელემენტს, რომელთა დაცვა-განვითარება და ვიზუალური ხაზგასმა პრიორიტეტულად უნდა განისაზღვროს ყველა იმ აქტივობისათვის, რომელსაც ცვლილება შეაქვს თბილისის არქიტექტურულ და ურბანულ იერსახეში. ეს ელემენტებია:
ა) მდ. მტკვარი და ქალაქის ნაშენი ნაწილის მასთან ისტორიული ურთიერთდამოკიდებულება;
ბ) თბილისში არსებული მცირე მდინარეები;
გ) განაშენიანებული ნაწილის გარეთ არსებული თბილისის ლანდშაფტი, რომელიც ძირითადად გამოხატულია მთაგორიანი რელიეფით.
5. მოცემული ელემენტებისათვის საჯაროდ ხელმისაწვდომი სახის შენარჩუნება და მათდამი წვდომის ზრდა წარმოადგენს ქალაქგანვითარებით პრიორიტეტს.
6. მწვანე ქალაქის კონცეპტუალური მიდგომის პრაქტიკაში გადატანა და მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ასახვა ხდება ზონირებითი ხელსაწყოებით შემდეგი ძირითად დებულებების გათვალისწინებით:
ა) „მდინარე და ქალაქი“ (მდ. მტკვრის ნაპირების სარეკრეაციო განვითარების პრიორიტეტიზაცია და ქალაქსა და მდ. მტკვარს შორის არსებული კულტურული კავშირის ხაზგასმა);
ბ) მცირე მდინარეებისა და მათი კალაპოტების გახსნა-გამონთავისუფლება;
გ) ერთიანი მწვანე სივრცეებისა და ბაღ-პარკების განვითარება;
დ) ქალაქთმშენებლობითი შეზღუდვებით გაუნაშენიანებელი და განაშენიანებული ტერიტორიების გამიჯვნა;
ე) ბრაუნფილდების ხელახალი გამოყენებისათვის სარეკრეაციო და მწვანე ფუნქციების პრიორიტეტიზაცია;
ვ) თბილისის ცენტრალური მულტიფუნქციური არეალის გეგმარებითი განვითარებისათვის სარეკრეაციო და მწვანე ფუნქციების პრიორიტეტიზაცია;
ზ) პოლიცენტრული განვითარება.
7. „მწვანე ქალაქის“ კონცეფციით განსაზღვრული ძირითადი ამოცანებია:
ა) შემცირდეს ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედება ქალაქის მდგრადი განვითარებისათვის აუცილებელ მინიმუმამდე, ბუნებრივი ლანდშაფტების მკაცრი დაცვით გაუნაშენიანებელ ტერიტორიებზე და მისი სიკეთეების ეფექტიანი, ოპტიმალური გამოყენებით ქალაქის ნაშენ ნაწილში;
ბ) თბილისის სარეკრეაციო სისტემა უნდა დაეფუძნოს ბუნებრივი გარემოს ელემენტებს - განაშენიანებული ტერიტორიების გარეთ არსებულ, ბუნებრივ ლანდშაფტს და მტკვრისა და მცირე მდინარეების სანაპიროების გასწვრივ არსებულ და დაგეგმილ ღია სივრცეებს, რომლებიც ქალაქის ნაშენ ნაწილში ერთიან სარეკრეაციო ქსელს შექმნიან;
გ) მტკვრისპირა სარეკრეაციო სისტემამ, ერთი მხრივ, უნდა დაიცვას მდინარის ჩრდილო-დასავლეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით არსებული ბუნებრივი ლანდშაფტები, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოს ქალაქის ცენტრალური ნაწილი მდინარისპირა ურბანული სარეკრეაციო სივრცეებით, რომლებიც ქალაქის განიავებისა და გაგრილების დერეფნების ფუნქციასაც შეასრულებს;
დ) მტკვრისა და მისი შენაკადების გასწვრივ უნდა მოეწყოს უწყვეტი გამწვანებული საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკების ქსელი, რომელიც ურბანული ხაზოვანი გამწვანების დერეფნებთან ერთად ველომოყვარულთათვის და ფეხით მოსიარულეთათვის კომფორტულს გახდის ქალაქში გადაადგილებას და ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაფუძნებას;
ე) თბილისის გამწვანებული რეკრეაციული სივრცეები უნდა ჩამოყალიბდეს ერთიან, შეკავშირებულ სისტემად, რაც, ერთი მხრივ, გაზრდის მათ ეფექტურობას დამსვენებელთათვის ფართო, ერთმანეთთან დაკავშირებული სასეირნო თუ სავარჯიშო ქსელის შეთავაზებით და, მეორე მხრივ, იქნება კომფორტული, ეფექტური გადაადგილების საშუალება ფეხით მოსიარულეთა და ველომოყვარულთათვის;
ვ) საერთო სარგებლობის გამწვანებული ტერიტორიებისა და ღია სივრცეების ფართობი უბნების მიხედვით, ქალაქის განაშენიანებულ ნაწილში, ერთ სულ მოსახლეზე უნდა გასამმაგდეს და აღემატებოდეს ერთ მოსახლეზე 10 კვ/