1. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში (შემდგომში - რეალურ სამუშაო გარემოში განხორციელებული პროგრამა) აპლიკანტთა შეფასება ხორციელდება დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესით, რომელიც არეგულირებს შემდეგ საკითხებს:
ა) შერჩევის ვადებს და ამ ვადების სარეგისტრაციო სისტემაში ასახვას;
ბ) შეფასების თარიღების შესახებ აპლიკანტთა ინფორმირებას;
გ) შეფასების მეთოდებსა და ეტაპებს;
დ) შესარჩევი და სააპელაციო კომისიების ფორმირების, მათი მუშაობის, გადაწყვეტილების მიღების წესს;
ე) აპელაციის წესსა და ვადებს;
ვ) აპლიკანტისთვის განსხვავებულ თარიღში შეფასების უზრუნველყოფის წესსა და პირობებს;
ზ) დაწესებულების მიერ განსაზღვრულ სხვა პირობებს.
2. რეალურ სამუშაო გარემოში განხორციელებულ პროგრამაზე აპლიკანტთა შეფასების თარიღი/თარიღები განისაზღვრება დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შერჩევის პერიოდში. დაწესებულება ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია ასახოს სარეგისტრაციო სისტემაში და ასევე, განათავსოს მის ოფიციალურ ვებგვერდზე, შეფასების თარიღის დადგომამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღით ადრე.
3. დაწესებულება ვალდებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული თარიღის/თარიღების შესახებ აცნობოს აპლიკანტს, გონივრულ ვადაში, ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შემუშავებული წესით.
4. შესარჩევი და სააპელაციო კომისიების ფორმირების, მათი მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების წესი უნდა ითვალისწინებდეს პროგრამის თანაგანმახორციელებელი და სხვა პარტნიორი ორგანიზაციის/ორგანიზაციების მონაწილეობას.
5. დაწესებულება, ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შერჩევის პერიოდში, სარეგისტრაციო სისტემაში ასახავს აპლიკანტთა შეფასების შედეგებს.
6. შეფასება უნდა იყოს დიფერენცირებული და დაწესებულებამ უნდა განსაზღვროს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
7. აპლიკანტის შეფასების შედეგი წარმოადგენს რეიტინგულ ქულას.
8. დაწესებულება რეიტინგულ სიას ადგენს აპლიკანტის შეფასების შედეგების გათვალისწინებით, ამტკიცებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და ინფორმაციას ასახავს სარეგისტრაციო სისტემაში.
9. თანაბარი რეიტინგული ქულის მქონე აპლიკანტები რეიტინგულ სიაში დაიკავებენ ერთსა და იმავე ადგილს, ხოლო სიის ნუმერაცია გაგრძელდება თითოეული ადგილისთვის თანაბარქულიანი აპლიკანტების რაოდენობის გათვალისწინებით.
10. მართვის სისტემა, შერჩევის ეტაპის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს:
ა) დაწესებულებისთვის აპლიკანტთა რეიტინგული სიების ხელმისაწვდომობას თითოეული პროგრამის მიხედვით, პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში;
ბ) აპლიკანტისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რეიტინგში მისი ადგილის შესახებ, რეიტინგული ქულის გათვალისწინებით, ყველა არჩეული პროგრამის მიხედვით.
11. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ისეთ პროგრამებზე, რომელთა განხორციელების ერთადერთ შესაძლებლობად საგანმანათლებლო სტანდარტის შესაბამისად განსაზღვრულია სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტის მიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში. ამ შემთხვევაში, შერჩევა ხორციელდება შესაბამისი სახის პროგრამისთვის დადგენილი წესით.