1. საბაზო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტთა შერჩევა ხორციელდება დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესით, რომელიც არეგულირებს:

ა) შერჩევის ვადებს და ამ ვადების სარეგისტრაციო სისტემაში ასახვას;

ბ) შეფასების თარიღების შესახებ აპლიკანტთა ინფორმირების ფორმებს;

გ) შეფასების მეთოდებსა და ეტაპებს;

დ) შესარჩევი და სააპელაციო კომისიების ფორმირების, მათი მუშაობის, გადაწყვეტილების მიღების წესს;

ე) აპელაციის წესსა და ვადებს;

ვ) საჭიროების შემთხვევაში აპლიკანტის განსხვავებულ თარიღში შეფასების უზრუნველყოფის წესსა და პირობებს;

ზ) დაწესებულების მიერ განსაზღვრულ სხვა პირობებს.

2. თითოეულ საბაზო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტთა შეფასების თარიღი/თარიღები განისაზღვრება დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. შერჩევა უნდა განხორციელდეს ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შერჩევის პერიოდში. დაწესებულება ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია ასახოს  სარეგისტრაციო სისტემაში და ასევე, განათავსოს მის ოფიციალურ ვებგვერდზე, შეფასების თარიღის დადგომამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღით ადრე.

3. დაწესებულება ვალდებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული თარიღის/თარიღების შესახებ აცნობოს აპლიკანტს, გონივრულ ვადაში, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განსაზღვრული წესით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესარჩევი და აპელაციის კომისიების ფორმირების, მათი მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების წესი უნდა გამორიცხავდეს მხოლოდ დაწესებულების წარმომადგენლების მიერ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას და უნდა ითვალისწინებდეს დაწესებულების პარტნიორი ორგანიზაციების მონაწილეობას.

5. დაწესებულება, ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შერჩევის პერიოდში  სარეგისტრაციო სისტემაში ასახავს აპლიკანტთა შეფასების შედეგებს.

6. შეფასება უნდა იყოს დიფერენცირებული და დაწესებულებამ უნდა განსაზღვროს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შერჩევის ეტაპის დაწყებამდე.

7. მართვის სისტემა, რეიტინგულ სიას ადგენს, აპლიკანტის შეფასების შედეგების, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში საარსებო შემწეობის მიმღები პირის სტატუსისა და განათლების მიღწეული დონის გათვალისწინებით, რომელიც მტკიცდება დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

8. აპლიკანტის შეფასების შედეგი წარმოადგენს რეიტინგულ ქულას, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

9. თუ აპლიკანტი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში საარსებო შემწეობის მიმღები პირი, მისი რეიტინგული ქულა განისაზღვრება შეფასების შედეგად მიღებული ქულის 1.1. კოეფიციენტზე  გამრავლებით.

10. საბაზო პროფესიულ პროგრამაზე დგება ორი რეიტინგული სია განათლების მიღწეული დონის მიხედვით:

ა) იმ აპლიკანტთა რეიტინგული ქულის გათვალისწინებით, რომელთა განათლების მიღწეული დონეა ზოგადი განათლების საბაზო საფეხური;

ბ) იმ აპლიკანტთა რეიტინგული ქულის გათვალისწინებით, რომელთა განათლების მიღწეული დონე აღემატება ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს.

11. თუ აპლიკანტთა რაოდენობა ნაკლებია პროგრამაზე მისაღები ადგილების რაოდენობაზე, რეიტინგულ სია დგება ყველა იმ აპლიკანტის გათვალისწინებით (მიუხედავად განათლების მიღწეული დონისა), რომელთა რეიტინგული ქულა უტოლდება ან აღემატება დაწესებულების მიერ პროგრამისთვის დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს.

12. თანაბარი რეიტინგული ქულის მქონე აპლიკანტები რეიტინგულ სიაში დაიკავებენ ერთსა და იმავე ადგილს, ხოლო სიის ნუმერაცია გაგრძელდება თითოეული ადგილისთვის თანაბარქულიანი აპლიკანტების რაოდენობის გათვალისწინებით.

13. მართვის სისტემა, შერჩევის ეტაპის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, სარეგისტრაციო სისტემაში უზრუნველყოფს:

ა) დაწესებულებისთვის  აპლიკანტთა რეიტინგული სიების ხელმისაწვდომობას თითოეული პროგრამის მიხედვით.

ბ) აპლიკანტისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რეიტინგში მისი ადგილის შესახებ, რეიტინგული  ქულის გათვალისწინებით, ყველა არჩეული პროგრამის მიხედვი