1. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის პენიტენციური დაწესებულებიდან  გათავისუფლების,  გაქცევის, პატიმრობის კოდექსის  27-ე მუხლით დადგენილი წესით პენიტენციური დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, იმავე კოდექსის 716 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გასვლის შესახებ.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის (შემდგომში − კომისია) მიერ პირისათვის ჩამორთმეული უფლების ვადამდე აღდგენის ან უფლების ჩამორთმევის ვადის შემცირების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუმეტეს 3 სამუშაო დღისა, მიეწოდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია, კომისიას მიაწოდოს უფლებაჩამორთმეულ პირთან დაკავშირებით რეესტრში დაცული ინფორმაცია, თუ აღნიშნული საჭიროა ჩამორთმეული უფლების ვადამდე აღდგენის ან უფლების ჩამორთმევის ვადის შემცირების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

4. თუ არსებობს ფაქტი ან ინფორმაცია, რომელიც მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის მიერ სქესობრივი დანაშაულის ჩადენის რეალურ საფრთხეზე მიუთითებს, სამინისტროს უფლებამოსილი პირი მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის პერსონალურ მონაცემებს აცნობებს იმ კონკრეტულ დაწესებულებას/უწყებას, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზედაც მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის მიერ სქესობრივი დანაშაულის ჩადენის რეალური საფრთხე არსებობს. დაწესებულებას/უწყებას შესაძლოა, ეცნობოს: პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი), ფოტოსურათი, საკონტაქტო მონაცემები, აგრეთვე  წარსულში ჩადენილი დანაშაულებისა და მისგან მომდინარე საფრთხის/დანაშაულის შესაძლო ჩადენის რისკების არსებობის შესახებ ინფორმაცია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამისი უწყების/დაწესებულების სათანადოდ უფლებამოსილ პირს ინფორმაციის გაცნობამდე წერილობითი ფორმით აფრთხილებს ინფორმაციის კონფიდენციალურობისა და მისი არაუფლებამოსილი პირისათვის გადაცემის აკრძალვის შესახებ. ეს დაწესებულება/უწყება ვალდებულია, მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის საფრთხის შემცველი ქმედების გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სამინისტროსთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება. სამინისტრო ამ შეტყობინებაზე რეაგირებას ახდენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მონიტორინგის განმახორციელებელ უწყებებს შორის ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაციის გაცვლა შესაძლებელია, განხორციელდეს ელექტრონული ფორმატით.

6. თუ რეესტრში შეყვანილი პირის მიერ ჩადენილ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია, რეესტრში დაცული მონაცემები გადასცეს საქართველოს პროკურატურას, სასამართლოს, ასევე შესაბამის საგამოძიებო უწყება