1. ელექტრონულ აუქციონს ატარებს შესაბამისი ტყის მართვის ორგანო. ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია ელექტრონული აუქციონი  ჩაატაროს აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული საგენტოს მეშვეობით.

2. აუქციონში მონაწილე ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირდება შესაბამის ვებგვერდზე ამ წესის შესაბამისად, რის შედეგადაც მას ენიჭება აუქციონში მონაწილის სტატუსი.

3. ელექტრონულ აუქციონში ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინ რეჟიმში.

4. ელექტრონულ აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი.

5. ტყის მართვის ორგანოს მიერ დამზადებული მერქნული რესურსის, მერქნული რესურსის პროდუქტების, ტყის არამერქნული რესურსების, ასევე ხის მეორეხარისხოვანი მასალების საკუთრებაში გაცემის მიზნით გამართული ელექტრონული აუქციონის საწყისი საორიენტაციო ფასი ყოველწლიურად დგინდება სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების საექსპერტო დასკვნის საფუძველზე,  ხოლო ტყის სპეციალური სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით ტყითსარგებლობის ობიექტის წლიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება დგინდება აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე, რომელიც აიღება გამოსაცხადებელი  აუქციონის წლიურ საწყის ფასად (გარდა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების შემთხვევისა). პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში, აუქციონის წლიური საწყისი ფასი შესაძლებელია, განისაზღვროს აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილ ფასზე ნაკლები ოდენობით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსებისათვის გამართული აუქციონის წლიური საწყისი ფასი შეადგენს 8 000 ლარს  1 ჰექტარამდე, ხოლო 1 ჰექტარზე მეტი ფართობის მოთხოვნის შემთხვევაში ფასი განისაზღვრება ყოველ მომდევნო კვადრატულ მეტრზე 0,8 ლარის ოდენობით.

6. სააგენტოს მიერ დამზადებული მერქნული რესურსის საკუთრებაში გაცემის  მიზნით გამართული ელექტრონული აუქციონის საწყისი საორიენტაციო ფასი ყოველწლიურად დგინდება სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების საექსპერტო დასკვნის საფუძველზე.

7. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინრეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), რომელიც ასევე ფიქსირდება ონლაინრეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება მანამ, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ტყის სარგებლობის უფლებასა და მერქნულ რესურსსა და მერქნული რესურსის პროდუქტებზე,  ასევე ფესვსა და ძირკვზე საკუთრების უფლება მიენიჭება მონაწილეს, რომელიც ონლაინრეჟიმში ვაჭრობის დასრულების მომენტისათვის შესთავაზებს ყველაზე მაღალ ფასს.

8. თუ აუქციონის დასრულებამდე (მითითებული უნდა იყოს აუქციონის დასრულების ზუსტი დრო) ბოლო 5 წუთის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შეთავაზების დრო გაგრძელდება დასრულების მითითებული მომენტიდან 2 წუთით. თუ ამ დროის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელდება 2 წუთით მანამ, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა. მაგრამ თუ დამატებული 2 წუთის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შეთავაზებული, აუქციონში გამარჯვებულად გამო-ცხადდება საბოლოო თანხის შემთავაზებელი პირი.

9. ვაჭრობის დასრულებისას გამარჯვებულს და დამარცხებულს ელექტრონული გზით გაეგზავნებათ ინფორმაცია აუქციონის შედეგების შესახებ, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.

10. აუქციონში გამარჯვებულს ელექტრონული გზით ეცნობება თანხის სრული გადახდის თარიღი და სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობები, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინება