1. შრომის უსაფრთხოების ნორმების შემოწმების მიზნით, ობიექტზე შესაძლებელია განხორციელდეს ინსპექტირება და განმეორებითი ინსპექტირება (რეინსპექტირება).

2. ობიექტის ინსპექტირება შესაძლებელია განხორციელდეს ნაწილობრივ, კონკრეტული საკითხების შესწავლის მიზნით (ნაწილობრივი ინსპექტირება) ან სრულად, ობიექტზე შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებული დარღვევების სრულყოფილად შესწავლის მიზნით (ინსპექტირება).

3. ინსპექტირების განმახორციელებელი პირის მიერ ინსპექტირების ჩატარების წესი, პირობები და ვადა განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონით „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ დადგენილი წესისა და ამ დადგენილების შესაბამისად.

4. ინსპექტირება მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

ა) ობიექტების შემოწმება შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმების მიზნით;

ბ) უბედური შემთხვევების მოკვლევისას უბედური შემთხვევის გამომწვევი ფაქტორების იდენტიფიცირებასა და ასევე სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა პროფესიული დაავადებების ფაქტების გამოვლენას;

გ) ადამიანთა ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტების გამოვლენის მიზნით ინსპექტირების განხორციელებასა და შესაბამისი დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ინფორმირებას;

დ) შრომის უსაფრთხოების სფეროში გამოვლენილ დარღვევებზე პრევენციული ღონისძიებების გატარებას. ასევე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საფრთხეების შესახებ დამსაქმებელთა და დასაქმებულთა კონსულტირებასა და ინფორმირებას.

თავი II

ობიექტის ინსპექტირებისას განსახორციელებელი ღონისძიება