1. წესებში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნია შემდეგი მნიშვნელობები:

ა) არაგეგმური წყვეტა – მომარაგების დაუგეგმავი წყვეტა, რომლის შესახებ მომხმარებლები წინასწარ არ არიან ინფორმირებულები;

ბ) ბუნებრივი გაზით მომარაგების წყვეტა – შემთხვევა, რომლის დროსაც ბუნებრივი გაზის წნევა მომხმარებლის მიერთების წერტილში ნულის ტოლია;

გ) გარე მიზეზი – ფორსმაჟორული გარემოება (დაუძლეველი ძალა) ან საწარმოსგან დამოუკიდებელი ნებისმიერი სხვა მიზეზი, რომლითაც გამოწვეულია ამ წესებით დადგენილი საერთო ან გარანტირებული სტანდარტის შეუსრულებლობა. გარე მიზეზი უნდა დასტურდებოდეს საწარმოს ხელმძღვანელის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ხელმოწერილი დოკუმენტით და შესაბამისი მტკიცებულებით (მათ შორის, შესაძლებლობის შემთხვევაში, ფოტომასალით), გარდა ახალი მომხმარებლის (ობიექტის)/ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტონომიური გადაადგილების საშუალებების დამტენი პუნქტის მიერთების/სიმძლავრის გაზრდის სტანდარტის შეუსრულებლობისა;

დ) გაუწეველი მომსახურება – ამ წესებით დადგენილი გარანტირებული სტანდარტის შიდა მიზეზით შეუსრულებლობა;

ე) გეგმური წყვეტა – მომარაგების დაგეგმილი წყვეტა, რომლის შესახებ მომხმარებლები წინასწარ უნდა იყვნენ ინფორმირებულები;

ვ) დაბალი ძაბვა – ამ წესების მიზნებისათვის 1 კვ-ზე ნაკლები (380/220) ძაბვის დონე;

ზ) დავალიანება – ის თანხა, რომელიც კომისიის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად, საწარმომ უნდა ასახოს ანგარიშსწორების ქვითარში და რომლის გადაუხდელობის შემთხვევაშიც საწარმო უფლებამოსილია შეუწყვიტოს მომხმარებელს მომარაგება;

თ) ელექტროენერგიით მომარაგების წყვეტა – შემთხვევა, რომლის დროსაც ძაბვა მომხმარებლის მიერთების წერტილებში ნომინალური ძაბვის 1%-ზე დაბალია;

ი) ელექტროენერგიის ხანგრძლივი წყვეტა – ელექტროენერგიის მომარაგების გეგმური ან არაგეგმური წყვეტა, რომლის ხანგრძლივობა აღემატება 5 წუთს;

კ) ელექტროენერგიის ხანმოკლე წყვეტა ელექტროენერგიით მომარაგების არაგეგმური წყვეტა, რომლის ხანგრძლივობა არ აღემატება 5 წუთს;

ლ) ელექტრონული ჟურნალი – კომისიის მიერ შემუშავებული პროგრამული სისტემა, რომლის მეშვეობითაც ხდება ანგარიშგება ამ წესებით გათვალისწინებული მომსახურების შესრულებასთან დაკავშირებით და რომლის მეშვეობითაც კომისია რეალური დროის რეჟიმში აკონტროლებს საწარმოს მიერ ამ წესების მოთხოვნების შესრულებას;

მ) კომპენსაცია – თანხა, რომელსაც საწარმო უხდის მომხმარებელს მის სააბონენტო ბარათზე კრედიტის სახით ასახვის ან საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, გაუწეველი მომსახურების შემთხვევაში, ამ წესების შესაბამისად;

ნ) მარტივი სამუშაო – სარემონტო სამუშაო, რომლის შესრულებაც არ საჭიროებს ძირითადი საშუალებების ნაწილობრივ ან სრულ შეცვლას/დამონტაჟებას, ასევე, ისეთი სამუშაო, რომელიც შემოიფარგლება მხოლოდ მომხმარებლ(ებ)ის სისტემასთან მიერთების წერტილში საჭირო სამუშაოებით, აღრიცხვის კვანძის მონტაჟის, შეცვლის, შეკეთების ან/და ადგილზე შემოწმების ჩათვლით;

ო) მაღალმთიანი დასახლება – დასახლება, რომელსაც „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი;

პ) მაღალი ძაბვა – 35-110 კვ ძაბვა;

ჟ) მედიასაშუალება – ინფორმაციის გავრცელების ისეთი საშუალება, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში და რომლის სახელწოდება საწარმოს მიერ წინასწარ არის განთავსებული საყოველთაოდ ხელმისაწვდომ ადგილზე (მათ შორის, საწარმოს ოფიციალურ ვებგვერდზე);

რ) მომარაგება – მომსახურე საწარმოს მიერ მომხმარებლის მომარაგება ელექტროენერგიით, სასმელი წყლით ან ბუნებრივი გაზით, მისი საქმიანობის შესაბამისად;

ს) მომარაგების წყვეტა – მომარაგების გეგმური და არაგეგმური წყვეტა;

ტ) მომარაგების აღდგენა – წყვეტის შემდეგ საწარმოს ქსელში დადგენილი ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისი ელექტროენერგიით, ბუნებრივი გაზით ან სასმელი წყლით მომარაგების აღდგენა;

უ) მომსახურების ხარისხის სტანდარტი – მომსახურების კომერციული ხარისხის ან მომარაგების საიმედოობის მინიმალური დონე, რომლის შესრულება-შეუსრულებლობაზეც კომისიის მიერ დადგენილია წახალისება-სანქცირების ფინანსური მექანიზმი (საერთო სტანდარტი) ან მომხმარებლის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდის ვალდებულება (გარანტირებული სტანდარტი);

ფ) მომსახურების კომერციული ხარისხის სტანდარტი – სტანდარტი, რომელიც შეეხება საწარმოს მიერ მომარაგების წყვეტაზე მომხმარებლის ინფორმირებას ან მომხმარებლის განცხადებაზე რეაგირებას;

ქ) მომარაგების საიმედოობის სტანდარტი – სტანდარტი, რომელიც შეეხება საწარმოს მიერ მომარაგების ხარისხს, მათ შორის, წყვეტების დროულ აღმოფხვრასა და შემცირებას;

ღ) მომარაგების ტექნიკური ხარისხი:

ღ.ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში – ძაბვის ხარისხი;

ღ.ბ) ბუნებრივი გაზის სექტორში – ტექნიკური რეგლამენტითა და მიერთების ტექნიკური პირობით განსაზღვრული მინიმალური და მაქსიმალური წნევა;

ღ.გ) წყალმომარაგების სექტორში – ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მინიმალური და მაქსიმარული წნევა (დაწნევა). ასევე, ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისი ხარისხის წყალი;

ყ) მომსახურების პირობები და წესები – კომისიის მიერ დამტკიცებლი ,,ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესები“, „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესები“, „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები“ ან/და „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“;

შ) მომხმარებელი – საბოლოო მომხმარებელი ან სასმელი წყლის მომხმარებელი;

ჩ) მომხმარებლის კატეგორია – საყოფაცხოვრებო მომხმარებელი და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი;

ც) რთული სამუშაო – ისეთი სამუშაო, რომელიც არ განეკუთვნება მარტივი სამუშაოს კატეგორიას, მათ შორის, ისეთი სამუშაო, რომლის შედეგადაც ხდება გამანაწილებელი ქსელის (სისტემის) ძირითადი საშუალებების შეცვლა/დამონტაჟება ან მშენებლობა/რეკონსტრუქცია;

ძ) სამუშაო დღე – კალენდარული დღე, გარდა შაბათ-კვირისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეებისა;

წ) საბაზისო წელი – კომისიის მიერ ტარიფის გაანგარიშების წლის წინა კალენდარული წელი;

ჭ) სამიზნე მაჩვენებელი – მაჩვენებელი, რომელიც განსაზღვრავს მომსახურების ხარისხის საერთო სტანდარტის მინიმალურ დონეს და დგინდება კომისიის მიერ;

ხ) სასმელი წყლით მომარაგების წყვეტა – შემთხვევა, რომლის დროსაც დაწნევა მომხმარებლის მიერთების წერტილში ნაკლებია 0.1 მგპა-ზე;

ჯ) საშუალო ძაბვა – 10-6-3.3 კვ ძაბვა;

ჰ) საწარმო – ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, ელექტროენერგიის მიმწოდებელი, წყალმომარაგების ლიცენზიატი, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი და ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი;

ჰ1) ტერიტორიული უბნები – საწარმოს საქმიანობის არეალში წყვეტების რეგისტრაციისას გამოყენებული დასახლებები: მომსახურების ცენტრები, ქალაქი ან სხვა დასახლება;

ჰ2) ფორსმაჟორი (დაუძლეველი ძალა) – ისეთი გარემოებები (მიწისძვრა, წყალდიდობა, ეპიდემია, სახელმწიფო გადატრიალება და სხვა), რომლებიც არ არის დამოკიდებული საწარმოზე ან არ ექვემდებარება მის კონტროლს, გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი და რომელთა გამოც საწარმო ვერ ასრულებს ამ წესებით გათვალისწინებული მომსახურების პირობებს. აღნიშნული გარემოება უნდა დასტურდებოდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ან საწარმოს ხელმძღვანელის (მის მიერ უფლებამოსილი პირის) მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით;

ჰ3) ქსელი (სისტემა) – ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელი, ასევე წყალმომარაგების სისტემა;

ჰ4) შიდა მიზეზი – გარემოება, რომლითაც გამოწვეულია ამ წესებით დადგენილი საერთო ან გარანტირებული სტანდარტის შეუსრულებლობა ან მომარაგების გეგმური/არაგეგმური წყვეტა, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრება საწარმოს (რომელიც არ არის განპირობებული გარე მიზეზით);

ჰ5) წყვეტის დასასრული – ამომრთველის ან/და გამთიშველის კონტაქტების, ჩამკეტ-მარეგულირებელი არმატურის ან სხვა ანალოგიური მოწყობილობის ჩართვის დრო, რის შედეგადაც ხდება მომარაგების აღდგენა, ხოლო ბუნებრივი გაზის სექტორში – მომხმარებლის ობიექტთან არსებულ იმ უახლოეს რეგულატორამდე ან ჩამკეტ-მარეგულირებელ არმატურამდე მიწოდების დრო, რომლის ჩართვის (ლიცენზიატის ტექნიკური სამსახურის ზემოქმედებით) შედეგად, მომხმარებელს ეძლევა ბუნებრივი გაზის მოხმარების საშუალება;

ჰ6) წყვეტის დასაწყისი – ამომრთველის/გამთიშველის კონტაქტების, ჩამკეტ-მარეგულირებელი არმატურის ან სხვა ანალოგიური მოწყობილობის გამორთვის დრო (თარიღი, საათი და წუთი) ან მომხმარებლის, მესამე პირის, საწარმოს პერსონალის ან ტექნიკური/პროგრამული საშუალებიდან მომარაგების წყვეტის შესახებ პირველი შეტყობინების მიღების/დაფიქსირების დრო (თარიღი, საათი და წუთი);

ჰ7) 24-საათიანი სატელეფონო ცხელი ხაზი (ქოლცენტრი) – მომხმარებელთა სატელეფონო მომსახურების უზრუნველსაყოფად, პერსონალითა და სათანადო მოწყობილობებით (პროგრამული უზრუნველყოფით) აღჭურვილი საკომუნიკაციო პუნქტი.

2. წესებში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც ,,ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონშ