1. საქმის არსებითად განხილვის/არსებითად განსახილველად მიღების საკითხის განხილვის დაწყებამდე სხდომის თავმჯდომარე:
ა) გახსნის სხდომას და აცხადებს, რომელი საქმე განიხილება;
ბ) ამოწმებს მოსამართლეთა კვორუმს და სხდომის ჩატარებისათვის პასუხისმგებელი სხდომის მდივნის გამოცხადებას;
გ) არკვევს სამართალწარმოების მონაწილეთა, მოწმეთა, ექსპერტთა, სპეციალისტთა და საჯარო დაწესებულების წარმომადგენელთა გამოცხადებას და მათი გამოუცხადებლობის მიზეზებს;
დ) ამოწმებს სხდომაზე გამოცხადებული პირების ვინაობას და მხარეთა წარმომადგენლების უფლებამოსილებას;
ე) აცხადებს საქმის განმხილველი საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობას და სხდომის მდივნის ვინაობას;
ვ) სამართალწარმოების მონაწილეებს განუმარტავს კანონით განსაზღვრულ მათ უფლებებსა და მოვალეობებს;
ზ) არკვევს, სურთ თუ არა სამართალწარმოების მონაწილეებს დამატებით მოწმეთა, ექსპერტთა, სპეციალისტთა და საჯარო დაწესებულების წარმომადგენელთა გამოძახება ან დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვა; ამ საკითხებზე შემოსულ შუამდგომლობებს სასამართლო წყვეტს სხდომის დარბაზში. კოლეგიის მიერ საქმის განხილვისას ხსენებული შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად საკმარისია ორი მოსამართლის მხარდაჭერა, პლენუმის მიერ საქმის განხილვისას კი – სამი მოსამართლის მხარდაჭერა;
თ) აცხადებს სარჩელის/წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების/არსებითი განხილვის საკითხის განხილვის დაწყებას.
2.
სარჩელის/წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის განხილვა/არსებითი განხილვა გრძელდება მომხსენებელი მოსამართლის მოხსენებით. მომხსენებელი მოსამართლე:
ა) მოახსენებს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების არსის თაობაზე;
ბ) უპასუხებს საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შეკითხვებს.
3. მოხსენების შემდგომ საკონსტიტუციო სასამართლო ისმენს ჯერ მოსარჩელე მხარის/კონსტიტუციური წარდგინების ავტორის, შემდეგ - მოპასუხე მხარის განმარტებებს.
4.
მხარეთა განმარტებების შემდგომ საკონსტიტუციო სასამართლო ისმენს სხდომაზე მოწვეულ მოწმეთა, ექსპერტთა, სპეციალისტთა და საჯარო დაწესებულების წარმომადგენელთა ჩვენებებს და სასამართლოს მეგობრის პოზიციას. მოწმეთა, ექსპერტთა, სპეციალისტთა და საჯარო დაწესებულების წარმომადგენელთა დაკითხვამდე სხდომის თავმჯდომარე ადგენს მათ ვინაობას და წერილობით აფრთხილებს ჩვენების მიცემაზე უარის თქმის ან/და წინასწარი შეცნობით სასამართლოსათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ. სხდომის თავმჯდომარე აფრთხილებს აგრეთვე თარჯიმანს შეგნებულად არასწორი თარგმანისათვის პასუხისმგებლობის თაობაზე.
5. მოწმეთა, ექსპერტთა, სპეციალისტთა და საჯარო დაწესებულების წარმომადგენელთა მოსმენის შემდგომ სასამართლო იკვლევს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
6. მტკიცებულებების გამოკვლევის შემდგომ, სხდომის თავმჯდომარე მხარეებს აძლევს უფლებას, დაუსვან ერთმანეთს კითხვები. თავდაპირველად კითხვებს სვამს მოსარჩელე მხარე/კონსტიტუციური წარდგინების ავტორი, შემდეგ –
მოპასუხე მხარე.
7. მხარეთა კითხვების შემდგომ საკონსტიტუციო სასამართლო ისმენს დასკვნით სიტყვებს. ჯერ სიტყვით გამოდის მოსარჩელე მხარე/კონსტიტუციური წარდგინების ავტორი, შემდეგ –
მოპასუხე მხარე.
8. დასკვნითი სიტყვების მოსმენის შემდგომ სასამართლო გადის სათათბირო ოთახში, რის შესახებაც სხდომის თავმჯდომარე უცხადებს საქმის განხილვის მონაწილეებს და სხდომის დარბაზში მყოფ სხვა პირებ