1. კომისიის წევრისა და კომისიის აპარატის თანამშრომლის საქმიანობაში დაუშვებელია თანამდებობრივი შეუთავსებლობა.

2. ამ მუხლის მიზნებისთვის თანამდებობრივ შეუთავსებლობას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც კომისიის წევრის ან/და კომისიის აპარატის თანამშრომლის პერსონალური ინტერესები (ფინანსური, პირადი ან/და კომისიის საქმიანობასთან კავშირში არმყოფი ნებისმიერი სხვა ინტერესი ან ვალდებულება) გავლენას ახდენს კომისიის წევრის ან/და კომისიის აპარატის თანამშრომლის უნარზე/შესაძლებლობაზე, საკუთარი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, იმოქმედოს დამოუკიდებლად, მხოლოდ კომისიის ინტერესების, მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად.

3. კომისიის წევრს, მისი ოჯახის წევრსა და კომისიის აპარატის თანამშრომელს უფლება არ აქვთ, ჰქონდეთ პირდაპირი ან არაპირდაპირი ქონებრივი ან ეკონომიკური ინტერესი რეგულირებული საწარმოს მიმართ, ფლობდნენ ამ საწარმოს აქციებს (წილს), ან იყვნენ ასეთი საწარმოს ხელმძღვანელობითი ან წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი ან თანამდებობის პირი.

4. კომისიის წევრი ვალდებულია, შეაჩეროს პოლიტიკური პარტიის წევრობა კომისიის წევრად ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. დაუშვებელია კომისიაში ან კომისიის აპარატში პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და მათი სტრუქტურული ერთეულების შექმნა.

5. კომისიის წევრი და კომისიის აპარატის თანამშრომელი არ უნდა ახორციელებდნენ ისეთ საქმიანობას, რომელიც მოიცავს არაკეთილსინდისიერ ან ნებისმიერ სხვა ისეთ ქმედებას, რომელიც უარყოფითად აისახება მათ პროფესიულ რეპუტაციაზე, კომპეტენტურობასა და კეთილსინდისიერებაზე.

6. კომისიის წევრსა და კომისიის აპარატის თანამშრომელს ეკრძალებათ:

ა) დადონ ქონებრივი გარიგება კომისიასთან;

ბ) როგორც კომისიის წარმომადგენლებმა, დადონ გარიგება პირთან, რომლის წილის (აქციების) მფლობელი თავად არიან, ან მინიჭებული აქვთ ხელმძღვანელობითი ან/და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება;

გ) როგორც კომისიის წარმომადგენლებმა, დადონ ქონებრივი გარიგება საკუთარი ოჯახის წევრთან ან/და ახლო ნათესავთან;

დ) კომისიის წინაშე ან კომისიის წინააღმდეგ იყვნენ რეგულირებული საწარმოს წარმომადგენლები.

7. სამეცნიერო, პედაგოგიური, კვლევითი ან შემოქმედებითი საქმიანობა არ წარმოშობს ამ მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობრივ შეუთავსებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული საქმიანობა დაფინანსებულია რეგულირებული საწარმოს მიერ და აღნიშნული ცნობილია კომისიის შესაბამისი წევრის ან კომისიის აპარატის თანამშრომლისთვის.

8. კომისიის წევრს უფლება არ აქვს, კომისიის წევრობის ვადის გასვლიდან ან თანამდებობიდან გათავისუფლებიდან 1 წლის განმავლობაში რეგულირებულ საწარმოში დაიკავოს ხელმძღვანელი თანამდებობა ან გახდეს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

9. თანამდებობრივი შეუთავსებლობის არსებობის ან არსებობის ეჭვის შემთხვევაში, შესაბამისი პირი ვალდებულია, ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელ