1. თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას ხარვეზის არსებობის თაობაზე და განმცხადებელს გამოსასწორებლად მისცემს 5 სამუშაო დღეს. თუ განმცხადებელი აღნიშნულ ვადაში გამოასწორებს ხარვეზს და სასამართლო დაადგენს მოვალის გადახდისუუნარობას/მოსალოდნელ გადახდისუუნარობას, სასამართლო გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე.

2. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მოვალე არ არის გადახდისუუნარო/მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი, სასამართლო გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე.

3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების გამოტანიდან 3 თვის განმავლობაში გადახდისუუნარობის საქმის აღძვრა იმავე განმცხადებლის მიერ იმავე სუბიექტის მიმართ, არსებითად იმავე გარემოებებზე დაყრდნობით, დაუშვებელია. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე.

4. თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში, მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი იმავე მოვალის მიმართ სასამართლოში არ შეიტანს განცხადებას გადახდისუუნარობის შესახებ.

5. კრედიტორის ინფორმირებისათვის, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა, სასამართლო ელექტრონულ სისტემაში, აგრეთვე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე აქვეყნებს:

ა) განჩინების მიხედვით საჯაროდ გავრცელებისათვის განსაზღვრულ ინფორმაციას;

ბ) ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ კრედიტორს, ამ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში, შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით.

6. თუ, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში, კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოვალის ქონება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეგისტრაციის გაუქმებამდე ნაწილდება მის პარტნიორებზე მათი წილის პროპორციულად, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

8. სასამართლო ვალდებულია, ყველა ზომა მიიღოს საქმის გარემოებათა სრულად და ყოველმხრივ გამოკვლევისათვის, მათ შორის, რომელიმე მხარის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენების რისკების არარსებობის, ასევე კონკრეტულ საქმეზე ამ კანონით განსაზღვრული მიზნების მაქსიმალურად ეფექტიანად მიღწევისათვის შესაბამისი წინაპირობების არსებობის გამოსავლენად და დასადასტურებლად. თუ განხილვის შედეგად სასამართლოს გაუჩნდა ვარაუდი, რომ ამ კანონის 44-ე მუხლის მე-7 პუნქტით ან 45-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მითითება დაუსაბუთებელია ან წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის ნამდვილი ან არასაკმარისია მითითების დასაბუთებისათვის, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზ