1. თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობის მიზნით ეკონომიკური აგენტი ეროვნულ ბანკს მიმართავს  განაცხადით და წარუდგენს ამ წესის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-18 მუხლით განსაზღვრულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას.

2. დასაშვებია განაცხადის ელექტრონული ფორმით წარდგენა ეროვნულ ბანკში, თუ იგი აკმაყოფილებს ამ წესის მე-18 მუხლის მოთხოვნებს.

3. ეკონომიკური აგენტის მიერ ეროვნული ბანკისთვის ზეპირი განაცხადით მიმართვის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის თანამშრომლის მიერ დგება ოქმი, რომელშიც აისახება ეკონომიკური აგენტის მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი ინფორმაცია და დანართის სახით დაერთვის შესაბამისი მტკიცებულებები. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი ეროვნული ბანკის თანამშრომელი და ზეპირი განაცხადის წარმდგენი პირი. განმცხადებლის თანხმობით, ზეპირი განცხადება შეიძლება ჩაიწეროს ტექნიკური საშუალების გამოყენებით. ამ შემთხვევაში, ჩანაწერი უნდა დაერთოს ოქმს და ჩანაწერის შინაარსი წერილობით ოქმში არ აისახება. ზეპირი განაცხადის მიღების დროდ ჩაითვლება ოქმის შედგენის დაწყების დღე, საათი და წუთი.

4. ეკონომიკურ აგენტს უფლება აქვს ეროვნულ ბანკში ოფიციალური განაცხადის წარდგენამდე მიმართოს მას ანონიმურად და მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია თანამშრომლობის პროგრამის შესახებ.

5. განაცხადის მიღების შემდეგ ეროვნული ბანკი გასცემს წერილობით ცნობას მისი მიღების შესახებ, მიღების თარიღისა და დროის მითითებით.

6. ეროვნული ბანკი განაცხადს იხილავს მისი შემოტანის დროის თანმიმდევრობით (შემოტანის თარიღის შესაბამისი რიგითობით).

7. თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ წესის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, ეროვნული ბანკი მოახდენს განაცხადის მარკირებას, ეკონომიკურ აგენტს წერილობით აცნობებს აღნიშნულის თაობაზე და ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარმოადგინოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ინფორმაცია და მტკიცებულებები. ინფორმაციის განსაზღვრულ  ვადაში წარმოდგენის შემთხვევაში, იგი წარმოდგენილად ჩაითვლება იმ დროს, როდესაც მოხდა ეკონომიკური აგენტის მარკირება. მარკირებად მიიჩნევა შესაბამისი კატეგორიის შეღავათის მიღების მსურველთა რიგში ეკონომიკური აგენტისათვის ადგილის დაკავება, მის მიერ ამ მუხლში მითითებული სამართლებრივი საფუძვლებით გათვალისწინებული ინფორმაციის ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოდგენამდე.

8. ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი ინფორმაციისა და მტკიცებულებების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მარკირება ავტომატურად უქმდება.

9. თუ ეროვნული ბანკი დაადგენს, რომ  განაცხადი აკმაყოფილებს ამ წესის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, იგი იღებს გადაწყვეტილებას ეკონომიკური აგენტისათვის  თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილის პირობითი სტატუსის მინიჭების შესახებ, სრულყოფილი განაცხადის შემოტანის ან/და მარკირებით განსაზღვრული რიგითობის გათვალისწინებით და წერილობით ატყობინებს ეკონომიკურ აგენტს აღნიშნულის თაობაზე.

10. ეკონომიკურ აგენტს უფლება აქვს განაცხადის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე უკან გაიხმოს განაცხადი. განაცხადის უკან გახმობის მიუხედავად, ეროვნული ბანკი იტოვებს ეკონომიკური აგენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციასა და მტკიცებულებებს საქმის მოკვლევისათვის. ეროვნულ ბანკს არ აქვს უფლება აღნიშნული ინფორმაცია და მტკიცებულებები გამოიყენოს განცხადების წარმდგენი ეკონომიკური აგენტის წინააღმდეგ. აღნიშნულ შემთხვევაში, განცხადების შემომტანი ეკონომიკური აგენტის ვინაობა რჩება ანონიმური.

11. თუ საქმის მოკვლევა ჯერ არ არის დაწყებული და განაცხადი შეიცავს შესაბამის ინფორმაციას, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაიწყოს საქმის მოკვლევა ამ წესის შესაბამისად. ამ დროს საქმის მოკვლევა დაწყებულად ითვლება ეროვნული ბანკის ინიციატივი