1. შესწავლის ორგანო, შესწავლის დაწყების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას წერილობითი შეტყობინებით დაუყოვნებლივ აცნობებს ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოს და ცნობილ დაინტერესებულ პირებს, ასევე ამის შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას საკუთარ ვებგვერდზე.
2. კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, შესწავლის დაწყების შესახებ შეტყობინება და გამოქვეყნებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს:
ა) შესწავლის ობიექტისა და ექსპორტიორი ქვეყნის დასახელებას;
ბ) შესწავლის დაწყების თარიღს;
გ) განაცხადში წარდგენილ, დემპინგის დადგენის სავარაუდო საფუძვლებს;
დ) ზიანის დადგენის სავარაუდო ფაქტორების მოკლე მიმოხილვას;
ე) მისამართს, სადაც დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ შესწავლასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და თავიანთი მოსაზრებების წერილობითი ფორმით წარდგენა;
ვ) ვადას, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ შესწავლასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და თავიანთი მოსაზრებების წერილობითი ფორმით წარდგენა;
ზ) ვადას, რომლის ფარგლებშიც, მე-10 მუხლის შესაბამისად, შესწავლის მონაწილეებს შეუძლიათ, მოითხოვონ განხილვის სხდომის ჩატარება.
3. შესწავლის ორგანო უზრუნველყოფს შესწავლის შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ, აგრეთვე ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების, გადახედვის ან გაუქმების მიზანშეწონილობის შესახებ ნებისმიერი დასკვნის გამოქვეყნებას შესწავლის ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე. შესაბამისი შეტყობინებები ეგზავნება ექსპორტიორი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებსა და შესწავლის ორგანოსთვის ცნობილ დაინტერესებულ პირებს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული შესწავლის ორგანოს დასკვნები, საქართველოს მთავრობისთვის გაგზავნამდე, წერილობითი ფორმით ეცნობებათ შესწავლის პროცესის მონაწილეებს, რომლებსაც შეუძლიათ, 15 კალენდარული დღის ვადაში შესწავლის ორგანოში წარადგინონ კომენტარები.
5. წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების შესახებ შეტყობინება და გამოქვეყნებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს დეტალურ განმარტებას დემპინგური იმპორტისა და ზიანის წინასწარი დადგენის თაობაზე, კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის გათვალისწინებით, ასევე მითითებას იმ ფაქტებსა და ნორმატიულ აქტებზე, რომელთა საფუძველზეც მიღებულია გადაწყვეტილება წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების შესახებ. გარდა ამისა, შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) შესწავლის ობიექტის ექსპორტიორი კომპანიის დასახელებას, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, აღნიშნული პროდუქტის ექსპორტიორი ქვეყნის დასახელებას;
ბ) შესწავლის ობიექტის აღწერილობას, რაც საკმარისია საბაჟო გაფორმების მიზნებისთვის;
გ) დემპინგური ზღვრის, პროდუქტის ნორმალური ღირებულების და საექსპორტო ფასის დადგენისა და შედარების მეთოდოლოგიის აღწერას;
დ) ზიანის დადგენის საფუძვლებს.
6. შესწავლის დასრულების, შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ შეტყობინების ან გამოქვეყნებისას, კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის გათვალისწინებით, იგი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ყველა იმ ფაქტსა და ნორმატიულ აქტზე, რომელთა საფუძველზეც მიღებულია გადაწყვეტილება. გარდა ამისა, შეტყობინება უნდა შეიცავდეს:
ა) წინამდებარე მუხლის მე-5 პუნქტში მითითებულ რელევანტურ ინფორმაციას;
ბ) შესწავლის ობიექტის ექსპორტიორებისა და იმპორტიორების მიერ შესწავლისას წარდგენილი არგუმენტებისა და მოთხოვნების მიღების ან უარყოფის მიზეზების მითითებას.
7. ამ მუხლის დებულებები, შესაბამისი განსხვავებების გათვალისწინებით, გამოიყენება კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად განხორციელებული განმეორებითი შესწავლის დაწყებისა და დამთავრების შესახებ შეტყობინებებთან მიმართები