1.  უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აპლიკანტთა შეფასება ხორციელდება სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) მიერ ორგანიზებული ტესტირების საფუძველზე, რომლის ჩატარების თარიღი განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. დაწესებულება უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეფასების გარდა, დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს შეფასების დამატებითი მექანიზმები, რომელიც არეგულირებს:

ა) შერჩევის ვადებს და ამ ვადების სარეგისტრაციო სისტემაში ასახვას;

ბ) შეფასების თარიღების შესახებ აპლიკანტთა ინფორმირებას;

გ) შეფასების მეთოდებსა და ეტაპებს;

დ) შესარჩევი და სააპელაციო კომისიების ფორმირების, მათი მუშაობის, გადაწყვეტილების მიღების  წესს;

ე) აპელაციის წესსა და ვადებს;

ვ) აპლიკანტისთვის განსხვავებულ თარიღში შეფასების უზრუნველყოფის წესსა და პირობებს;

ზ) დაწესებულების მიერ განსაზღვრულ სხვა პირობებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, თითოეულ უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტთა შეფასების თარიღი/თარიღები განისაზღვრება დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამასთან, შერჩევა უნდა განხორციელდეს ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დადგენილ შერჩევის პერიოდში. დაწესებულება ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია ასახოს  სარეგისტრაციო სისტემაში და ასევე, განათავსოს მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, შეფასების თარიღის დადგომამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღით ადრე.

4. დაწესებულება ვალდებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული თარიღის/თარიღების შესახებ აცნობოს აპლიკანტს, გონივრულ ვადაში, დაწესებულების მიერ დადგენილი წესით.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესარჩევი და სააპელაციო კომისიების ფორმირების, მათი მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების წესი უნდა გამორიცხავდეს მხოლოდ დაწესებულების წარმომადგენლების მიერ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას და უნდა ითვალისწინებდეს დაწესებულების პარტნიორი ორგანიზაციების მონაწილეობას.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაწესებულების შეფასება უნდა იყოს დიფერენცირებული და დაწესებულებამ უნდა განსაზღვროს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

7. ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირებისთვის მინიმალური კომპეტენციის ზღვარს ადგენს ცენტრის დირექტორი.

8. იმ შემთხვევში, თუ აპლიკანტი ვერ გადალახავს ამ მუხლის  მე-6 ან მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს დაკარგავს ჩარიცხვის უფლებას.

9. იმ შემთხვევში, თუ აპლიკანტი ვერ გადალახავს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს, დაწესებულება უფლებამოსილია არ დაუშვას აპლიკანტი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შერჩევაზე.

10. მართვის სისტემა, შესაბამისი პროგრამისთვის რეიტინგულ სიას ადგენს, ტესტირებისა და დაწესებულების შეფასების საბოლოო შედეგების (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სოციალური სტატუსისა და განათლების მიღწეული დონის გათვალისწინებით, რომელსაც მართვის სისტემის უფროსი ამტკიცებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

11. აპლიკანტის შეფასების შედეგი წარმოადგენს რეიტინგულ ქულას, გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

12. თუ პროგრამაზე მიღებისთვის ტესტირებასთან ერთად დადგენილია დაწესებულების შეფასება,  საბოლოო შედეგის გაანგარიშების მიზნით, მართვის სისტემა უზრუნველყოფს ტესტირებისა და დაწესებულების შეფასების შედეგების განათავსებას ერთიან სკალაზე, მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მეთოდით.  თითოეული შეფასების შედეგების ხვედრითი წილი საბოლოო შედეგის გაანგარიშებისას არის 50%.

13.  თუ აპლიკანტი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში საარსებო შემწეობის მიმღები პირი, მისი რეიტინგული  ქულა განისაზღვრება შეფასების შედეგად მიღებული ქულის  1.1. კოეფიციენტზე  გამრავლებით.

14. უმაღლეს პროფესიულ პროგრამაზე დგება ორი რეიტინგული სია განათლების მიღწეული დონის მიხედვით:

ა) იმ აპლიკანტთა რეიტინგული  ქულის გათვალისწინებით, რომელთა განათლების მიღწეული დონეა სრული ზოგადი განათლება;

ბ) იმ აპლიკანტთა რეიტინგული  ქულის გათვალისწინებით, რომელთა განათლების მიღწეული დონეა პროფესიული ან უმაღლესი განათლება.

15. თუ აპლიკანტთა რაოდენობა ნაკლებია პროგრამაზე მისაღები ადგილების რაოდენობაზე, რეიტინგულ სია დგება  ყველა იმ აპლიკანტის გათვალისწინებით (მიუხედავად განათლების მიღწეული დონისა), რომელთაც გადალახული აქვთ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

16. თანაბარი რეიტინგული  ქულის მქონე აპლიკანტები რეიტინგულ სიაში დაიკავებენ ერთსა და იმავე ადგილს, ხოლო სიის ნუმერაცია გაგრძელდება თითოეული ადგილისთვის თანაბარქულიანი აპლიკანტების რაოდენობის გათვალისწინებით.

17. მართვის სისტემა, შერჩევის ეტაპის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს:

ა) დაწესებულებისთვის  აპლიკანტთა რეიტინგული სიების ხელმისაწვდომობას თითოეული პროგრამის მიხედვით, პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში;

ბ) აპლიკანტისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რეიტინგში მისი ადგილის შესახებ, რეიტინგული ქულის გათვალისწინებით, ყველა არჩეული პროგრამის მიხედვი