1. პირდაპირი მიყიდვის წესით მერქნული რესურსი შესაძლებელია გაიცეს საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, თვითმმართველი ერთეულების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მრგვალი ხეტყით (მორით) უზრუნველსაყოფად, მათ მიერ ტენდერის გამოცხადებისა და სამშენებლო ან მასთან გათანაბრებული ისეთი მომსახურების შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, რომელიც ითვალისწინებს სამშენებლო მასალის სახით მერქნული რესურსის გამოყენებას. ასეთ შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მიერ  წერილობით განცხადებასთან ერთად ტყის მართვის ორგანოს წარედგინება შესაბამისი პროექტი ან/და დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლის განსახორციელებლადაც მოთხოვნილია მერქნული რესურსი, სადაც მითითებული და დასაბუთებული უნდა იყოს ზემოთ აღნიშნული პროექტისათვის აუცილებელი მერქნული რესურსის მოცულობა. საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მრგვალი ხეტყის (მორის) მოთხოვნის შემთხვევაში, წერილობით თხოვნასთან ერთად ტყის მართვის ორგანოს წარედგინება საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული შესაბამისი პროექტი ან/და მშენებლობის ნებართვა (არსებობის შემთხვევაში), რომლის განსახორციელებლადაც მოთხოვნილია მერქნული რესურსი და მშენებლობის განმახორციელებლის მიერ წერილობითი დადასტურება მოთხოვნის  ფაქტობრივ მდგომარეობასთან შესაბამისობის თაობაზე. შესაბამისი მერქნული რესურსის არსებობის შემთხვევაში, პირდაპირი მიყიდვის წესით მერქნული რესურსის გაცემის მიზნით ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება (ნასყიდობის ან სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება).

2. პირდაპირი მიყიდვის წესით მერქნული რესურსი გაიცემა საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის), თვითმმართველი ერთეულების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საშეშე მერქნული რესურსით უზრუნველყოფის მიზნით, რაზეც ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება (ნასყიდობის ან სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება).

3. საშეშე მერქნული რესურსის მოცულობის სრულად ან ნაწილობრივ უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებით  მერქნული რესურსი სპეციალურად მოწყობილი დასაწყობების ადგილებიდან  პირდაპირი მიყიდვის წესით ასევე შეიძლება გაიცეს მოსახლეობაზეც. ამ წესით საშეშე მერქნული რესურსით სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირს აღარ აქვს უფლება ისარგებლოს ხეტყის (საშეშე მერქნული რესურსის) დამზადების ბილეთით. თუ ამ პუნქტში მითითებული წესით ხდება ამ მოსახლეობისათვის გათვალისწინებული, 7 მ3 ან 15 მ3 მოცულობიდან მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილება, პირს უფლება აქვს მოცულობაში სხვაობა დამატებით დაამზადოს (შეივსოს) სოციალური ჭრისათვის გამოყოფილი შესაბამისი ტყეკაფის ფარგლებში ხეტყის დამზადებით. ამ პუნქტში მითითებულ შემთხვევებში, მერქნული რესურსის ტყის მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში ხორციელდება შესაბამისი ცვლილებების შეტანა (ასახვა).

4. ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია, პირდაპირი მიყიდვის ფორმით მოსახლეობას გადასცეს მრგვალი ხეტყე (მორი) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში (ხანძარი, სტიქიური უბედურება ან/და სხვა ფორსმაჟორული გარემოებები), რომელთა შედეგად დაზიანდა ან/და განადგურდა საცხოვრებელი სახლი. მერქნული რესურსის პირდაპირი მიყიდვის თაობაზე ფორმდება შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულება. მოსახლეობის მიერ მოთხოვნილი რესურსის დასაბუთებულობას შეისწავლის სახელმწიფო რწმუნებულის მიერ შექმნილი კომისია. კომისიის მუშაობაში ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოს წარმომადგენელი მონაწილეობას არ იღებს. კომისია ადგილზე შეისწავლის მოთხოვნის შესაბამისობას ფაქტობრივ მდგომარეობასთან, რაზედაც დგება კომისიის დასკვნა. დასკვნა თანდართულ ფოტოსურათებთან ერთად წარედგინება ტყის მართვის ორგანოს, რომელიც შესაბამისი მერქნული რესურსის არსებობის შემთხვევაში წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე გასცემს მოთხოვნილ მერქნულ რესურსს.

5. ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია, პირდაპირი მიყიდვის წესით გასაცემი საშეშე მერქნული რესურსის მიწოდება უზრუნველყოს დაპობილ-დაჩეხილი სახით. ასეთ შემთხვევაში, დამატებით გადახდილი უნდა იქნეს ამ წესის №4 დანართით გათვალისწინებული თანხა, რაც ტყის მართვის ორგანოს დაფინანსების წყაროს წარმოადგენს.

6. ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია, შესაბამისი რესურსის არსებობის პირობებში, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, მოსახლეობას სამეურნეო მიზნებისათვის გადასცეს ბოძი, სარი, ჭიგო, რაზეც ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება.

7. ფიზიკური და იურიდიული პირების ხეტყით უზრუნველყოფა შესაძლებელია საქართველოს მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მიზნით და ოდენობით.

8. სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს შემთხვევაში ამ მუხლით გათალისწინებული პირდაპირი მიყიდვის წესით მერქნული რესურსის გაცემის საკითხს წყვეტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა განკარგულებით.

9. მართვის ორგანო უფლებამოსილია, ხეტყის ნარჩენის მოპოვების უფლება ან მის მიერ  გამოზიდული დაუქუცმაცებული ან დაქუცმაცებელი ხეტყის ნარჩენი  გაასხვისოს პირდაპირი მიყიდვის წესი