ამ დანართის მიზნებისთვის წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აქტიური ანგარიში – სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიში, რომელიც გამოიყენება მოთამაშის მიერ სათამაშო აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად;
ბ) ავთენტიკაცია – პროცესი და მეთოდი, რომელიც გამოიყენება სისტემურ-ელექტრონული სათამაშო სისტემის მიერ კრიტიკული პროგრამული უზრუნველყოფის ვალიდურობის დასამოწმებლად;
გ) ავტორიზებული თამაში – თამაში, რომელზეც გამოყენების მიზნით გაცემულია ავტორიზაციის სერტიფიკატი შერჩეული პირის მიერ;
დ) ბლოკირებული ანგარიში – სისტემურ-ელექტრონული ანგარიში, რომელიც შეჩერებულია და მასზე შეზღუდულია თანხის შეტანა/გამოტანა;
ე) გაუქმებული ანგარიში – სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიში, რომელზეც არ არის თანხა განთავსებული და დაიხურა მოთამაშის ან სისტემურ-ელექტრონული ოპერატორის მიერ;
ვ) გაუქმებული ფსონი – ფსონი, რომელიც გაუქმდა სისტემურ-ელექტრონული ტოტალიზატორის ოპერატორის მიერ ნებისმიერი მიზეზით, რომელიც დაკავშირებულია მოვლენასთან და ხელს უშლის მის დასრულებას;
ზ) გაუქმებული თამაში – თამაში, რომლის დასრულებაც ფსონის განთავსების შემდეგ შეუძლებელია და შედეგიც არ დამდგარა;
თ) შესაბამისობის ანგარიში – ანგარიში, რომელიც შეიცავს სისტემურ-ელექტრონული თამაშების პლატფორმისა და თამაშების მიმწოდებელთა სერვერების მონაცემებს, რომლებიც უნდა გაიგზავნოს შერჩეულ პირთან;
ი) უმოქმედო ანგარიში – სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიში, რომელზეც არ მომხდარა მოთამაშის მხრიდან არანაირი აქტივობა უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში;
კ) უსაფრთხოების ელექტრონული დამღა – ციფრული ხელმოწერა (Digital Seal), გაცემული შერჩეული პირის მიერ, როგორც ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემის შედეგი;
ლ) თამაშების მიმწოდებელი (GSP)– „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ძ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
მ) სისტემურ-ელექტრონული თამაშობა – სათამაშო პლატფორმაზე ფსონების განთავსების პროცესი, შესაბამისი ნებართვით მოწყობილ სათამაშო სერვერზე ან სისტემურ-ელექტრონულ სისტემაზე განთავსებული თამაშების თამაშის მიზნით;
ნ) სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიში – მოთამაშის მიერ სათამაშო პლატფორმაზე შექმნილი ანგარიში, სადაც ხდება თანხების განთავსება, ფსონების დადება და თანხების გამოტანა მოთამაშის მიერ, გარდა იმ თანხებისა, რომელიც წარმოადგენს მარკეტინგულ წახალისებას ოპერატორის მხრიდან და მათზე მოქმედებს გამოტანის შეზღუდვა;
ო) სისტემურ-ელექტრონული ქსელი – ერთი ან მეტი სისტემურ-ელექტრონული ოპერატორის მიერ მოთამაშეთა გადაკვეთა, სხვადასხვა Peer-to-peer თამაშობებში მონაწილეობის მიზნით;
პ) სისტემურ-ელექტრონული ოპერატორი – მხარე ან მხარეები, რომლებსაც გააჩნიათ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვა, სისტემურ-ელექტრონული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის მიზნით;
ჟ) სისტემურ-ელექტრონული სათამაშო პლატფორმა – პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც შედგება სათამაშო სისტემისგან ან/და ცოცხალ მაგიდებზე მიმდინარე თამაშობის ტრანსლაციისგან და ტიპურად შეიცავს მოთამაშეთა ანგარიშის მართვისა და მოთამაშეთა ფულადი სახსრების მართვის ფუნქციონალს;
რ) სისტემურ-ელექტრონული სათამაშო სისტემა – სისტემა, რომელიც მოიცავს ყველა მოწყობილობას, პროგრამულ უზრუნველყოფას, ქსელებს, პლატფორმასა და კომუნიკაციას, რომელიც გამოიყენება სათამაშო მიზნებისათვის, სისტემურ-ელექტრონული ტოტალიზატორის ჩათვლით;
ს) Peer-to-peer თამაში – აზარტული ან/და მომგებიანი თამაშის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ორ ან მეტ მოთამაშეს შორის, სადაც მოთამაშეები ეჯიბრებიან ერთმანეთს;
ტ) მოთამაშის მოწყობილობა – მოთამაშის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება სისტემურ-ელექტრონულ სათამაშო სისტემასთან დაკავშირების მიზნით, სათამაშოდ;
უ) დისტანციური სათამაშო სერვერი – სათამაშო სერვერი, რომელიც შეიცავს სათამაშო პროგრამულ უზრუნველყოფას, საკონტროლო პროგრამებს და ოპერირება ხდება თამაშების მომწოდებლის (GSP) მიერ;
ფ) დისტანციური სათამაშო სისტემა/პლატფორმა – სისტემურ-ელექტრონული სათამაშო სისტემა, რომელიც შეიცავს სათამაშო პროგრამულ უზრუნველყოფას, საკონტროლო პროგრამებს და ოპერირება ხდება თამაშების მომწოდებლის (GSP) მიერ;
ქ) ტოტალიზატორი –„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ო.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობა;
ღ) ტოტალიზატორის სისტემა – ყველა მოწყობილობა და პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც გამოიყენება ფსონების განთავსების და რისკების მენეჯმენტის სისტემის მიზნით;
ყ) ტოტალიზატორის ბილეთი – ელექტრონული ბილეთი, რომელიც გაცემულია სისტემურ-ელექტრონული ოპერატორის მიერ და რომელიც შეიცავს ინფორმაციას განთავსებული ფსონების და შესაძლო მოგების შესახებ;
შ) მოვლენა – ინდივიდუალური ან გუნდური სპორტული ან ათლეტური შეჯიბრი ან ნებისმიერი სხვა მოვლენა, რომელიც არაა აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით ფსონების განთავსების მიზნებისათვის;
ჩ) ძლიერი ავთენტიკაცია – მეთოდი, რომელიც იყენებს უფრო მაღალ უსაფრთხოების ზომებს, ვიდრე მხოლოდ მომხმარებლის სახელი და პაროლია. ეს ზომა შეიძლება იყოს მოთამაშის უნიკალური ნომრის, ელ. ფოსტის ან სმს კოდის შეყვანის საჭიროება სისტემით საგებლობისთვის;
ც) შეჩერებული ანგარიში – სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიში, რომელიც დროებით შეჩერებულია ფსონების განთავსებისგან;
ძ) საეჭვო სათამაშო აქტივობა – არაორდინარული სათამაშო აქტივობა, რომელსაც გონივრული ახსნა არ აქვს და შეიცავს თამაშის შედეგზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით უკანონო გარიგების, მოვლენით მანიპულაციის, ინსაიდერული ინფორმაციის გამოყენების ან სხვა აკრძალული აქტივობის ნიშნებს;
წ) ორბიჯიანი ავთენტიკაცია – ავთენტიკაციის მეთოდი, რომელიც მოთამაშის პირადობის იდენტიფიკაციისთვის იყენებს ორ კომპონენტს. პაროლის გარდა ეს შეიძლება იყოს სპეციალურ კითხვაზე პასუხი, ფიზიკური ან ელექტრონული ერთჯერადი ან მრავალჯერადი კოდი ან რაიმე ბიომეტრიული მონაცემი;
ჭ) არაორდინარული სათამაშო აქტივობა – არანორმალური სათამაშო აქტივობა, გამოვლენილი მოთამაშეთა მიერ, რომელიც ჩაითვლება ოპერატორის მიერ საეჭვო მოქმედებების ინდიკატორად. არანორმალური სათამაშო აქტივობა შეიძლება მოიცავდეს მოთამაშის ფსონის სიდიდეს, ფსონების მოცულობას კონკრეტულ მოვლენაზე ან ფსონის ტიპს;
ხ) ოპერატორი – აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მაძიებელი/ნებართვის მფლობელი;
ჯ) შერჩეული პირი − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის (შემდგომში − შემოსავლების სამსახური) მიერ, სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული სისტემის დანერგვისა და ოპერირების მიზნით შერჩეული პირი.