1. თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, პირის კანონით დადგენილი ჯარიმის დაკისრებისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას სააგენტო იღებს საქმის მოკვლევის დასრულებისთანავე. გადაწყვეტილების მიღებისას სააგენტო აფასებს პირის მიერ ამ წესით დადგენილი პირობების შესრულებას.
2. პირველი კატეგორიის შეღავათის პირობითი სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც რიგით პირველი შეიტანს განაცხადს სააგენტოში კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შეთანხმებაში მონაწილეობის თაობაზე და მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ იქნება სააგენტოსთვის ცნობილი.
3. მეორე კატეგორიის შეღავათის პირობითი სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც რიგით მეორე შეიტანს განაცხადს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შეთანხმებაში მონაწილეობის თაობაზე. ამასთან, მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია იქნება განაცხადის შემომტანი რიგით პირველი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შემავსებელი და ამავდროულად, არ იქნება სააგენტოსთვის ცნობილი.
4. მესამე კატეგორიის შეღავათის პირობითი სტატუსი ენიჭება პირს, თუ ის არის რიგით მესამე და შემდეგი, რომელიც (რომლებიც) შეიტანს განაცხადს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შეთანხმებაში მონაწილეობის თაობაზე. ამასთან, მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია იქნება უფრო ადრე გაცხადებული ინფორმაციის შემავსებელი და ამავდროულად, არ იქნება სააგენტოსთვის ცნობილი. იგივე წესი ვრცელდება ამ წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაზე.
5. პირს თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილის პირობითი სტატუსი მოეხსნება იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოსთვის აშკარა გახდა, რომ პირის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
6. პირს თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილის პირობითი სტატუსი ასევე მოეხსნება იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო დაადგენს, რომ იგი არ ასრულებს ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს.
7. იმ პირის კატეგორიის შეღავათის პირობითი სტატუსი, რომელსაც მოეხსნა სტატუსი ან რომელმაც უკან გაიხმო განაცხადი, მიენიჭება რიგში მის შემდგომ მყოფ პირ