1. ინსპექტირების ჯგუფმა ინსპექტირების პროცესი უნდა განახორციელოს ჩართული ფოტო-ვიდეოგადამღები მოწყობილობით. ჯგუფის თითოეული წევრი უნდა აღიჭურვოს სათანადო ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, რომლებიც გამოყოფილია მისთვის შრომის ინსპექციის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.

2. ობიექტზე შესვლისთანავე ობიექტის უფლებამოსილი პირის მიმართ ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ უნდა განხორციელდეს ინსპექტირების ჯგუფის თითოეული წევრის წარდგენა, ინსპექტირების მიზნის გაცნობა და განსახორციელებელი ინსპექტირების პროცედურის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

3. ობიექტზე ინსპექტირების დაწყებამდე ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ ობიექტის უფლებამოსილ პირს უნდა განემარტოს მისი უფლება-მოვალეობანი ინსპექტირების პროცესში და მიეწოდოს ინფორმაცია ინსპექტირების მოსალოდნელი შედეგების შესახებ.

4. ობიექტის წარმომადგენელისგან ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ მოთხოვნილი უნდა იქნეს სრულყოფილი ინფორმაცია ობიექტზე არსებული საფრთხისშემცველი ფაქტორების (მათ შორის, საფრთხისშემცველი ადგილებისა და გარემოებების) შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, ინსპექტირების ჯგუფის თითოეულ წევრს უნდა ჩაუტარდეს სათანადო ინსტრუქტაჟი ობიექტზე არსებული საფრთხისშემცველი ფაქტორების შესახებ.

5. ჯგუფის ხელმძღვანელის მოთხოვნისთანავე ობიექტი ვალდებულია, გამოყოს ინსპექტირების დროს თანმხლები უფლებამოსილი პირი, რომელიც შრომის ინსპექტორებს მიაწვდის ინსპექტირების განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტაციას, იქნება თანმხლები ობიექტზე ან/და ინსპექტირების ჯგუფს დაეხმარება სათანადო პირებთან კომუნიკაციაში.

6. ობიექტზე ინსპექტირებისას შრომის ინსპექტირების ჯგუფს შეუძლია, განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:

ა) ობიექტის მიერ შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების მდგომარეობის შემოწმება და შეფასება;

ბ) ობიექტის მიერ განხორციელებული თვითმონიტორინგის შედეგების, მათ შორის საფრთხეების იდენტიფიცირებისა და რისკების შეფასების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის შემოწმება;

გ) შრომის უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების (მათ შორის, ჟურნალების, ინსტრუქტაჟებისა და სხვა დოკუმენტაციის) გაცნობა, დასაქმებულთა ნებისმიერი სამუშაო ადგილის დათვალიერება, დასაქმებულთა მუშაობისათვის განკუთვნილი მოწყობილობებისა და იარაღების, სატრანსპორტო საშუალებების, სხვა ნივთებისა და საგნების, დასაქმებულთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების დათვალიერება და გაცნობა. საჭიროების შემთხვევაში, დოკუმენტაციის ასლების მოთხოვნა;

დ) ნებისმიერი იმ დოკუმენტის გამოთხოვა, რომელიც დაკავშირებულია შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის ფაქტის გამოვლენასთან;

ე) ობიექტის ტერიტორიაზე ყველა იმ შენობა-ნაგებობისა და მოწყობილობების შემოწმება, სადაც შესაძლებელია მოხვდნენ დასაქმებულები ან/და სხვა პირები (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული გამონაკლისებისა);

ვ) დასაქმებულებთან გასაუბრება, როგორც დამსაქმებლის ან/და შრომის უსაფრთხოების საკითხებში დასაქმებულთა წარმომადგენლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანდასწრებით, ასევე მათ გარეშე (გადაწყვეტილებას, დამსაქმებლის ან/და შრომის უსაფრთხოების საკითხებში დასაქმებულთა წარმომადგენლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანდასწრებით განახორციელოს დასაქმებულთან გასაუბრება თუ მის გარეშე, იღებს ინსპექტირების განმახორციელებელი პირი);

ზ) საჭიროების შემთხვევაში, ობიექტის ტერიტორიაზე ან მის მიმდებარედ შესაბამისი გაზომვების წარმოება და შესაბამისი სინჯების აღება, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისა