1. სასამართლო, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისთანავე, ამ კანონის მიხედვით შერჩეულ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსს შეატყობინებს რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნისა და მისი მმართველად დანიშვნის შესახებ. შეტყობინებას თან ერთვის განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე.
2. თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას, მმართველი:
ა) გასცემს თანხმობას ისეთ გარიგებაზე:
ა.ა) რომელიც იდება 2 თვეზე მეტი ვადით;
ა.ბ) რომელიც სცილდება მოვალის ჩვეულებრივ კომერციულ საქმიანობას;
ა.გ) რომლის ღირებულებაც წინა წლის ბრუნვის 30%-ს აღემატება;
ბ) ადგენს ანგარიშებს ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და წარუდგენს სასამართლოს;
გ) ანგარიშის შედგენის მიზნით შეისწავლის კრედიტორულ მოთხოვნებს;
დ) ადგენს კრედიტორთა პირველად რეესტრს ამ კანონის 52-ე მუხლის შესაბამისად;
ე) უფლებამოსილია, მოვალისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობის, საქმიანობისა და გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის მომენტისათვის მიმდინარე დავების შესახებ. მმართველს უფლება აქვს მოსთხოვოს მოვალეს მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის დაზუსტება;
ვ) იძიებს და აღწერს მოვალის სახელზე რიცხულ ქონებას;
ზ) დაუყოვნებლივ ატყობინებს კრედიტორებს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და საქმის წარმოებაში ელექტრონული სისტემის გამოყენების ვალდებულების შესახებ. შეტყობინებაში ასევე მითითებული უნდა იყოს კრედიტორების უფლება, წარმოადგინონ მოთხოვნები და მოსაზრებები ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში;
თ) შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს მისთვის მოვალის მართვის უფლების სრულად გადაცემის შესახებ, თუ საწარმოს რაიმე მიზეზით არ ჰყავს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, რომელსაც შენარჩუნებული აქვს ამ კანონით განსაზღვრული წესით საწარმოს მართვის უფლება:
თ.ა) არ თანამშრომლობს მასთან ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
თ.ბ) ცალსახად ზიანს აყენებს გადახდისუუნარობის მასას;
თ.გ) თავს არიდებს კანონმდებლობით ან მოვალის წესდებით დადგენილი მოვალეობის შესრულებას, მათ შორის, აღარ მართავს საწარმოს.
3. მმართველის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გარიგებაზე თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოვალეს შეუძლია ნებართვის გაცემის მოთხოვნით განცხადებით მიმართოს სასამართლო