1. ექსპორტიორი უფლებამოსილია, მიმართოს შესწავლის ორგანოს და წერილობითი ფორმით აიღოს ნებაყოფლობითი ვალდებულება (შემდგომში − ვალდებულება) შესწავლის ობიექტზე დადგენილი ფასების გადახედვის ან აღნიშნული პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგური ფასით ექსპორტის შეწყვეტის თაობაზე (საქართველოში აფილირებული ექსპორტიორების არსებობის შემთხვევაში, ექსპორტიორის აღნიშნული ვალდებულებების მხარდაჭერა მისი აფილირებული პირების მიერ), რომელიც ძალაში შედის საქართველოს მთავრობის მიერ ვალდებულების დამტკიცების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
2. ვალდებულება ძალაში შევა მხოლოდ შესწავლის ორგანოს მიერ შესწავლის პროცესში დემპინგური იმპორტით ადგილობრივი ინდუსტრიისთვის ზიანის მიყენების ან ზიანის მიყენების საფრთხის შექმნის დადგენისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პროცედურის გავლის შემდეგ.
3. შესწავლის ორგანო საქართველოს მთავრობას წარმოუდგენს წინასწარ დასკვნას, რომლის საფუძველზეც საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას ვალდებულების დამტკიცების თაობაზე.
4. შესწავლის ორგანო ვალდებულების ანალიზის შედეგად ადგენს ვალდებულების დამტკიცების მიზანშეწონილობის შესახებ წინასწარ დასკვნას, რომელიც უნდა შეიცავდეს დასაბუთებას იმის თაობაზე, რომ ვალდებულების მიღება, წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიების ან სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების გარეშე, აღმოფხვრის დემპინგური იმპორტით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს; ასევე ინფორმაციას წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიების სახისა და ზომის შესახებ, კანონის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისათვის.
5. ვალდებულების მიზანშეუწონლად მიჩნევის შემთხვევაში, შესწავლის ორგანო საქართველოს მთავრობას წარმოუდგენს წინასწარ დასკვნას იმის თაობაზე, რომ დემპინგური იმპორტის შეჩერება შეუძლებელია შესწავლის ობიექტის, რეალური და პოტენციური ექსპორტიორების დიდი რაოდენობის არსებობის გამო, ან საქართველოს ზოგადი პოლიტიკის ინტერესებთან დაკავშირებული სხვა რელევანტური მიზეზით.
6. კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შესწავლის ორგანოს მიერ ვალდებულების დამტკიცების მიზანშეწონილობის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღება აჩერებს შესწავლას. შეჩერებული შესწავლა შეწყდება ექსპორტიორის მიერ აღებული ვალდებულების ვადის გასვლით.
7. კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ექსპორტიორის მიერ ვალდებულების აღების შემთხვევაში, შეჩერებული შესწავლა შეიძლება, გაგრძელდეს ექსპორტიორის მოთხოვნის ან შესწავლის ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
8. შესწავლის ორგანოს მიერ შეჩერებული შესწავლის გაგრძელების შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენს მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ექსპორტიორის მიერ აღებული ვალდებულება აღარ წარმოადგენს ეფექტიან საშუალებას დემპინგური იმპორტით გამოწვეული უარყოფითი შედეგების აღმოფხვრისათვის.
9. შესწავლის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესწავლის ორგანო ამის შესახებ აცნობებს ექსპორტიორს, საქართველოს მთავრობასა და ექსპორტიორი ქვეყნის მთავრობას.
10. შესწავლის ორგანო შესაბამისი პირებისგან პერიოდულად გამოითხოვს ინფორმაციას ექსპორტიორის მიერ ვალდებულების შესრულების თაობაზე.
11. ვალდებულების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, კანონის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, შესწავლის ორგანო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს შეჩერებული შესწავლის გაგრძელების თაობაზ