1. საკრებულოს ფრაქცია წარმოადგენს საერთო პოლიტიკური შეხედულების მქონე საკრებულოს წევრთა ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომელიც იქმნება საკრებულოში მათი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით.
2. ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ საკრებულოს წევრებს უფლება არა აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია. ფრაქციის შექმნა შესაძლებელია როგორც პარტიულ, ისე არაპარტიულ საფუძველზე.
3. საკრებულოს წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ ერთ ფრაქციაში.
4. საკრებულოს ფრაქციაში არ უნდა იყოს საკრებულოს 3 წევრზე ნაკლები.
5. დაუშვებელია ფრაქციებად გაერთიანება ეროვნული, რელიგიური, პროფესიული, პირადი ან ტერიტორიული (საცხოვრებელი ადგილის) ნიშნით.
6. ფრაქციას უნდა ჰქონდეს წესდება, რომლითაც განისაზღვრება ფრაქციის შექმნისა და მის შემადგენლობაში ცვლილების განხორციელების წესი, ფრაქციის ხელმძღვანელი ორგანოს და თანამდებობის პირების არჩევის წესი და კომპეტენცია, ფრაქციის წევრთა უფლებამოსილება, ფრაქციის მიზნები და ამოცანები, წესდებაში ცვლილებების შეტანის პროცედურა.
7. საკრებულოს წევრს უფლება აქვს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით გაერთიანდეს ფრაქციაში ან ნებისმიერ დროს გავიდეს ფრაქციიდან. ფრაქციას უფლება აქვს ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით მიიღოს ახალი წევრი ფრაქციაში ან ფრაქციიდან გარიცხოს წევრი.
8. საკრებულოს წევრთა გაერთიანება ფრაქციის სტატუსს იძენს მისი რეგისტრაციის მომენტიდან.
9. ფრაქციას რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს ბიურო საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის წარდგინებით. ფრაქციის რეგისტრაციისათვის საჭიროა ფრაქციის განცხადება, რომელშიც აღინიშნება ფრაქციის სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის (მოადგილეების) და ფრაქციის სხვა წევრთა ვინაობა. განცხადებას უნდა დაერთოს ფრაქციის წესდება. ფრაქციის განცხადებას და წესდებას ხელს უნდა აწერდეს ფრაქციაში გაერთიანებული ყველა წევრი.
10. ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე დაუყოვნებლივ განიხილავს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია (ხოლო მუდმივი კომისიის შექმნამდე - დროებითი სამანდატო კომისია) და დასკვნას წარუდგენს საკრებულოს ბიუროს (საკრებულოს ბიუროს ფორმირებამდე - საკრებულოს თავმჯდომარეს). საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია დროებითი სამანდატო კომისიის დასკვნის წარდგენისთანავე დაუყოვნებლივ აცნობოს საკრებულოს სხდომას ფრაქციის შექმნის შესახებ. საკრებულო ამ განცხადებას იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე და ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად. მოგვიანებით დაფუძნებული ფრაქციის რეგისტრაციისათვის ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული განცხადება და ფრაქციის წესდება გადაეცემა საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას. იურიდიულ საკითხთა კომისია განცხადებისა და ფრაქციის წესდების წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს ფრაქციის შექმნის შესაბამისობას „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 30-ე მუხლის მოთხოვნებთან და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს შესაბამის დასკვნას. ახალი ფრაქციის შექმნის საკითხი შეიტანება საკრებულოს უახლოეს სხდომის დღის წესრიგში და განიხილება რიგგარეშედ. საკრებულო იურიდიულ საკითხთა კომისიის დადებით დასკვნას იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე და ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად. იურიდიულ საკითხთა კომისიის უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში საკრებულო ფრაქციის შექმნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრით.
11. ფრაქციაში ახალი წევრის მიღების, ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის, ფრაქციის წესდებაში ცვლილების, ფრაქციის თავმჯდომარის ან/და მისი მოადგილის შეცვლის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას. თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში დარჩა საკრებულოს 3 წევრზე ნაკლები, ფრაქცია ითვლება გაუქმებულად, რასაც იურიდიულ საკითხთა კომისია უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს. აღნიშნულ საკითხს საკრებულო იღებს ცნობა