1. განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მოპოვებით დაინტერესებულ პირს ეს უფლება ენიჭება განცხადების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

2. დაინტერესებული პირის განცხადებაში უნდა აღინიშნოს განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის აუცილებლობის მოტივაცია, მიზანი და ვადები. განცხადებაში, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მონაცემებისა, მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია:

ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმის შემთვევაში  – მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში  – საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი; საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში  – სადამფუძნებლო დოკუმენტების ასლი;

ბ) განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისთვის შერჩეული ფართობის დაზუსტებული აზომვითი ნახაზი UTM კოორდინატთა სისტემაში, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს აზომვითი ნახაზის შემსრულებელი პირის მიერ. ამასთან, წარმოდგენილი უნდა იქნეს დაზუსტებული აზომვითი ნახაზის Shp-ფაილის ელექტრონული ვერსია UTM კოორდინატთა სისტემაში;

გ) ხეტყის მოჭრის აუცილებლობის დასაბუთება (ჭრის საჭიროების არსებობის შემთხვევაში);

დ) განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისთვის შერჩეულ ფართობზე არსებულ მერქნიან მცენარეთა მონიშვნის მასალები, მათ შორის, აღრიცხვის მასალები (დანართ №1-ის მიხედვით), ასევე, ინფორმაცია საქართველოს წითელი ნუსხით დაცულ მერქნიან მცენარეთა სახეობების არსებობის შესახებ;

ე) დასკვნა გეოლოგიური კვლევის შედეგების შესახებ (გარდა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევისა), როდესაც შესაბამისი საქმიანობა 36 გრადუსი ან მეტი დაქანების ფერდობზე ხორციელდება (გეოლოგიური კვლევის შედეგების შესახებ დასკვნა და ტყეკაფის აღრიცხვის მასალები შეიძლება მოთხოვნილი იყოს ასევე 31-დან 36-მდე დაქანების ფერდობებზეც).

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევებზე.

4. საქართველოს ტყის კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნით განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მინიჭების პროცედურები დგინდება ამ წესითა და  „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული დებულებით.

5. წიაღის შესწავლის ან/და მოპოვების შემთხვევაში განცხადებას ასევე უნდა დაერთოს წიაღის შესწავლის ან/და მოპოვების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

6. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქციისთვის (რეაბილიტაციისთვის), არქეოლოგიური სამუშაოების შესასრულებლად, არქეოლოგიური დაზვერვის განსახორციელებლად, არქეოლოგიური გათხრების წარმოების შემთხვევაში, განცხადებას ასევე უნდა დაერთოს დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე საქართველოს  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვა.

7. ამ თავით გათვალისწინებულ სარგებლობაში გადაცემულ ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოებისას კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენის შემთხვევაში, სამუშაოთა მწარმოებელი პირი ვალდებულია იმოქმედოს "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესისი შესაბამისად.

8. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ობიექტებზე საავარიო-აღდგენითი სამუშაოების შესრულებისას (გარდა დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებისა და ზონებისა, სადაც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა) პირი ვალდებულია, ქმედების დაწყებიდან ერთი თვის ვადაში შესაბამის ტყის მართვის ორგანოს, ფართობის იდენტიფიცრების მიზნით, წერილობით წარუდგინოს ფართობის კუთხის კოორდინატები, პირის საიდენტიფიკაციო ნომერი, ასევე,  ინფორმაცია მოჭრილი რესურსის (მათ შორის, საქართველოს წითელი ნუსხით დაცული მცენარეების) შესახებ, სახეობებისა და მოცულობის მითითებით.

9. განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში სპეციალური ჭრების ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს  შესაბამისი ტყის მართვის ორგანო.

10. განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების ფარგლებში ხეტყის დამზადების (მათ შორის, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) აუცილებლობის შემთხვევაში ხეტყის დამზადება და ტრანსპორტირება შეიძლება განახორციელოს ასევე ტყის მართვის ორგანომაც – დაინტერესებული პირის დაფინანსებით, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.

11. მაგისტრალური მილსადენებისა და ელექტრონული ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის ზონებში სპეციალური სარგებლობის ჭრების განხორციელებისათვის, საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია, ჭრების დაწყებამდე 15 დღით ადრე, ტყის მართვის ორგანოს წერილობით წარუდგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია და შესაბამისი მასალები ატვირთოს მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში. ტყის მართვის ორგანო ტყეკაფის აღრიცხვის მასალების მიღებიდან 15 დღეში უზრუნველყოფს ტყეკაფის გამოყოფას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარმოდგენილი მასალები საჭიროებენ დაკორექტირებას) და ტყეკაფის ათვისების ხელშეწყობისათვის ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელებას.  გამონაკლის შემთხვევაში, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში,  ობიექტებზე საავარიო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარებისას, ამ პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოები ხორციელდება ტყის მართვის ორგანოსთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესი