1. ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გაცვალონ ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც სავარაუდოდ საჭირო იქნება ამ შეთანხმების დებულებების შესრულების ან შიდა კანონმდებლობის ადმინისტრირების ან გატარების მიზნით, ხელშემკვრელი მხარეების ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ გადასახადებთან მიმართებაში, რომლებით დაბეგვრა არ მოდის წინააღმდეგობაში ამ შეთანხმებასთან. ინფორმაციის გაცვლა არ არის შეზღუდული ამ შეთანხმების პირველი მუხლით.
2. ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ითვლება საიდუმლოდ, ისევე როგორც ამ მხარის შიდა კანონმდებლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია და მათზე წვდომა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს ან უწყებებს (სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ჩათვლით), რომელთა კომპეტენციას წარმოადგენს იმ გადასახადების შეფასება ან შეგროვება, იძულებითი წესით ამოღება ან სასამართლო წარმოება ან იმ გადასახადებთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა, რომლებსაც ეხება ამ მუხლის პირველი პუნქტი ან ზემოაღნიშნულის ზედამხედველობა. ეს პირები ან უწყებები ამ ინფორმაციას გამოიყენებენ მხოლოდ ამგვარი მიზნებისათვის. მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გამჟღავნება სასამართლოს ღია სხდომაზე ან სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღების დროს. ინფორმაცია არ შეიძლება გადაეცეს რომელიმე მესამე იურისდიქციას რაიმე მიზნით.
3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დებულებები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელ მხარეს ეკისრება ვალდებულება:
(a) გაატაროს ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ერთი ან მეორე ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობას და ადმინისტრაციულ პრაქტიკას;
(b) მიაწოდოს ინფორმაცია, რომლის მოპოვება არ არის ნებადართული ერთი ან მეორე ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით ან ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პრაქტიკით;
(c) მიაწოდოს ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გაამჟღავნოს ნებისმიერი სავაჭრო, სამეწარმეო, სამრეწველო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოება ან საქმიანი პროცესი ან ისეთი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ წესრიგს (ordre public).
4. თუ ამ მუხლის შესაბამისად ერთი ხელშემკვრელი მხარე მოითხოვს ინფორმაციას, მეორე ხელშემკვრელმა მხარემ უნდა მიიღოს მის ხელთ არსებული ზომები მოთხოვნილი ინფორმაციის მოძიებისათვის, მიუხედავად იმისა, სჭირდება თუ არა მეორე მხარეს ეს ინფორმაცია თავისი საგადასახადო მიზნებისათვის. წინა წინადადებაში ჩამოყალიბებულ ვალდებულებაზე გავრცელდება მე-3 პუნქტის შეზღუდვები, მაგრამ ეს შეზღუდვები არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, თითქოს ხელშემკვრელი მხარე უფლებამოსილია, უარი განაცხადოს ინფორმაციის მიწოდებაზე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ არ არსებობს ამ მხარის საგადასახადო ინტერესი ამ ინფორმაციის მიმართ.
5. მე-3 პუნქტის დებულებები, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელი მხარე უფლებამოსილია, უარი განაცხადოს ინფორმაციის მიწოდებაზე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ინფორმაცია ბანკის, სხვა ფინანსური ინსტიტუტის, ნომინალური მფლობელის, აგენტის ან მინდობილი მესაკუთრის განკარგულებაშია ან დაკავშირებულია პირის საკუთრების უფლების ინტერესებთა