1. კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, ადგილობრივ ინდუსტრიაზე დემპინგური იმპორტით მიყენებული ზიანის ან ზიანის მიყენების საფრთხის დადგენა უნდა ეფუძნებოდეს დემპინგური იმპორტის მოცულობის, აგრეთვე დემპინგური იმპორტის ადგილობრივ ბაზარზე მსგავსი პროდუქტის ფასებზე გავლენისა და ამ პროდუქტის ადგილობრივ მწარმოებლებზე გავლენის ანალიზს.

2. დემპინგური იმპორტის მოცულობასთან დაკავშირებით შესწავლის ორგანომ უნდა გაითვალისწინოს დემპინგური იმპორტის მოცულობის ზრდის მაჩვენებლები.

3. დემპინგური იმპორტის ადგილობრივ ბაზარზე მსგავსი პროდუქტის ფასებზე გავლენასთან დაკავშირებით შესწავლის ორგანომ უნდა გაითვალისწინოს:

ა) არის თუ არა შესწავლის ობიექტის ფასი არსებითად დაბალი საქართველოს ბაზარზე მსგავსი პროდუქტის ფასებთან შედარებით;

ბ) განაპირობა თუ არა დემპინგურმა იმპორტმა მსგავსი პროდუქტის ფასების შემცირება საქართველოს ბაზარზე;

გ) არსებითად უშლიდა თუ არა ხელს დემპინგური იმპორტი საქართველოს ბაზარზე მსგავსი პროდუქტის ფასების ზრდას.

4. ადგილობრივ ინდუსტრიაზე დემპინგური იმპორტის გავლენის ანალიზი მდგომარეობს იმ ეკონომიკური ფაქტორების შეფასებაში, რომლებიც კავშირშია ადგილობრივ ინდუსტრიასთან, მათ შორის (და არა მხოლოდ):

ა) გაყიდვების, მოგების, წარმოების, საბაზრო წილის, პროდუქტიულობის, ინვესტიციის უკუგების ან საწარმოო სიმძლავრეთა დატვირთულობის ხარისხის არსებული ან შესაძლო შემცირება;

ბ) საქართველოს ბაზარზე ფასების დონეზე მოქმედი ფაქტორები;

გ) დემპინგური ზღვრის რაოდენობრივი მნიშვნელობა;

დ) არსებული ან მოსალოდნელი ნეგატიური ეფექტები ფულად ნაკადებზე, მარაგებზე, დასაქმებაზე, ხელფასებზე, ზრდაზე ან კაპიტალისა და ინვესტიციის მოზიდვაზე.

5. ადგილობრივ ინდუსტრიაზე დემპინგური იმპორტის გავლენა ფასდება საქართველოში მსგავს პროდუქტთან მიმართებით, თუ არსებული მონაცემები იძლევა საშუალებას, განისაზღვროს მსგავსი პროდუქტის წარმოება ისეთი კრიტერიუმების საფუძველზე, როგორებიცაა საწარმოო პროცესი, მწარმოებლების მიერ პროდუქტით ვაჭრობა და მოგება. იმ შემთხვევაში, თუ არსებული მონაცემები არ იძლევა მსგავსი პროდუქტის წარმოების ცალკე გამოყოფის საშუალებას, დემპინგური იმპორტის გავლენა ადგილობრივ ინდუსტრიაზე  ფასდება წარმოების შედარებით ვიწრო ჯგუფის ან სასაქონლო ნომენკლატურასთან მიმართებით, რომელიც მოიცავს მსგავს პროდუქტს.

6. ადგილობრივ ინდუსტრიაზე დემპინგური იმპორტით მიყენებული მატერიალური ზიანის საფრთხის დადგენისას სახეზე უნდა იყოს ერთობლივად ყველა შემდეგი ფაქტორი,  რომელთაგან არც ერთს არ ენიჭება შინაარსობრივი უპირატესობა დანარჩენებთან შედარებით:

ა) დემპინგური იმპორტის ზრდის ტემპები და შემდგომი ზრდის პროგნოზი;

ბ) აქვს თუ არა ექსპორტიორს შესწავლის ობიექტის საკმარისი საექსპორტო შესაძლებლობები ან აქვს თუ არა ადგილი ასეთი შესაძლებლობების შეუქცევად ზრდას, ასევე სხვა საექსპორტო ბაზრების შესაძლებლობას, მიიღოს დამატებით აღნიშნული პროდუქტის ექსპორტის მნიშვნელოვანი ოდენობა;

გ) შესწავლის ობიექტის ფასების დონე, თუ ფასების ასეთ დონეს შეუძლია, გამოიწვიოს მსგავსი პროდუქტის ფასების შემცირება ან შენარჩუნება, ან შესწავლის ობიექტზე მოთხოვნის ზრდა საქართველოს ბაზარზე;

დ) ექსპორტიორის ხელთ არსებული შესწავლის ობიექტის მარაგები.

7. იმ შემთხვევაში, თუ შესწავლის ობიექტის იმპორტი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ერთზე მეტი უცხო ქვეყნიდან ხორციელდება, შესწავლის ორგანოს შეუძლია, შეაფასოს ასეთი იმპორტის ერთობლივი გავლენა იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ:

ა) დემპინგური ზღვარი, განსაზღვრული თითოეული უცხო ქვეყნიდან პროდუქტის იმპორტზე, აღემატება დემპინგური ზღვრის დაშვებულ მინიმალურ დონეს, ხოლო მოცემული პროდუქტის იმპორტი თითოეული უცხო ქვეყნიდან არ არის უმნიშვნელო კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად;

ბ) პროდუქტის იმპორტის ერთობლივი გავლენის შეფასება შესაძლებელია იმპორტირებულ პროდუქტს შორის და საქართველოს ბაზარზე არსებული მსგავსი პროდუქტის კონკურენტული პირობების გათვალისწინებით.

8. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფაქტორებიდან არც ერთს არ გააჩნია შინაარსობრივი უპირატესობა დანარჩენებთან შედარებით ადგილობრივ ინდუსტრიაზე დემპინგური იმპორტით მიყენებული ზიანის თუ მისთვის ზიანის მიყენების საფრთხის დადგენისთვი