1. ადმინისტრაციული წარმოება იწყება განცხადების რეგისტრაციის ან კომისიის გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მეორე დღიდან.

2. კომისიის გადაწყვეტილების და რეკომენდაციის გაცემის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს, რომელიც აითვლება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დღიდან. ამ ვადაში არ შედის ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების პერიოდი.

3. ადმინისტრაციულ წარმოებაში თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

4.  კომისიის ანდა კომისიის მდივნის განსაზღვრული ვადის დინება დაიწყება მხოლოდ შესაბამისი პირისთვის მოთხოვნის შემცველი წერილობითი დოკუმენტის ჩაბარების დღიდან.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვადა უნდა აღდგეს, თუ შესაბამისმა პირმა ვადა გაუშვა არაბრალეულად – დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით.

6. შესაბამისი პირი გაშვებული ვადის აღდგენის შესახებ წერილობითი განცხადებით მიმართავს კომისიას ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული გარემოებათა აღმოფხვრიდან არაუგვიანეს 7 დღისა. განცხადებას უნდა დაერთოს შესაბამისი დოკუმენტები (ინფორმაცია), რომლებიც ადასტურებენ ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის არსებობას.

7. კომისია გაშვებული ვადის აღდგენის შესახებ განცხადებას განიხილავს 5 დღის ვადაში.

8. კომისია უფლებამოსილია აღადგინოს საპატიო მიზეზით გაშვებული, ამავე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა, თუ ეს ზიანს არ აყენებს მესამე პირის უფლებას ან კანონიერ ინტერეს