1. მონაწილედ რეგისტრაციისათვის, პირმა (კანდიდატმა) ბირჟის ოპერატორს უნდა წარუდგინოს განცხადება, ამ წესების მე-15 მუხლის შესაბამისად.
2. მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადების ფორმას შეიმუშავებს ბირჟის ოპერატორი, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციით და დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიას. ბირჟის ოპერატორის თანხმობის შემთხვევაში, მონაწილის განცხადება მიიჩნევა მასა და ბირჟის ოპერატორს შორის ბირჟაზე მონაწილეობის შესახებ დადებულ გარიგებად.
3. კანდიდატი რეგისტრირდება განცხადებაში მითითითებული ბირჟის სეგმენტის/სეგმენტების მონაწილედ.
4. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
ა) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ კანდიდატი გაწევრიანებულია დაბალანსების ჯგუფში;
ბ) ინფორმაცია კანდიდატის ენერგეტიკული საქმიანობის შესახებ;
გ) ინფორმაცია განცხადებით მოთხოვნილ პორტფელთან/პორტფელებთან დაკავშირებულ დაბალანსების ჯგუფზე/ჯგუფებზე;
დ) ამ წესების 24-ე მუხლით გათვალისწინებული მონაწილედ რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) სავაჭრო და საკლირინგო წარმომადგენლების უფლებამოსილებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ვ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
5. კანდიდატის განცხადების მიღებიდან ხუთი დღის ვადაში, ბირჟის ოპერატორმა მას უნდა გაუგზავნოს:
ა) თანხმობა, თუ განცხადება შეესაბამება ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებს და წარდგენილია ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობაზე უფლებამოსილი პირის მიერ;
ბ) უარი რეგისტრაციაზე, თუ განცხადება არასრულყოფილადაა შევსებული ან წარდგენილია ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობაზე არაუფლებამოსილი პირის მიერ.
6. კანდიდატისთვის გაგზავნილ თანხმობაში ბირჟის ოპერატორი უთითებს მის მიერ მინიჭებულ სარეგისტრაციო კოდს, მომხმარებლის სახელსა და პაროლს, ასევე, პლატფორმით სარგებლობის ინსტრუქციას. ამ მონაცემების მეშვეობით, მონაწილის სავაჭრო წარმომადგენელი პლატფორმაზე შეძლებს:
ა) განათავსოს პლატფორმაზე განაცხადი;
ბ) გაეცნოს საკუთარი ვაჭრობის შედეგებს;
გ) მიიღოს ან/და გაგზავნოს პლატფორმით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია.
7. კანდიდატისთვის გაგზავნილ რეგისტრაციაზე უარის შეტყობინებაში, ბირჟის ოპერატორი უთითებს განცხადების ხარვეზზე, რომელიც კანდიდატმა უნდა აღმოფხვრას ხუთი დღის ვადაში. ხარვეზის დროულად აღმოფხვრის შემთხვევაში, ბირჟის ოპერატორი დაჩქარებული წესით განიხილავს განცხადებას და ორი დღის ვადაში უგზავნის კანდიდატს რეგისტრაციაზე თანხმობას ან უარს. იმ შემთხვევაში, თუ ხარვეზი არ იქნა დროულად აღმოფხვრილი, მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადება არ კმაყოფილდება, რის შესახებაც ბირჟის ოპერატორი კანდიდატს გაუგზავნის ელექტრონულ შეტყობინება