1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 66 მუხლი:

„მუხლი 66. რეგისტრირებული მონაცემების უტყუარობის პრეზუმფცია

სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების განხორციელებისას, კერძო სამართლის იურიდიულ პირ(ებ)თან მიმართებით, ქონების მმართველი ვალდებულია დაეყრდნოს მხოლოდ რეგისტრირებულ მონაცემებს, მათ შორის, მონაცემებს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთა შესახებ.“

2. 39-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3-მე-7 პუნქტები:

„3. იმ საწარმოში, რომელშიც სახელმწიფო, ფლობს ხმათა საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიძლება შეიქმნას სამეთვალყურეო საბჭო. ამ შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფოს წარმომადგენელი შესაძლებელია იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას კონკრეტულ საწარმოსთან ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად საჯარო მოსამსახურეა, მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს სათანადო ანაზღაურების გარეშე ასრულებს და მისი საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობად.

4. იმ საწარმოში, რომელშიც სახელმწიფო ფლობს ხმათა საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტს, საწარმოს ხელმძღვანელი პირის დანიშვნა და მისი გამოწვევა სამეთვალყურეო საბჭომ უნდა შეუთანხმოს საწარმოს ხმების 50%-ზე მეტის მფლობელ აქციონერს.

5. იმ საწარმოს ლიკვიდაციის წესს, რომლის აქციების ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ხოლო იმ საწარმოს ლიკვიდაციის წესს, რომლის აქციების ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, − აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი მინისტრი. ეს პუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის რეზოლუციის რეჟიმში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დაფუძნებული დროებითი ბანკის ლიკვიდაციასა და რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ლიკვიდაციაზე, რომლებიც ხორციელდება სპეციალური კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს პარტნიორის წერილობითი გადაწყვეტილება/თანხმობა წარმოადგენს პარტნიორთა კრების ოქმის ტოლფას დოკუმენტს და ითვლება კრების გადაწყვეტილებად.

7. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს წილების/აქციების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით შესყიდვაზე/გამოსყიდვაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.