2. სამკურნალო კვების დანიშვნისას გასათვალისწინებელია ზოგიერთი ფაქტორი, კერძოდ: პროდუქტის შერჩევა, მისი ქიმიური შემადგენლობის თავისებურება, ცალკეული პროდუქტებისა და საკვები ნივთიერებების რაოდენობრივი პროპორციები, კულინარიული დამუშავების ხერხები, მარილისა და საგემოვნო ნივთიერებების მოხმარება, მექანიკური დამუშავების ხარისხი, საკვების მიღების რითმი, რაციონის ენერგეტიკული ღირებულება. ავადმყოფი ადამიანის კვება ამ მოთხოვნების გათვალისწინების გარეშე უარყოფითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე, ორგანიზმის ძირითად მარეგულირებელ სისტემებზე, აქვეითებს კომპლექსურ მკურნალობაში სხვა სამკურნალო ფაქტორების დადებით გავლენას. ამიტომაა, რომ დიეტოთერაპიის ჩატარებისას აუცილებელია მივაღწიოთ სამკურნალო კომპლექსის ყველა კომპონენტის სინერგიულ მოქმედებას.
3. კვების რაციონის შედგენისას, განსაკუთრებით ქრონიკული ავადმყოფებისათვის, როდესაც საჭიროა დიეტური რეჟიმის ხანგრძლივად დაცვა, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების, მიკროელემენტების, მინერალური მარილების და წყლის მიღება.
4. რაციონის კალორიულობის განსაზღვრისას ასაკის, სქესის, ავადმყოფის საერთო მდგომარეობის, ავადმყოფობის პათოგენეტიკური თავისებურებების გარდა, გათვალისწინებულ უნდა იქნეს პაციენტისათვის დანიშნული საერთო რეჟიმიც. ამიტომაც სამკურნალო დაწესებულებაში საკვების კალორიულობა არ შეიძლება საერთო იყოს ყველა ავადმყოფისათვის.
5. კვების რაციონში საკმარისი რაოდენობით უნდა იყოს ცილები და ვიტამინები. ამ ნუტრიენტების დეფიციტი განსაკუთრებით უარყოფითად ვლინდება რეპარატიულ პროცესებზე. ცილის ნორმის ქვედა ზღვარია – 1 გ ავადმყოფის სხეულის მასის 1 კგ წონაზე. ეს გარემოება გათვალისწინებული უნდა იყოს უხორცო, რძე-მცენარეული და უმი მცენარეული საკვებისაგან შემდგარი დიეტების დანიშვნისას. უნდა გვახსოვდეს, რომ მთლიანი ცილის რაოდენობის 50%-ს ცხოველური ცილა უნდა შეადგენდეს. ბუნებრივია, ამ წესს თავისი გამონაკლისიც აქვს. მაგალითად, ქრონიკული ნეფრიტის დროს, თირკმლის გამოხატული ქრონიკული უკმარისობით, დიეტაში ხანგრძლივი დროით იზღუდება ცილა 40 გ-მდე დღეში.
6. ავადმყოფის კვებაში აუცილებელია უჯრედისით მდიდარი კვების პროდუქტების (უმეტესად ბოსტნეულის) ჩართვა.
7. ავადმყოფის ორგანიზმის მინერალური ნივთიერებებით, ვიტამინებით, მიკროელემენტებით უზრუნველსაყოფად დიეტურ რაციონში უნდა ჩაირთოს ახალი ხილი, კენკროვანი, ბოსტნეული, მწვანილი და სხვა პროდუქტები. თუ ვერ ხერხდება ვიტამინების დეფიციტის კომპენსირება ნატურალური პროდუქტებით, აუცილებელია დაინიშნოს ვიტამინები პრეპარატების ან ბიოლოგიურად აქტიური დანამატების სახით.
8. დიეტის დანიშვნისას აუცილებელია პროდუქტების მკაცრი აღრიცხვა და შერჩევა ქიმიური შემადგენლობისა და ბიოლოგიური ღირებულების მიხედვით, რადგან ბოსტნეულიც კი, რომელიც ერთ სახეობას განეკუთვნება, მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან თავისი მინერალური მარილების შემადგენლობით. ასე, მაგალითად, კომბოსტოს ხშირად რთავენ ჰიპონატრიუმიან დიეტაში, ამ დროს კი წითელ თავხვეულა კომბოსტოში დიდი რაოდენობითაა ნატრიუმის ქლორიდი, თეთრ კომბოსტოში საშუალო რაოდენობაა, სავოის კომბოსტოში კი თითქმის არ არის. კულინარული დამუშავების ხერხებიც ასევე მნიშვნელოვნად მოქმედებს დიეტური კვების კერძების ქიმიურ შემადგენლობაზე. ამიტომაც დიეტის დანიშვნის დროს ექიმმა უნდა იცოდეს საკვები პროდუქტების ქიმიური შემადგენლობა და სხვადასხვაგვარი კულინარული დამუშავების დროს მიმდინარე ცვლილებები.
9. ზოგიერთი დაავადების (დამწვრობა, ნეფროზული სინდრომი და სხვ.) დროს ხდება ცილის, ასევე ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების მნიშვნელოვანი რაოდენობით დაკარგვა. რიგ შემთხვევაში აღინიშნება ნუტრიენტების შეწოვის დარღვევა (მალაბსორბციის სინდრომი, ენტერიტი და სხვ.). ასეთ სიტუაციებში აუცილებელია კვების ნაკლული კომპონენტების გაზრდილი რაოდენობით მოხმარება. დამწვრობის მძიმე ფორმები, ინფექციური დაავადებები რეკონვალესცენციის ფაზაში მნიშვნელოვანი ენერგოხარჯვებით ხასიათდება, ამიტომაც აუცილებელი, რაციონის კალორიულობის გაზრდა, რაც უნდა მოხდეს რაციონში შემავალი თითოეული კომპონენტის პროპორციული ზრდის საფუძველზე.
10. მწვავე ან ქრონიკული დაავადებების გამწვავების პერიოდში, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისას, სისხლის მიმოქცევის გამოხატული უკმარისობით, საჭიროა რაციონის ენერგეტიკული ღირებულების შემცირება მხოლოდ ნუტრიენტების სწორი თანაფარდობის დაცვით. ზოგიერთი დაავადების დროს კი (ალიმენტარული სიმსუქნე) აუცილებელია კალორიულობის შემცირება, რაც ხორციელდება ნახშირწყლებისა და ცხიმის ხარჯზე, ცილის ფიზიოლოგიური ნორმა კი დაცული უნდა იყოს. მხოლოდ თირკმლის გამოხატული უკმარისობისას, თერმინალური ურემიის დროს, სისხლის მიმოქცევისა და ღვიძლის უკმარისობისას (მძიმე სტადია), აუცილებელია დიეტურ რაციონში ცილის მნიშვნელოვნად შემცირება. ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რაციონში ცილის ამინომჟავურ შემადგენლობას. ცილის 40 გ-მდე შემცირებისასაც კი რაციონში, ცილოვანი პროდუქტების შერჩევის გზით, შესაძლებელი ხდება შეუცვლელი და ჩანაცვლებადი ამინომჟავების რაოდენობრივი მიახლოება ორგანიზმის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებასთან.
11. თითოეულ სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებაში პროფილის მიხედვით, ნაწილობრივ კი კვების ბლოკის ორგანიზაციის სისტემის, ტექნიკური აღჭურვილობისა და შრომის პირობების მიხედვით, დგება ძირითადი დიეტების რაოდენობა და ნომენკლატურა. დღევანდლამდე ჩვენთან გამოიყენებოდა რუსეთის კვების ინსტიტუტის სამკურნალო კვების კლინიკაში შემუშავებული და პევზნერის მიერ მოწოდებული ნომენკლატურული სისტემით დანომრილი დიეტები. ზოგიერთ დიეტას (№1,4,5 და სხვ.) რამდენიმე ვარიანტი გააჩნდა და აღინიშნებოდა რუსული ანბანით, რომელიც ემატებოდა ძირითადი დიეტის ნომერს. საზოგადოდ მიღებულ 15 დიეტასთან ერთად ფართოდ გამოიყენება სპეციალური, კონტრასტული დიეტები და კონტრასტული დღეები, რომელთაც დიდი მნიშვნელობა აქვს დიეტოთერაპიაში.
12. დიეტების უმრავლესობა ავადმყოფს ხანგრძლივი დროით ენიშნებათ. დღემდე გამოყენებულ დიეტებში ძირითადად შესულია რუსული სამზარეულოს კერძები, რომელნიც თავისი საგემოვნო თვისებებით უცხოა ჩვენი ავადმყოფისათვის და ხშირად უარყოფითად მოქმედებს მის მადასა და განწყობაზე. ამ გარემოებიდან გამომდინარე, წინამდებარე დოკუმენტში შეტანილია იმ ქართული კერძების მომზადების ტექნოლოგია, რეცეპტურა, ქიმიური შემადგენლობა, ენერგეტიკული ღირებულება, რომელთა გამოყენება დიეტოთერაპიის მიზნით შესწავლილია და მიღებული შედეგები საშუალებას გვაძლევს ჩავრთოთ ისინი სამკურნალო კვების რაციონებში.
13. დიეტოთერაპიის დანიშვნისას ექიმი ვალდებულია აუხსნას ავადმყოფს დიეტის არსი, რეჟიმი და მისი ორგანიზმზე მოქმედების ხასიათი. ექიმმა ავადმყოფი უნდა გააფრთხილოს, რომ დიეტა დროებით არის რეკომენდებული, რადგან ზოგიერთ პაციენტს ეშინია ავადმყოფობის გამწვავების და დიდი ხნით ზღუდავს კვების რაციონს. ამან კი შეიძლება უფრო გაამწვაოს დაავადების მიმდინარეობა. პრაქტიკულ დიეტოლოგიაში ხშირად მიიჩნევენ, რომ დიეტური რაციონი ყველა შემთხვევაში ზოგავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, განსაკუთრებით, თუ დაზიანებულია საჭმლის მომნელებელი სისტემა. სინამდვილეში ორგანოს ან სისტემის დაზოგვა სამკურნალო კვების დროს უნდა ხდებოდეს შეთავსებით რეჟიმის პერიოდულ გაფართოებასთან, კონტრასტული დღეებისა და რაციონის ჩართვით, რომელიც გათვლილია საჭმლის მომნელებელი ჯირკვლებისა და რეადაპტიული მექანიზმების ფუნქციური უნარის გასავარჯიშებლად.
14. დიდი მნიშვნელობა აქვს კვების რეჟიმის დაცვას. სამკურნალო დაწესებულებებისათვის, როგორც მინიმუმი, დადგენილია 4-ჯერადი კვება. ავადმყოფთა ზოგიერთი ჯგუფებისათვის (კუჭის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები) აუცილებელია 5-ჯერადი კვება. მიზანშეწონილია საკვების თანაბარი განაწილება. საღამოს კვებაზე მთლიანი კალორიულობის 25-30%-ზე მეტი არ უნდა მოდიოდეს. სასურველია საკვების მიღების შემდეგი საათები: 8-9 სთ (საუზმე), 13-14 სთ (სადილი), 17-18 სთ (ვახშამი), 21 სთ (ძილის წინ).
15. რაციონის კალორიულობა უნდა განაწილდეს შემდეგნაირად: საუზმე – 30%, სადილი – 40%, ვახშამი – 20-25%, ძილის წინ დანიშნული კერძის კალორიულობა 5-10%-ს უნდა შეადგენდეს. შესვენებები საკვების მიღებებს შორის 4 სთ-ს არ უნდა აღემატებოდეს. 4-ჯერადი კვების დროს ბოლო კვება ინიშნება 21 სთ-ზე, 5-ჯერადი კვებისას ემატება მეორე საუზმე, 6-ჯერადი კვებისას ემატება მეორე საუზმე (11 სთ-ზე) და სამხარი (17 სთ-ზე). ამ საკვების კალორიულობა დიდი არ უნდა იყოს. ხშირად ესენია: ხილი, ასკილის ნახარში, ხილის წვენი, ბოსტნეულის სალათები და თეთრი პურის ორცხობილა. პირველი თავი კერძის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეეს 600C, ხოლო მეორის 550C–ს.
16. აუცილებელია კერძების საგემოვნო თვისებების შენარჩუნება. ავადმყოფის გემოვნების დაკმაყოფილება აუცილებელი პირობაა წარმატებული მკურნალობისათვის, რადგან მათ უმრავლესობას მადა დაქვეითებული აქვს. განსაკუთრებით ეს ეხება ჰიპონატრიუმიან დიეტებს (№№7 და მისი ვარიანტები, 10ა და სხვ.), როდესაც საგემოვნო თვისებების გასაძლიერებლად და უგემური საკვების უსიამოვნო შეგრძნების ასაცილებლად საჭიროა სანელებლების, მწვანილების, თეთრი ძირების, ბოსტნეულისა და მჟავე ხილის წვენების გამოყენება.
17. თითოეული დიეტის კალორიულობისა და ქიმიური შედგენილობის საფუძველზე დგინდება პროდუქტების ნორმები, რაც აუცილებელია მრავალფეროვანი და ბიოლოგიურად სრულფასოვანი რაციონის უზრუნველსაყოფად. ამ მიზნით თითოეული დიეტისათვის დგება 7-დღიანი მენიუ, იანგარიშება მთლიანი მოთხოვნილება პროდუქტებზე და გამოჰყავთ საშუალო დღიური ნორმა. პროდუქტების ნორმა და ნაკრები დგება სეზონების მიხედვით, ე. ი. ზამთარ-გაზაფხულისა და ზაფხულ-შემოდგომის პერიოდისათვის.
18. დღეისათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით, ერთ ავადმყოფზე დღეში დადგენილია პროდუქტების საშუალო მოხმარების შემდეგი ნორმები (ცხრ. 1).
ცხრილი 1
ერთ ავადმყოფზე პროდუქტის საშუალო მოხმარების ნორმა (გრამებში)
პროდუქტის დასახელება
რაოდენობა
პროდუქტის დასახელება
რაოდე- ნობა
პური ჭვავის
150
ჩაი
1
პური ხორბლის
250
ყავა
1
ფქვილი ხორბლის
25
ხორცი (ფრინველი)
125
ფქვილი კარტოფილის
8
თევზი
100
ბურღულეული და მაკარონის ნაწარმი
100
მარილი
10
კარტოფილი
400
ყველი
10
ბოსტნეული, მწვანილი
400
რძე, მაწონი
365
ხილი ახალი
15
ხაჭო უცხიმო
17
ხილი ხმელი
15
არაჟანი
11
შაქარი
70
კარაქი
40
ზეთი
16
კვერცხი (ცალი)
0,4
თავი II. სამკურნალო კვების ორგანიზაც