1. დემპინგური ზღვარი დგინდება კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, პროდუქტის ნორმალური ღირებულების საშუალო შეწონილი ფასის ყველა შესადარებელი საექსპორტო პარტიის ფასის საშუალო შეწონილ ფასთან შედარებით ან პროდუქტის ნორმალური ღირებულების ცალკეული გარიგებების საექსპორტო ფასებთან შედარებით.
2. პროდუქტის ნორმალური ღირებულების საშუალო შეწონილი ფასის ცალკეული გარიგებების საექსპორტო ფასებთან შედარება შესაძლებელია, თუ შესწავლის ორგანო დაადგენს, რომ საექსპორტო ფასები არსებითად განსხვავდება მყიდველის, რეგიონის ან პროდუქტის მიწოდების პერიოდის მიხედვით. ასეთ შემთხვევაში, შესწავლის ორგანო განმარტავს, რატომ არ შეიძლება, ამგვარი განსხვავებები გათვალისწინებულ იქნეს საშუალო შეწონილი ფასის საშუალო შეწონილ ფასთან ან გარიგების გარიგებასთან შედარების გამოყენებისას.
3. კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შესწავლის ორგანო, ინდუსტრიისთვის მიყენებული ზიანის თუ ზიანის მიყენების საფრთხის აღმოსაფხვრელად, დემპინგურ ზღვარზე დაბალი ტარიფის საკმარისობის შეფასებისას განიხილავს ზიანის ზღვრის მაჩვენებელს.
4. ზიანის ზღვარი დგინდება ადგილობრივი ინდუსტრიის მიერ წარმოებული მსგავსი პროდუქტის ფასისა და დემპინგური იმპორტის საექსპორტო ფასის შედარების საფუძველზე, ან ადგილობრივი ბაზრის სამიზნე ფასისა და დემპინგური იმპორტის საექსპორტო ფასის შედარების საფუძველზე.
5. ამ წესის მიზნებისთვის სამიზნე ფასად მიიჩნევა:
ა) ადგილობრივი ინდუსტრიის მიერ წარმოებული მსგავსი პროდუქტის ფასი დემპინგური იმპორტის ზემოქმედებამდე;
ბ) ადგილობრივ ბაზარზე არა დემპინგურ ფასად ექსპორტირებული მსგავსი პროდუქტის ფასი; ან
გ) ადგილობრივი ინდუსტრიის მიერ მსგავსი პროდუქტის წარმოების ღირებულება, რომელიც მოიცავს ადმინისტრაციულ, გაყიდვებისა და სხვა ხარჯებს, ასევე მოგების გონივრულ ზღვარს.
6. შესწავლის ორგანომ ზიანის ზღვრის დადგენისას უნდა გაითვალისწინოს წესის მე-14 მუხლით გათვალისწინებული ფასების სამართლიანი შედარების პრინციპები.