1. ტყიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრების, ასევე ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში სპეციალური სარგებლობის ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი სახეობების მიხედვით საწყობდება შესაბამისი ტყის მართვის ორგანოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მისი ტყის მართვის ორგანოსთვის გადაცემა ხდება ჭრის განხორციელების უფლების მქონე პირსა და ტყის მართვის ორგანოს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით.
2. სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ, აგრეთვე დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება ტყის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსის ბარდება შესაბამის ტყის მართვის ორგანოს.
3. სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე არსებული შიგა წყლების ნაპირებზე, რომელიც არ ხვდება ტყის საზღვრებში და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე, არსებული ძირნაყარი მერქნული რესურსის (თუ მისი დიამეტრი წვრილი თავის ბოლოდან შეადგენს არაუმეტეს 12 სანტიმეტრს) მოპოვება დასაშვებია მოსახლეობის მიერ უსასყიდლოდ, ტყის მართვის ორგანოსთან შეთანხმების გარეშე. ძირნაყარი მერქნული რესურსი (თუ მისი დიამეტრი წვრილი თავის ბოლოდან შეადგენს 12 სანტიმეტრზე მეტს) შესაძლებელია აითვისოს მოსახლეობამ სათბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით მერქნული რესურსის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის შედეგად, მართვის ორგანოს მომსახურების საფასურის გადახდით.
4. იმ შემთხვევაში, თუ ჭარბი აკუმულირების ადგილებიდან მოსახლეობა საკუთარი ძალებით ვერ შეძლებს ძირნაყარი მერქნული რესურსის გამოზიდვას, ამასთან, მერქნული რესურსის ადგილზე დატოვება ქმნის ჩახერგილობას, ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია, ტყის მართვის ორგანოს უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე, თავად უზრუნველყოს მერქნული რესურსის გამოტანა. ასეთი მერქნული რესურსი ტყის მართვის ორგანოს მიერ შეიძლება გაიცეს ელექტრონული აუქციონის მეშვეობით ან მის გარეშე, ამ წესის XVIII თავით დადგენილი წესით. აღნიშნული მერქნული რესურსის გაცემისას ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებელი არ გადაიხდება.
5. განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების ფარგლებში ხეტყის დამზადების აუცილებლობის შემთხვევაში ხეტყის დამზადებასა და ტრანსპორტირებას ახორციელებს ტყის მართვის ორგანო, დაინტერესებული მხარის დაფინანსებით, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზ