1. ამ წესის საფუძველზე ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მისთვის მის მიერვე განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებლობის ან ეროვნული ბანკისთვის არასწორი, არასრული ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, ეკონომიკურ აგენტს ან/და მის ადმინისტრატორს დაეკისრება ფულადი ჯარიმა – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ფულადი ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის მის მიერვე განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებლობის, არასწორი, ან არასრული ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, ეკონომიკურ აგენტს ან/და მის ადმინისტრატორს დაეკისრება ფულადი ჯარიმა – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
3. ამ წესის მე-10 მუხლის მიხედვით ეროვნული ბანკის უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის ადგილზე შემოწმებაში ხელის შეშლის შემთხვევაში ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება ფულადი ჯარიმა – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
4. ფულადი ჯარიმის დაკისრება ეკონომიკურ აგენტს არ ათავისუფლებს ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებისგან.
5. ინფორმაციის მიუწოდებლობად არ ითვლება ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში დასაბუთებული პასუხი მოთხოვნილი ინფორმაციის არქონის შესახებ.
6. ეკონომიკურ აგენტს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად ფულადი ჯარიმები დაეკისრება იმავე კანონის მე-6 ან მე-7 მუხლებით გათვალისწინებული დარღვევისათვის.
7. კონკურენციის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული საქმის მოკვლევის ფარგლებში მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ აღებული პირობითი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება ფულადი ჯარიმა, რომლის ოდენობა თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე არ აღემატება ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში მოპასუხე ეკონომიკური აგენტის საშუალო დღიური ბრუნვის 5%-ს.
8. ეკონომიკური აგენტის მიერ გადახდილი ფულადი ჯარიმის თანხა მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
9. ამ მუხლის მე-6 პუნქტით და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის საფუძველზე იმავე კანონის მე-6 ან მე-7 მუხლებით გათვალისწინებული დარღვევისათვის ფულადი ჯარიმის ინდივიდუალური ოდენობის შეფარდებისას მოქმედებს შემდეგი ზოგადი პრინციპები:
ა) დაკისრებულ ფულად ჯარიმას უნდა გააჩნდეს პრევენციული მოქმედება. მისი ოდენობა შესაბამისობაში უნდა იყოს ეკონომიკური აგენტის ეკონომიკურ და ფინანსურ შესაძლებლობებთან, საბაზრო ძალასთან. ამასთან, დაკისრებული ჯარიმის ოდენობამ საფრთხე არ უნდა შეუქმნას ეკონომიკური აგენტის არსებობასა და მის მომავალ საქმიანობას;
ბ) დაკისრებული ფულადი ჯარიმა პროპორციული უნდა იყოს სამართალდარღვევის შედეგად დამდგარი ზიანისა და ეკონომიკური აგენტის მიერ მიღებული ეკონომიკური სარგებლისა, რათა მას გააჩნდეს საკმარისი სადამსჯელო/პრევენციული ეფექტი (ეკონომიკური აგენტისთვის ჯარიმის დაკისრების შემდეგ, საერთო ჯამში, სარგებლის მომტანი არ უნდა იყოს კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა).
10. ფულადი ჯარიმის დაკისრებისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ერთობლიობაში უნდა შეფასდეს კანონდარღვევის სიმძიმე, ხანგრძლივობა და დარღვევით გამოწვეული ზიანი, ქმედების დამამძიმებელი ან/და შემამსუბუქებელი გარემოებები, კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირის ეკონომიკური მდგომარეობ