თავისი მიზნების განსახორციელებლად სააგენტო უზრუნველყოფს:

ა) ტყის მოვლასა და აღდგენას;

ბ) ტყის მონიტორინგს და მიღებულ მონაცემთა დამუშავებას;

გ) ტყის აღრიცხვასა და დაგეგმვას;

დ) სახელმწიფო ტყის საზღვრების კორექტირების საკითხის შეთანხმებას;

ე) სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო ტყის საზღვრების დაზუსტებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას და დაზუსტების შესახებ საკითხის დასმას;

ვ) ტყის დაყოფას სატყეო უბნებად, სატყეოებად, სატყეო კვარტალებად და ლიტერებად (სატაქსაციო უბნებად);

ზ) ტყის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობას;

თ) ტყის ტერიტორიაზე ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვას, ხოლო ხანძრის საფრთხის შემთხვევაში, მის სალიკვიდაციოდ, შესაბამისი ზომების მიღებასა და საფრთხის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდებას შესაბამისი ორგანოებისთვის, გარდა ტყით სარგებლობის გენერალური, ხე-ტყის დამზადების სპეციალური, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიებით განსაზღვრული ან ტყითსარგებლობის უფლებით გადაცემული ფართობებისა;

ი) მის სამოქმედო ტერიტორიაზე შესაბამისი აქტით ან ხელშეკრულებით მინიჭებული ტყითსარგებლობის უფლების განხორციელებაზე კონტროლს, რომლის ფარგლებში ტყის ტერიტორიაზე ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 49-ე, 512, 53-ე, 532, 63-ე, 64-ე, 65-ე, 66-ე 661, 67-ე (ტყის მოვლის, აღდგენის ან გაშენების წესებისა და მოთხოვნების დარღვევის ნაწილში), 76-ე და 84-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენასა და შემდგომი რეაგირების მიზნით, ასევე, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, საქმის მასალების შესაბამის ორგანოებში გადაგზავნას;

კ) სააგენტოს სამოქმედო ტერიტორიაზე უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების აღმოჩენისას შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ან სხვა უფლებამოსილი ორგანოსთვის. საჭიროების შემთხვევაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების გამოვლენის პროცესში მონაწილეობის მიღებას, შესაბამისი აქტების შედგენას და გარემოსათვის მიყენებული ზიანის დაანგარიშებასж

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევის საქმეებზე კანონმდებლობით დადგენილი წესით გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრას (გამოანგარიშებას) და სახელმწიფოსთვის ზიანის ანაზღაურების მიზნით, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმთან ერთად ან შესაბამისი სარჩელის სასამართლოში წარდგენას;

მ) დადგენილი წესით ხე-ტყის დამზადებას;

ნ) დადგენილი წესით ხე-ტყის დამზადების ბილეთის, სპეციალური ფირნიშით მარკირებისა და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების გაცემას;

ო) დადგენილი წესით მერქნული რესურსის დახარისხებას;

პ) დადგენილი წესით საშეშე მერქნული რესურსის დაპობა-დაჩეხვას

ჟ) დადგენილი წესით ტყის სარგებლობაში გაცემას;

რ) სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის, მათ შორის გრძელვადიანი ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მინიჭების და ამ ტერიტორიაზე ჭრების (მათ შორის, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების)), ასევე სააგენტოს მიერ „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული ტყითსარგებლობის წესის შესახებ დებულებით (შემდგომში – ტყითსარგებლობის წესი) გათვალისწინებული მიზნებისთვის სახელმწიფო ტყის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისა და ჭრების განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას მარტივი ადმინისტრაციული წესით;

ს) განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებებლობის ობიექტების ფუნქციონირების, რეკონსტრუქციის (რეაბილიტაციის) ან დემონტაჟისათვის საჭირო მიწის სამუშაოების და/ან სპეციალური ჭრების განხორციელების, აგრეთვე „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვების, ასევე სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე წიაღის შესწავლის ან/და მოპოვებისთვის საჭირო მიწის სამუშაოების და/ან სპეციალური ჭრების განხორციელებაზე (გარდა „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვებისა (ბუნებრივი გარემოდან ამოღებისა)) შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას.

ტ) გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებლისათვის განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის მინიჭების შემთხვევაში შესაბამისი საკომპენსაციო ან/და შემარბილებელი ღონისძიებების შეთანხმებას;

უ) კომპეტენციის ფარგლებში ტყეკაფის მონიშვნას, გამოყოფას, დახურვას, გაუქმებას, გახსნაზე თანხმობის გაცემას;

ფ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ურთიერთობებში მონაწილეობას;

ქ) თანამშრომლობას ადგილობრივ, საერთაშორისო, სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;

ღ) სატყეო სექტორის შემდგომი განვითარებისათვის სამართლებრივი, ნორმატიულ-მეთოდოლოგიური და ეკონომიკური ბაზის შექმნაში მონაწილეობას;

ყ) მიზნობრივი პროგრამების შემუშავებას;

შ) კომპეტენციის ფარგლებში კადრების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას;

ჩ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სააგენტოს თანამშრომლის დაღუპვის ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში შესაბამისი ცნობის გაცემას;

ც) კომპეტენციის ფარგლებში, კონტროლს დაქვემდებარებული შესაბამისი ტყითმოსარგებლის მიერ ჩადენილი დარღვევის აღმოსაფხვრელად, სავალდებულო ღონისძიებების გატარების ან რაიმე ქმედებებისაგან თავის შეკავების მიზნით ადმინისტრაციული მიწერილობის გამოცემას და შესაბამისი ტყითმოსარგებლისთვის წარდგენას, რომლითაც ეცნობება მას, მითითებულ გონივრულ ვადაში აღმოფხვრას დარღვევები ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედებებისაგან;

ძ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის, პროექტების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების, საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების და საერთაშორისო ორგანიზაციების/პროცესების ეგიდით საქართველოში მიმდინარე ქმედებების შესახებ ინფორმაციის, ასევე შესაბამის სამდივნოებში წარდგენილი ეროვნული ანგარიშების ასლების მიწოდებას;

წ) სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით, სააგენტოს ქონების ბაზაზე კერძო სამართლის იურიდიული პირის შექმნას;

ჭ) სპეციალური გამოკვლევა;

ხ) დადგენილი წესით, სატყეო-სამეურნეო დანიშნულების გზების მოწყობა ან/და რეაბილიტაცია;

ჯ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება