1. ტყით საერთო სარგებლობა მოიცავს ნებისმიერი პირის უფლებას, დასვენებისა და გართობის მიზნით, იმყოფებოდეს და თავისუფლად გადაადგილდეს ტყეში.  ეს უფლება არ მოიცავს იმ ტყის რესურსებით სარგებლობას, რომლებით სარგებლობისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით სავალდებულოა შესაბამისი უფლების მოპოვება.

2. ტყით საერთო სარგებლობა ასევე გულისხმობს პირადი მოხმარების მიზნით ტყეში (გარდა კერძო საკუთრების ტყისა) ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების, აგრეთვე, ფიჩხის თავისუფალ ხელმისაწვდომობას.

3. ტყით საერთო სარგებლობის უფლება კერძო საკუთრების ტყეში გულისხმობს მის ხელმისაწვდომობას გადაადგილების და დასვენების მიზნით.

4. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების თავისუფალი ხელმისაწვდომობა შესაძლებელია დროებით შეიზღუდოს, ან აიკრძალოს:

ა) ტყის სტატუსისა და ფუნქციური დანიშნულების გათვალისწინებით;

ბ) ტყის დაცვის, მოვლისა და აღდგენა-გაშენების ღონისძიებების განხორციელების მიზნებისთვის.

გ) თავდაცვის და/ან სახელმწიფო უსაფრთხოების მიზნებისათვის.

5. ტყის მესაკუთრის ან ტყის მართვის ორგანოს გადაწყვეტილებით, ტყეში შესვლა ან/და გადაადგილება შესაძლებელია შეიზღუდოს:

ა) ხანძრის ან სხვა საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილებისა და მისი შედეგების შემცირების პრევენციული ღონისძიებების, ასევე ხანძრის ჩაქრობის ან სხვა საგანგებო სიტუაციის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნებისთვის;

ბ) ტყის დაცვის, მოვლისა და აღდგენა-გაშენების ღონისძიებების განხორციელების მიზნებისთვის და ვადით;

გ) ტყის მერქნული რესურსების მოსაპოვებლად მიმდინარე სამუშაოების ან სხვა სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების უსაფრთხოდ განხორციელების მიზნით;

დ) ტყეში, სადაც არის მერქნიან სახეობათა დენდრარიუმი, ტყის სათესლე უბანი, სამონადირეო მეურნეობა, თევზის მეურნეობა, სანერგე, ხეტყისა და მექანიზმების საწყობი, შენობა-ნაგებობა, ხეტყის გადაზიდვის საშუალებების სამოქმედო ადგილი, გარდა სატყეო გზისა;

ე) ტყის აღდგენა-გაშენების ფართობზე, სადაც ნარგავების სიმაღლე არაუმეტეს 3 მ-ია;

ვ) ტყის მართვის გეგმით ან წლიური სამოქმედო გეგმით განსაზღვრული სხვა საფუძვლით.

6. ტყეში შესვლისა და გადაადგილების შეზღუდვა უნდა მოწესრიგდეს ტყის ტერიტორიაზე შესაბამისი საინფორმაციო ნიშნების განთავსებით.

7. ტყის ტერიტორიაზე საინფორმაციო ნიშნები იმ ადგილებში უნდა განთავსდეს, სადაც არის საერთო სარგებლობის გზა, სატყეო გზა და ბილიკი და ისინი გადის ტყეში შესვლისა და გადაადგილების შეზღუდვის ზონაში ან ამ ზონის მომიჯნავე ტერიტორიაზე.

8. არ დაიშვება ტყით საერთო სარგებლობის ფარგლებში პირების ტყეში შესვლის ან/და გადაადგილების შეზღუდვა ან/და აკრძალვა, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებისა.

9. ტყეში მუხლუხოიანი სატრანსპორტო საშუალებით შესვლა და გადაადგილება დაუშვებელია ტყის მართვის ორგანოსთან წერილობითი შეთანხმების გარეშე, ხოლო დაცული ტერიტორიების ფარგლებში აღნიშნული საკითხი რეგულირდება შესაბამისი დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესი