1. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავაზე საბჭოს საჩივარი წარედგინება ელექტრონულად, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ამ რეგლამენტის დანართ №1-ის შესაბამისად.

2. „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული შერჩევის პროცესიდან გამომდინარე წარმოშობილ დავაზე საბჭოს საჩივარი წარედგინება ელექტრონულად, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ამ რეგლამენტის დანართ №2-ის შესაბამისად.

3. საჩივრის წარდგენიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა საჩივრის დასაშვებად ცნობის საკითხს იხილავს და, შესაბამისად, საჩივარს დასაშვებად/დაუშვებლად ცნობს საბჭო. საჩივრის დასაშვებად/დაუშვებლად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას საბჭო იღებს საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. საბჭოს წევრთა ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. საბჭო საჩივარს დაუშვებლად ცნობს, თუ:

ა) იგი არაუფლებამოსილმა პირმა წარადგინა;

ბ) მისი წარდგენის ვადა გავიდა;

გ) იგი არ ეხება შემსყიდველი ორგანიზაციის/სატენდერო კომისიის/უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილებას/ქმედებას;

დ) შემსყიდველი ორგანიზაციის/სატენდერო კომისიის/უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილება/ქმედება, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონისა და „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ კანონის შესაბამისად საბჭოში გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

ე) დავის საგანი არ არსებობს;

ვ) საბჭოს წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;

ზ) არსებობს საბჭოს გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;

თ) მასში მითითებული საკითხი სასამართლოს განსჯადია;

ი) სასამართლოს წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;

კ) საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვის დროისთვის უკვე დადებულია ხელშეკრულება. აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების საბჭოში გასაჩივრებაზე.

4. საბჭო საჩივარს დაუშვებლად ცნობს იმ შემთხვევაშიც, თუ:

ა) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში, ამ რეგლამენტის დანართ №1-ით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავაზე საჩივრის ფორმა და წარდგენის წესის“ 2.2 და 2.3 პუნქტების შესაბამისად საჩივრის შინაარსს არ აქვს შერჩეული საჩივრის შესაბამისი ფორმა;

ბ) „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული შერჩევის პროცესთან დაკავშირებულ დავაზე, თუ საჩივარი საბჭოს წარედგინება ამ რეგლამენტის დანართ №2-ის დაუცველად.

5. თუ საჩივარი არ შეესაბამება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში – „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის, ხოლო შერჩევის პროცესთან დაკავშირებულ დავის შემთხვევაში – აგრეთვე „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ კანონის, ასევე ამ რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ არ არსებობს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველი, საბჭო, საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაზუსტების შესახებ. საბჭოს წევრთა ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. საბჭო მომჩივანს აძლევს 1 სამუშაო დღის ვადას საჩივრის დასაზუსტებლად, რის თაობაზეც საბჭოს აპარატი ელექტრონულ მოდულში დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ასახავს შესაბამის ინფორმაციას. აღნიშნული გადაწყვეტილება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით აგრეთვე ქვეყნდება ელექტრონულ მოდულში. იმ შემთხვევაში, თუ მომჩივანი დადგენილ ვადაში არ გამოასწორებს ხარვეზს, სისტემა ავტომატურად ცნობს საჩივარს დაუშვებლად (რაც უთანაბრდება საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას). იმ შემთხვევაში, თუ მომჩივანი დაზუსტებულ საჩივარს წარადგენს, საბჭო დაზუსტებული საჩივრის წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა განიხილავს საჩივრის დასაშვებობის საკითხს. თუ მომჩივანი არ დააზუსტებს ან არასრულყოფილად დააზუსტებს საჩივარს, იგი დაუშვებლად იქნება ცნობილი, რის თაობაზეც საბჭო, საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ. საბჭოს წევრთა ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. აღნიშნული გადაწყვეტილება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ქვეყნდება ელექტრონულ მოდულში.

6. საბჭო საჩივარს დაუშვებლად ცნობს იმ შემთხვევაშიც, თუ საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძვლის არსებობა მისი დასაშვებად ცნობის შემდეგ გაირკვევა.

7. საბჭოს მიერ საჩივრის დაუშვებლად/დასაშვებად ცნობის შემთხვევაში, საბჭოს აპარატი საჩივრის დაუშვებლად/დასაშვებად ცნობის შესახებ შესაბამის ინფორმაციას ელექტრონულ მოდულში ასახავს დაუყოვნებლივ გადაწყვეტილების მიღებისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს საბჭოს მიერ საჩივრის დაუშვებლად/დასაშვებად ცნობიდან მომდევნო სამუშაო დღისა.

8. საჩივრის (მათ შორის, დაზუსტებული საჩივრის), რომელიც საბჭოს წარედგინება 18:00 საათზე ან მის შემდეგ, დასაშვებობის საკითხს საბჭო იხილავს მომდევნო სამუშაო დღეს.

9. საბჭო, საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ერთი და იმავე შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართ წარდგენილი საჩივრების განხილვის სხდომების გაერთიანების შესახებ. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. საჩივრების განხილვის სხდომების გაერთიანების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებათ მხარეებსა და დაინტერესებულ პირებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ამავე წესის შესაბამისა