ა) დასაცავ ობიექტთა დაცვის ხაზი – გარე პერიმეტრის ძირითადი ღობე, საკონტროლო-გამშვები პუნქტის გარეთა კარები, დაწესებულების ადმინისტრაციული შენობისა და ძირითად ღობესთან არსებული ახლომდებარე სხვა შენობების გარეთა კედელი;
ბ) ძირითადი დამცავი ზღუდე – დაწესებულების გარშემო არსებული ბეტონის ღობე, რომლის გასწვრივ განლაგებულია საგუშაგო კოშკურები;
გ) შიდა დამცავი ზღუდე – ძირითადი დამცავი ზღუდის შიდა მხარეს არსებული ლითონის ბადის ღობე;
დ) გარე დამცავი ზღუდე – ძირითადი დამცავი ზღუდის გარეთა მხარეს არსებული ღობე;
ე) საკვალე ზოლი – შიდა დამცავ ზღუდესა და ძირითად დამცავ ზღუდეს შორის არსებული ზოლი;
ვ) შიდა აკრძალული ზოლი – ძირითად დამცავ ზღუდესა და გარე დამცავ ზღუდეს შორის არსებული ზოლი;
ზ) გარე აკრძალული ზოლი – დაწესებულების გარე დამცავი ზღუდის გარე პერიმეტრი 20 მეტრის რადიუსით. კონკრეტული დაწესებულების გარე ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, რადიუსი შესაძლოა ინდივიდუალურად განისაზღვროს მინისტრის ბრძანებით. დაწესებულებისათვის შესაძლებელია დადგინდეს გარე აკრძალული ზოლის რამდენიმე რადიუსი;
თ) დასაცავი ობიექტების დაცვა – განყოფილების მოსამსახურეთა მიერ განხორციელებულ იმ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს დასაცავ ობიექტზე თავდასხმის აღკვეთას, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაქცევისა და მათ მიერ სხვა დანაშაულის/სამართალდარღვევის ჩადენის თავიდან აცილებას, კანონდამრღვევი პირის შეჩერებას, დასაცავი ობიექტიდან არაკანონიერად შეძენილი მატერიალური ფასეულობების გატანის აღკვეთას, იმ საკვები პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტების (შემდგომ – აკრძალული ნივთები) დასაცავ ობიექტზე მოხვედრის დაუშვებლობას, რომელთა დაწესებულებაში შეტანა ბრალდებულთან/მსჯავრდებულებთან შეხვედრაზე შემსვლელი პირებისათვის აკრძალულია, აგრეთვე, მატერიალური ფასეულობების უსაფრთხოების დაცვას მისი მთლიანობის შენარჩუნების მიზნით;
ი) ყარაული – განყოფილების მოსამსახურეებისაგან (მათ შორის, სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეებისაგან) შემდგარი ჯგუფი, რომელიც განკუთვნილია დასაცავი ობიექტების ან/და დასაცავ ობიექტებზე მყოფი ბრალდებულების/მსჯავრდებულების დასაცავად და უზრუნველყოფს დასაცავი ობიექტების დაცვისა და თავდაცვისათვის საბრძოლო ამოცანების შესრულებას;
კ) მოყარაულე – ყარაულში განწესებული განყოფილების მოსამსახურე ან/და სამხედრო სავალდებულო მოსამსახურე;
ლ) გუშაგი – შეიარაღებული მოყარაულე (ცალკეულ შემთხვევებში იარაღის გარეშე) მასზე განპიროვნებული საგუშაგოს დაცვისა და თავდაცვის მიზნით შესაბამისი საბრძოლო ამოცანის შესრულებისას;
მ) საგუშაგო – დასაცავი ობიექტების ტერიტორიაზე განსაზღვრული ადგილი ან გარკვეული მონაკვეთი, სადაც გუშაგი ასრულებს თავის მოვალეობებს;
ნ) ყარაულის მოქმედების ზონა – გარე აკრძალული ზოლიდან 5 კილომეტრის რადიუსის მანძილი;
ო) პატრულირება – გუშაგის მიერ გარე აკრძალულ ზოლში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება;
პ) არასრული შემოწმება – შესამოწმებელი პირის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შემოწმება/დათვალიერება მისი გახდის გარეშე ხელის ან თაღური მეტალმძებნის გამოყენებით;
ჟ) სრული შემოწმება – სხეულის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და პროთეზის (მისი არსებობის შემთხვევაში) დათვალიერება ხელით ან სკანერის გამოყენებით, რა დროსაც პლასტირი, თაბაშირის და სხვა ნახვევები მოწმდება საექიმო-სამედიცინო პუნქტის სამედიცინო მუშაკთან ერთად, ტანსაცმელში ჩაკერებული ნივთების აღმოჩენისას ქსოვილი იჭრება, ფეხსაცმლიდან ამოიღება სუპინატორები და მეტალის დეტალებ