1. სოციალური დანიშნულების ჭრების ფარგლებში ხეტყის დამზადების ბილეთით ხეტყის დამზადება დასაშვებია 2023 წლის 1 იანვრამდე, ხოლო დაცული ტერიტორიის ფარგლებში იმავე მიზნით სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადება – 2026 წლის 1 იანვრამდე.
2. სოციალური დანიშნულების ჭრა ხორციელდება მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის) (შემდგომში: „დაინტერესებული პირების“) მხოლოდ არაკომერციული მიზნით ხეტყით უზრუნველსაყოფად. ამ მიზნით, გარდა სოციალური დანიშნულების ჭრების ტყეკაფების გამოყოფისა, ასევე გამოიყენება ამ წესის 78-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მერქნული რესურსიც (სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე სოციალური დანიშნულების ჭრა ხორციელდება არაკომერციული მიზნით, მხოლოდ მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად).
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხეტყით უზრუნველსაყოფად განაცხადის ტყის მართვის ორგანოში ორგანიზებულად წარდგენას უზრუნველყოფენ მათ საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები.
4. სოციალური დანიშნულების ჭრებით მოსახლეობაზე გასაცემი I ხარისხის ხეზე მოთხოვნას სახელმწიფო რწმუნებული (აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შემთხვევაში – თვითმმართველი ერთეული) შესაბამის ტყის მართვის ორგანოს წარუდგენენ ყოველწლიურად, 1 მაისამდე, ხის სახეობისა და მოცულობის მითითებით.
5. ტყის მართვის ორგანო ფაქტიური მდგომარეობის მიხედვით განსაზღვრავს I ხარისხის ხის სახეობრივ და მოცულობით შესაძლებლობებს და აღნიშნულ ინფორმაციას 1 სექტემბრამდე აცნობებს მოთხოვნის წარმომდგენ სუბიექტებს.
6. სახელმწიფო რწმუნებული (აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შემთხვევაში – შესაბამისი თვითმმართველი ერთეული) ტყის მართვის ორგანოში დაზუსტებულ შუამდგომლობას წარადგენს ტყის მართვის ორგანოს მიერ განსაზღვრული I ხარისხის ხის სახეობისა და მოცულობის ფარგლებში. შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია თითოეული მოქალაქის გვარის, სახელის, პირადი ნომრისა და მოქალაქისთვის გასაცემი I ხარისხის ხის სახეობისა და მოცულობის მითითებით. შუამდგომლობას თან უნდა ახლდეს კომისიის შესაბამისი დასკვნა და ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათები.
7. დაინტერესებული პირისთვის I ხარისხის ხის გაცემის საკითხზე დადებით (შესაბამისი მერქნული რესურსის მარაგის არსებობის შემთხვევაში) ან უარყოფით გადაწყვეტილებას, შუამდგომლობის მიღებიდან ერთი თვის ვადაში, იღებს ტყის მართვის ორგანო, შესაბამისი ინდივიდუალურ-სამართლებრივი ადმინისტრაციული აქტის გამოცემით.
8. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში I ხარისხის ხის გაცემის საკითხზე განაცხადის მიღებიდან ერთი თვის ვადაში დადებით ან უარყოფით გადაწყვეტილებას, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით, იღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამმართველო, რომელსაც ინფორმაციის სახით წარუდგენს სამინისტროს.
9. საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, თვითმმართველი ერთეულების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ ისეთი ტენდერის გამოცხადებისა და სამშენებლო ან მასთან გათანაბრებული ისეთი მომსახურების შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, რომელიც ითვალისწინებს სამშენებლო მასალის სახით I ხარისხის მერქნული რესურსის გამოყენებას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამმართველოს წერილობით განცხადებასთან (მოთხოვნასთან) ერთად წარედგინება განსახორციელებელი პროექტი ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია, სადაც დასაბუთებული უნდა იყოს მოთხოვნილი მერქნული რესურსის მოცულობა.
10. საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მოთხოვნილი I ხარისხის ხის მოთხოვნის შემთხვევაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამმართველოს წერილობით მოთხოვნასთან ერთად წარედგინება საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული შესაბამისი პროექტი ან/და მშენებლობის ნებართვა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე, მშენებლობის (სამუშაოების) განმახორციელებლის წერილობითი დადასტურება მერქნული რესურსის მოთხოვნილი მოცულობის სისწორის თაობაზე.
11. ხანძრის, სტიქიური უბედურების ან/და სხვა ფორსმაჟორული გარემოებით გამოწვეულ სხვა გადაუდებელი ისეთი აუცილებლობის შემთხვევაში, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, საკითხი განიხილება მხოლოდ I ხარისხის ხის მოთხოვნის შემთხვევაში (შესაბამისი მერქნული რესურსის მარაგის არსებობის აუცილებელი პირობით). მერქნული რესურსის მოპოვების უფლება გაიცემა ამავე მუხლით დადგენილი წესების დაცვით, გარდა დადგენილი ვადებისა.
12. იმ შემთხვევაში, თუ ხეტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელის მიერ მოპოვებული ხეტყე, ან მისი ნაწილი ტყის მართვის ორგანოსთან შეთანხმებით გამოიყენება ამ მუხლით განსაზღვრული დაინტერესებული პირების სოციალური მიზნით სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობის მიერ შესაძლოა გამოყენებული იქნეს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მისი უფლებამოსილება.
13. სოციალური დანიშნულებით ჭრებით ხეტყის დამზადება დაიშვება 360-მდე დაქანების ფერდობებზე.
14. სოციალური დანიშნულების ჭრების შემთხვევაში პირწმინდა ჭრების ტყეკაფები მოინიშნება ტყის განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე არსებული ხეების რბილმერქნიან სახეობათა ერთდროული (პირწმინდა) მოჭრის მიზნით, გარდა 20 წლამდე ასაკის ხეებისა, ხორციელდება მხოლოდ ვაკე რელიეფის ნულიდან 5 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე და ტარდება 10 ჰა-მდე ფართობზე 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეების პირწმინდა ჭრით.
15. სოციალური დანიშნულების ჭრები ხორციელდება აგრეთვე:
ა) 0,3 და 0,4 სიხშირის კორომებში, №3 დანართის შესაბამისად, გაბატონებული მერქნიანი ჯიშების საკმარისი რაოდენობის მოზარდის არსებობისას, ჭრაში ინიშნება 28 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები (მათ შორის, პირველ რიგში ზეხმელი, ხმობადი და ფუღურო ხეები);
ბ) 0,5 სიხშირის კორომებში ჭრა ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მერქნიან სახეობათა მოზარდი არის საკმარისი რაოდენობით, რომელიც ტყეკაფზე ტყის აღდგენას უზრუნველყოფს (№3 დანართის გათვალისწინებით), 0,5 სიხშირის კორომებში იჭრება მარაგის 25%-მდე;
გ) 0,6 და ნაკლები სიხშირის მარადმწვანე ქვეტყიან, მაყვლიან და გვიმრიან ტყის კორომებსა და მიკროუბნებში ჭრა არ ინიშნება (თუ მათი დაფარულობა 40%-ზე მეტია). აღნიშნულ კორომებში დასაშვებია ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელება, რომლის წინაპირობას შეადგენს განახლებისა და შემდგომ ჭრისათვის ტერიტორიის მომზადება ქვეტყის გამოხშირვით ან ფანჯრული და ზოლებრივი პირწმინდა მოჭრით, ჩატარებული ჭრებიდან 5 წლის შემდეგ საკმარისი მოზარდის არსებობის შემთხვევაში (№3 დანართის გათვალისწინებით) დასაშვებია ჭრის დანიშვნა;
დ) 0,6-0,7 სიხშირის კორომებში იჭრება არსებული მარაგის 20%-მდე, ხოლო 0.8 და მეტი სიხშირის კორომებში – არსებული მარაგის 30%-მდე (კორომის სიხშირის 0,3 ერთეულით დაწევით). 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში, მარადმწვანე ქვეტყის, მაყვლისა და გვიმრის არსებობის შემთხვევაში (თუ მათი დაფარულობა 40%-ზე მეტია) სიხშირე არ დაიყვანება 0,6-ზე დაბლა;
ე) მოვლითი ჭრების სახეებს დაქვემდებარებული ტყის უბნებში ტყეკაფის მონიშვნა ხორციელდება მოვლითი ჭრებით დადგენილი ნორმებით;
ვ) საკურორტო და მწვანე ზონის კატეგორიის ტყეებში ჭრის შედეგად სიხშირე არ დაიყვანება 0,4 სიხშირეზე დაბლა (განსაზღვრული ტერიტორიისათვის პრიორიტეტული ჯიშის შენარჩუნებით).
16. სოციალური დანიშულების ჭრის დროს 310 – 350 -ის დაქანების ფერდობებზე ჭრა დასაშვებია მხოლოდ 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში, ჭრის ინტენსივობა 5%-ით ნაკლებია, ვიდრე 300-მდე დაქანების ფერდობებზე არსებული შესაბამისი სიხშირის კორომებისათვის. ხეტყის გამოზიდვა ტყეში სამანქანე გზამდე ხორციელდება საბაგირო და საჰაერო ტრანსპორტის ან ცოცხალი გამწევი ძალის გამოყენებით.
17. დაცულ ტყეში სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადება ხორციელდება მხოლოდ „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7-მე-9 მუხლებით განსაზღვრულ დაცული ტერიტორიების კატეგორიებში, დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის ან დროებითი რეგულირების წესის მოთხოვნების გათვალისწინებით.
18. დაცულ ტყეში სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადება ხორციელდება მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის კერძო ან/და საერთო სარგებლობის სოციალური მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით, დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
19. დაცულ ტყეში სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადების ფარგლებში მოპოვებულ მერქნულ რესურსზე არ გადაიხდება მომსახურების საფასური ხეტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისათვის. გადახდას ექვემდებარება მხოლოდ ხეტყის დამზადების ბილეთის გაცემის მომსახურების საფასური.
20. დაცულ ტყეში სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადება ხორციელდება სამეურნეო ჭრისთვის გამოყოფილ ტყეკაფზე. სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადების სამართლებრივი საფუძველია ტყის მართვის ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
21. დაცულ ტყეში სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადებას ახორციელებს ტყითმოსარგებლე. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ფიზიკური ან იურიდიული პირების ხეტყით უზრუნველყოფის მიზნით, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის ფარგლებში სპეციალურ ჭრებს ახორციელებს ახმეტის მუნიციპალიტეტი, მოვლითი ჭრების მოთხოვნათა დაცვით.
22. ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალური ჭრებით ხეტყის დამზადება და ტრანსპორტირება ხორციელდება უშუალოდ, ან შესაბამისი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვით.
23. ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალური ჭრით დამზადებული მრგვალი ხეტყე (მორი) და საშეშე მერქანი საწყობდება მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილ სპეციალურ ადგილზე (ადგილებზე) და გადაეცემა:
ა) I ხარისხის მერქანი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს განცხადების საფუძველზე, რომელსაც თან უნდა დაერთოს შესაბამისი შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი ან/და მშენებლობის ნებართვა (რემონტის შემთხვევაში − ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათები);
ბ) საშეშე მერქანი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს განცხადების საფუძველზე.
24. ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალური ჭრებით დამზადებული ხეტყე გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ თუშეთის დაცულ ლანდშაფტში, თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალში და თუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე.
25. სოციალური დანიშნულების ჭრებში არ მოინიშნება საქართველოს წითელი ნუსხით დაცული მერქნიანი მცენარეები, გარდა ბუნებრივად მოთხრილ-მოტეხილი, ფაუტი, ზეხმელი და ხმობადი მერქნიანი მცენარეებისა, რომლებიც ტყის მართვის ორგანოს მიერ მოინიშნება ამ წესის შესაბამისად. ამ შემთხვევაში ტყეკაფი გამოიყოფა ტყის მართვის ორგანოს გადაწყვეტილებით.
26. სოციალური დანიშნულების ჭრის წინა წლ(ებ)ის აუთვისებელ, ან ნაწილობრივ აუთვისებელ ტყეკაფებზე დასაშვებია ხელახალი ტყეკაფების გამოყოფა. ამ შემთხვევაში, ხეებზე გაკეთებულ ძველ ნუმერაციაზე საღებავით კეთდება აღნიშვნა „X